თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ ამით ფინალმა პრინციპულობა და ინტრიგა დაკარგა. ნადალს ჰარდზე ზედიზედ 26 მატჩი ჰქონდა მოგებული და ამ სერიის შენარჩუნებაზე უნდა ეფიქრა; თავის მხრივ, ჯოკოვიჩი ლამობდა რაფასთან ურთიერთშეხვედრათა სტატისტიკის გამოსწორებას: ეს იყო ამ ჩოგბურთელთა 38-ე მატჩი და
ტურნირის მსვლელობისას ნოვაკი უფრო დამაჯერებლად გამოიყურებოდა და მხოლოდ ერთ მატჩში გაუჭირდა, როცა სეტი დათმო ფერნანდო ვერდასკოს წინააღმდეგ. ნადალს კი, ფაქტობრივად, წაგებული ჰქონდა მეოთხედფინალი ფაბიო ფონინისთან, მაგრამ 2:6, 1:4-დან გადაარჩინა შეხვედრა. სამაგიეროდ, რაფამ ნახევარფინალში დაისვენა, როცა ტომაშ ბერდიხმა, 2:4-ის შემდეგ, პირველ სეტში მიატოვა თამაში.
ფინალში სერბმა უკეთესი მზადყოფნა პირველივე გეიმებში გამოამჟღავნა. ის დამაჯერებლად გამოიყურებოდა უკანა ხაზზე, ღრმად გზავნიდა ბურთებს კორტზე და თითქმის არ ცდებოდა. ნადალს კი შეცდომები მრავლად ჰქონდა. საბოლოოდ, რაფაელმა ძალიან მალე დათმო თავისი მოწოდება და ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ნოვაკს პირველი სეტი მოეგო.
საინტერესოა, რომ მთელი პარტიის განმავლობაში ნადალმა მხოლოდ ორი ქულა მოიგო მიღებაზე. ჯოკოვიჩმა თითქმის იდეალური სეტი ჩაატარა საკუთარ მოწოდებაზე თამაშის მხრივ.
მეორე სეტში ნადალი ეძებდა რესურსს თამაშის მომატებისთვის, მაგრამ ნოვაკი ყველაფრისთვის მზად იყო. სერბმა ისევ ნაადრევი ბრეიკი გააკეთა და ისღა რჩებოდა, რომ საკუთარი გეიმები შეენარჩუნებინა. სეტის შუაში იყო მომენტი, როცა რაფამ დროებით ჩამოართვა ინიციატივა მეტოქეს. ორჯერ ჯოკოვიჩის მოწოდებაზე ბრძოლა შედგა.
მნიშვნელოვან მომენტებში რაფაელი ცდილობდა თამაშის თავის თავზე აღებას, მაგრამ შეცდომებს უშვებდა. სერბმა მატჩზე ჩასაწოდებელი გეიმი ეისით დაასრულა - 6:3, 6:4. ნადალმა ისევ დაამთავრა მატჩი, რომ არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ ჰქონია. ბოლოს ასე დამაჯერებლად ჯოკოვიჩმა 2009 წელს დაამარცხა ესპანელი.
ნადალმა, მარცხის მიუხედავად, დაიმსახურა რეიტინგში ლიდერობა. ამ მომენტისთვის ის ჯოკოვიჩზე უარესად იყო მომზადებული, თუმცა სეზონის დიდი ნაწილი სერბზე უკეთ გამოიყურებოდა და 2013 წლის გმირი სწორედ რაფა გახლავთ.
China Open
1/2-ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 4) 4:2 უარი; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რიშარ გასკე (საფ, 5) 6:4, 6:2.
ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2) 6:3, 6:4.
დელ პოტროს ტრიუმფალური დაბრუნება
გასულ კვირას ჩოგბურთის მოყვარულთა ყურადღება, რა თქმა უნდა, პეკინის ტურნირისკენ იყო მიმართული, მაგრამ ასევე საინტერესო შეჯიბრებას უმასპინძლა იაპონიის დედაქალაქმა ტოკიომ. ტურნირის ორგანიზატორები დააღალატა ენდი მარეიმ, რომელმაც ზურგის ტრავმის გამო უარი თქვა იაპონიაში ჩასვლაზე.
ბრიტანელის ერთგვარი შემცვლელი გახდა ხუან მარტინ დელ პოტრო, რომელიც ბოლო მომენტში, უაილდ-ქარდის წყალობით მოხვდა ძირითად ბადეში.
დელ პოტროს გარდა, ტოკიოში ტოპ-ათეულის ერთადერთი წევრი ვიხილეთ კორტზე – ჟო-ვილფრიდ ცონგა, თუმცა ის თითქმის სამი თვეა არ თამაშობდა და შორს არის ოპტიმალური ფორმისგან. მართალია, პირველ წრეში მან თანამემამულე გაელ მონფილსი დაამარცხა, მაგრამ მეორე რაუნდში ორ სეტში წააგო ივან დოდიგთან – 4:6, 6:7(5).
სატურნირო ბადე ყველაზე დამაჯერებლად მილოშ რაონიჩმა გაიარა - ფინალამდე ის ყველა მოწინააღმდეგეს იოლად გაუსწორდა და არც ერთი თავისი გეიმი არ წააგო. უფრო მეტიც, ბრეიკ-პოინტი მხოლოდ ერთ მეტოქეს ჰქონდა - ივან დოდიგს, რომელსაც კანადელმა ნახევარფინალში მოუგო.
მეორე ფინალისტის, დელ პოტროს გზა უფრო რთული აღმოჩნდა. არგენტინელი პირველ ტურნირს ატარებდა აშშ-ის ღიას მეორე წრეში წაგების შემდეგ. სასტარტო მატჩში მან პირველი პარტია წააგო მარკოს ბაღდატისთან, მაგრამ შემდეგ შეძლო გარდატეხის შეტანა.
სამი დღის შემდეგ, მეოთხედფინალში დელ პოტროს სერიოზული წინააღმდეგობა შეხვდა ალექსანდრ დოლგოპოლოვისგან და ისევ წააგო პირველი პარტია, ნახევარფინალში კი ორ ტაი-ბრეიკში აჯობა ნიკოლას ალმაგროს.
ფინალში ბრძოლა თანაბარი და დაძაბული გამოვიდა, თუმცა ეს მოსალოდნელი იყო მეტოქეთა თითქმის ერთნაირი სტილის გათვალისწინებით. ორივე კარგად აწვდის, შეუძლია უკანა ხაზიდან ძლიერი დარტყმების განხორციელება, თუმცა კანადელი უფრო კარგად გრძნობს თავს ბადესთან.
პირველ სეტში მილოში ახლოს იყო მიზანთან. პარტიის შუაში ორჯერ გამართა სერიოზული ბრძოლა მიღებაზე და ტაი-ბრეიკზეც დაწინაურდა მეტოქის ორმაგი შეცდომით. თუმცა დელ პოტრომ მალე აღადგინა თანაფარდობა, ბოლოს კი კანადელისთვის ფატალური აღმოჩნდა ორმაგი შეცდომა.
მეორე პარტიის დიდი ნაწილი რაონიჩი ხუან მარტინზე უკეთ აწვდიდა, მაგრამ ბრეიკ-პოინტებამდე ვერ მიაღწია. სამაგიეროდ, დელ პოტრომ სეტის ბოლო გეიმში, მოულოდნელად, სამი ბრეიკ-პოინტი მოიპოვა და მესამე ცდიდან აიღო მეტოქის მოწოდება, რის შემდეგაც დამაჯერებლად ჩააწოდა მატჩზე.
საინტერესოა, რომ ორივე პარტიაში ჩოგბურთელებმა ქულების ერთნაირი რაოდენობა მოიგეს, მაგრამ გადამწყვეტი გათამაშებები არგენტინელს დარჩა.
დელ პოტროსთვის ეს იყო სეზონში მესამე და კარიერაში მე-16 ტიტული, მომდევნო კვირას კი ის სხვა უძლიერეს მოთამაშეებთან ერთად ჩაებმება შანხაის მასტერსში. ტოპ-ათეულის წევრებიდან იქ მხოლოდ ენდი მარეის ვერ ვიხილავთ.
Japan Open
ფინალი
ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 1)-მილოშ რაონიჩი (კან, 3) 7:6(5), 7:5.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
რაფაელ ნადალი გადარჩა და პირველ ადგილს მიუახლოვდა