სქესთა ბრძოლა პეკინში: ნა ლიმ ნოვაკ ჯოკოვიჩი დაამარცხა

AutoSharing Option
პეკინში გაიმართა საქველმოქმედო შეხვედრა ნოვაკ ჯოკოვიჩსა და ნა ლი შორის, რომელიც ჩინეთის დედაქალაქის საჩოგბურთო ტურნირის 10 წლისთავს მიეძღვნა.

პეკინის ტურნირის ორგანიზატორებმა მილიონობით გულშემატკივარს აუსრულეს სურვილი - საჩოგბურთო კორტზე სქესთა ბრძოლა მოაწყვეს. ასეთი რამ ადრეც არაერთხელ მომხდარა და თითქმის ყოველთვის მამაკაცები სასტიკად ამარცხებდნენ ქალებს (ამის შესახებ "ლელომ" თავის ერთ-ერთ ნომერში მოგიყვათ), მაგრამ ამჯერად ყველაფერი პირიქით მოხდა.

კორტზე ერთმანეთის პირისპირ გავიდნენ ნოვაკ ჯოკოვიჩი და ნა ლი. ამ საგამოფენო მატჩის მომწყობებმა ბევრი იფიქრეს შეხვედრის რეგლამენტზე. მაგალითად, გულშემატკივრები მათ სთავაზობდნენ, სერბისთვის მეორე მოწოდების უფლება
წაერთმიათ, ხოლო ლის საშუალება ჰქონოდა, წყვილთა თამაშის "დერეფანში" მოეხვედრებინა ბურთი.

თუმცა მასპინძელს ასეთი უპირატესობა არ მისცეს. ჩინელის მთავარი უპირატესობა შემდეგი იყო: ის ყოველ გეიმს 30:0-ით იწყებდა. მოილაპარაკეს, რომ მეტოქეები ერთ სეტს ითამაშებდნენ სამი გეიმის მოგებამდე, თანაბარი ანგარიშის შემთხვევაში კი ტაი-ბრეიკი გაიმართებოდა. თამაში მხოლოდ 15 წუთი გაგრძელდა, მაგრამ მან 12 ათასი მაყურებელი შეკრიბა.

პირველი მოწოდების უფლება ლის ჰქონდა და უნდა ითქვას, რომ ჩინელი იმ დღეს შესანიშნავად ასრულებდა მოწოდებებს. მან რამდენიმე ეისიც ჩააწოდა და რეგლამენტის მიხედვით, თითოეულისთვის 6178 დოლარს იღებდა, რაც პირდაპირ საქველმოქმედო ფონდში იგზავნებოდა, როგორც მთლიანად ამ მატჩისგან მიღებული შემოსავალი. ჩინელს ჯოკოვიჩიც ეხმარებოდა თავისი შეცდომებით.

საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ ნოვაკი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ნა ლისთვის შანსი დაეტოვებინა, თუმცა ხანდახან ივიწყებდა, რომ მის წინ სუსტი სქესის წარმომადგენელი იყო და ჩვეულ მძლავრ თამაშს აჩვენებდა. ლიმ აიღო თავის მოწოდებაზე სამივე გეიმი; თავის მხრივ, ჯოკოვიჩმა საკუთარ მოწოდებებზე იმარჯვა.

ორგანიზატორებს ბოლომდე მოფიქრებული არ ჰქონდათ რეგლამენტი, რადგან არ იცოდნენ, როგორ ჩაეტარებინათ ტაი-ბრეიკი. საბოლოოდ, ნოვაკს შესთავაზეს ტაი-ბრეიკის თამაში ხუთ ქულამდე, გეიმს კი სტარტი 3:0-დან უნდა აეღო, რა თქმა უნდა, ნა ლის სასარგებლოდ.

ჩინელმა თავის თავს ვაჭრობის უფლება მისცა და უბრძოლველად კიდევ ერთი ქულა გამოსტყუა ჯოკოვიჩს. შესაბამისად, საბოლოო გამარჯვებისთვის ჩინელს მხოლოდ ერთი გათამაშების მოგება სჭირდებოდა. ჯოკოვიჩმა კონცენტრაცია მოახდინა და რამდენიმე კარგი შეტევის წყალობით სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა - 3:4.

დადგა ნა ლის მოწოდების ჯერი და მან კვლავ კარგად ჩააწოდა. ნოვაკი მიხვდა, რომ ზუსტად ამ დარტყმის მოგერიებას ვერ შეძლებდა და მეტოქეს კიდევ ერთი ეისის შესრულების საშუალება მისცა. ნა ლიმ ორი ქულის სხვაობით მოიგო ტაი-ბრეიკი.

რაფაელ ნადალს ნახევარფინალი სჭირდება
ესპანელ რაფაელ ნადალს შეუძლია, პეკინის მასტერსის მსვლელობისას მოიპოვოს პირველი ადგილი ATP-ის რეიტინგში. ამ ტურნირმა 30 სექტემბერს აიღო სტარტი ჩინეთის დედაქალაქში.

კლასიფიკაციაში ლიდერობის დასაბრუნებლად ნადალს ამ მასტერსზე ნახევარფინალში გასვლა ეყოფა. ამ შემთხვევაში, რაფაელი 180 ქულას მიიღებს და მისთვის მნიშვნელობა არ ექნება - მოიგებს თუ არა ტურნირს ამჟამინდელი პირველი ნომერი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ეს უკანასკნელი პეკინში ტიტულს იცავს და აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს იმისთვის, რათა ლიდერობის შენარჩუნების შანსი დაიტოვოს. თუ ის ვერ შეძლებს შარშანდელი შედეგის გამეორებას, ნადალი ავტომატურად გახდება რეიტინგის პირველი ნომერი.

ათეულში ცვლილებებია
გასულ კვირას ჩატარებული ტურნირების შემდეგ ATP-ისა და WTA-ს ახალ რეიტინგებში ცვლილებები მოხდა TOP10-ის შემადგენლობაში.

ბანგკოკის ტურნირის ფინალში გასვლით, ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა ATP-ის კლასიფიკაციაში მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა. გადამწყვეტ მატჩში ბერდიხი დამარცხდა მილოშ რაონიჩთან. მიუხედავად ამისა, მაინც გაუსწრო როჯერ ფედერერს. ახლა შვეიცარიელი მსოფლიოს მეექვსე ნომერია.

პორტუგალიელმა ჟოაო სოუზამ, რომელმაც მალაიზიის ტურნირზე მოიპოვა მთავარი პრიზი, 26 საფეხურით აიწია ზემოთ და 51-ე ნომერი გახდა.

* * *
ტოკიოს ტურნირის ფინალში გერმანელი ანჟელიკ კერბერის დამარცხების შემდეგ ჩეხმა პეტრა კვიტოვამ ერთბაშად ოთხი საფეხური მოიგო და WTA-ს რეიტინგის მეშვიდე პოზიციაზე გადაინაცვლა.

ლიდერი კვლავინდებურად ამერიკელი სერენა უილიამსია. ფრანგი მარიონ ბარტოლი მეათე ადგილზე ჩამოქვეითდა, რაც გასაკვირი არ არის – მან ზაფხულში ოფიციალურად დაასრულა კარიერა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტოკიოში ცაციების ბრძოლა პეტრა კვიტოვამ მოიგო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული