დავიდ ფერერიც ლონდონში მიდის

AutoSharing Option
გაირკვა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის კიდევ ერთი მონაწილე. ეს გახლავთ მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი, ესპანელი დავიდ ფერერი.

"ჩემთვის ძალიან საამაყოა, რომ კარიერაში მეხუთედ მოვიპოვე წლის შემაჯამებელ ტურნირში თამაშის უფლება. სეზონის დასაწყისში ყოველთვის არის ერთი მიზანი - ლონდონში გამგზავრება. ამიტომაც, როცა საუკეთესო რვა ჩოგბურთელს შორის ხვდები, ეს ნიშნავს, რომ წელი წარმატებული გამოდგა", - ამბობს ესპანელი ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

მიმდინარე სეზონში ფერერმა ორი ტიტული მოიგო - ოკლენდსა და ბუენოს აირესში; აგრეთვე, კარიერაში პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ფინალში. როლან გაროსის გადამწყვეტ მატჩში დავიდმა
რაფაელ ნადალთან წააგო.

საინტერესოა, რომ ამ კვირას მიმდინარე შანხაის მასტერსის შედეგების მიუხედავად, ფერერი რეიტინგში გადაასწრებს ენდი მარეის და მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახდება. შეგახსენებთ, რომ ბრიტანელი ტრავმის გამო არ თამაშობს ჩინეთის ტურნირზე.

ჯოკოვიჩი სამართალს ითხოვს
მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ხელი მოაწერა პეტიციას, რათა დაარწმუნოს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაცია სერბი ჩოგბურთელის, ვიქტორ ტროიცკის უდანაშაულობაში. შეგახსენებთ, რომ ტროიცკი 18 თვით არის დისკვალიფიცირებული დოპინგ-ტესტის დროს სისხლის ანალიზის ჩაბარებაზე უარის გამო.

ეს პეტიცია, აგრეთვე, ითვალისწინებს დოპინგ-სინჯის ჩაბარების წესის შეცვლას. ამ დოკუმენტზე ხელის მოწერას აპირებს ATP-ის რეიტინგის TOP 50-ის ყველა წევრი.

"ყველაფერი, რაც ახლა ტროიცკის თავს ხდება, უდიდესი უსამართლობაა, - ამბობს სერბული ჩოგბურთის ლიდერი. - მე ის უდანაშაულოდ მიმაჩნია, რადგან არ გამოუჭერიათ დადებით დოპინგ-სინჯში. მას იმაში ადანაშაულებენ, რომ საჭირო დღეს ვერ შეძლო სისხლის ანალიზის ჩაბარება.

მე მას რვა წლის ასაკიდან ვიცნობ და ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. მცირე ეჭვიც არ მეპარება მის უდანაშაულობაში. იმედია, სიტუაცია მის სასარგებლოდ გადაწყდება და ტროიცკის თამაშის საშუალება მიეცემა. სულ მალე ველოდებით მას გუნდთან ერთად დევისის თასის ფინალში"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
წლეულს მარია შარაპოვას კორტზე ვერ ვნახავთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული