თბილისელი მარგალიტა ჩახნაშვილი შეჯიბრებაში საკვალიფიკაციო ეტაპიდან ჩაება. ჩვენებურმა ზედიზედ სძლია ორნელა კარონს (არგენტინა) - 6:4, 6:3, ელეონორა მინდიაროვას (რუსეთი) - 6:1, 6:3 და ძირითად ბადეში გავიდა, სადაც 8 ოქტომბერს ტურნირზე "უაილდ ქარდით" მიწვეულ მასპინძელს, ანდრეა ლაზარო გარსიას დაუპირისპირდა.
დაძაბულ პაექრობაში მაკამ აქაც იყოჩაღა და ორ სეტში ჩამოიშორა მეტოქე - 7:6, 7:5. მერვედფინალში იგი ესპანელ არანჩა რუსს შეხვდება. ამ უკანასკნელმა ანასტასია რუდაკოვას (რუსეთი) აჯობა - 6:2, 6:3.
ანტალიის 10.000-იან ტურნირში მონაწილეობენ ეკატერინე გორგოძე (ერთეულებში მე-8 ნომრადაა განთესილი და პირველ წრეში ესტონელ ანელი პოკრასს შეხვდება) და სოფიო ქვაცაბაია (კვალიფიკაციიდან აღზევებული ბელორუს ირინა შიმანოვიჩთან გაარკვევს ურთიერთობას).
სოფიომ 8 ოქტომბერს წყვილებში იასპარეზა თურქ ესენ კოკჩესთან ერთად და ორ სეტში დამარცხდა მე-4 ნომრად განთესილ მარტინა კუბიჩიკოვას (ჩეხეთი) და ბარბარა სობასკიევიჩის (პოლონეთი) დუეტთან - 4:6, 1:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"