რაფაელ ნადალი დანებდა

AutoSharing Option
ესპანელმა რაფაელ ნადალმა, რომელსაც ამ სეზონში ჰარდზე 28-დან 27 მატჩი აქვს მოგებული, კომენტარი გაუკეთა თავის მრავალწლიან მცდელობას - სასიკეთო გავლენა მოეხდინა ATP-ის კალენდარზე. როგორც იცით, ნადალი მიიჩნევს, რომ არც ისე კორექტულად არის გადანაწილებული ტურნირების რაოდენობა კორტების სხვადასხვა საფარზე.

"მრავალი წლის განმავლობაში ვცდილობდი შემეცვალა სისტემა, მაგრამ ვერ შევძელი. ახლა მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან მომბეზრდა. ვტოვებ საჩოგბურთო პოლიტიკას, თუ შეიძლება ასე ითქვას.

მივხვდი, რომ მსოფლიოს ჩოგბურთის ხელმძღვანელობას არ აინტერესებს ტურნირების კალენდარში ცვლილებები. მათ ყველაფერი აწყობთ, მე კი დავიღალე უაზრო ბრძოლით"
, -
ამბობს ესპანელი.

მთავარი მიზანი, რის მიღწევასაც ნადალი ცდილობდა, საჩოგბურთო სეზონის შემცირება იყო; აგრეთვე, ტურნირების რაოდენობის გაზრდა გრუნტის საფარზე, რომელზეც ჩოგბურთელებს ნაკლები დატვირთვა აქვთ, ვიდრე ჰარდზე.

"ამას იმიტომ ვამბობ, რომ მიმაჩნია - სამართლიანები ვიქნებით მომავალი თაობის ჩოგბურთელების წინაშე, თუ მათ სხეულისთვის უფრო მოსახერხებელ საფარზე მეტი თამაშის საშუალებას მივცემთ. ეს იმისთვის, რომ ამ მოთამაშეებმა გაიხანგრძლივონ თავიანთი კარიერა და შეინარჩუნონ ჯანმრთელობა მისი დასრულების შემდეგ – იმას, რასაც მე, სავარაუდოდ, ვერ მოვახერხებ".

მარია საჩვენებლებით მოემზადება
როგორც გუშინდელ ნომერში ვწერდით, რუსმა მარია შარაპოვამ უარი თქვა წლის შემაჯამებელ ტურნირში გამოსვლაზე და ნაადრევად დაასრულა სეზონი.

"თქვენ უკვე იცით, რომ მონაწილეობას ვერ მივიღებ სტამბულში წლის შემაჯამებელ ტურნირზე, მაგრამ კარგი ამბებიც მაქვს: ჩემი მხრის მდგომარეობა ბოლო კვირის განმავლობაში გაუმჯობესდა და შემიძლია აღდგენითი მუშაობა დავიწყო იქამდე, სანამ ისევ დავბრუნდები კორტზე. ადრე დავიწყებ მომზადებას სეზონისთვის და ამისთვის გამოვიყენებ საჩვენებელ შეხვედრებს ბოგოტაში, მეხიკოსა და ტაილანდში. ეს მატჩები დეკემბერშია დაგეგმილი", - დაწერა თავის Facebook-ზე შარაპოვამ.

გარდა ამისა, გაირკვა, რომ მარია ნოემბრის ბოლოს დაასახელებს ახალი მწვრთნელის ვინაობას. შეგახსენებთ, რომ ივლისში შარაპოვამ გაწყვიტა ურთიერთობა ტომას ჰოგსტედტთან და ლეგენდარული ამერიკელი ჯიმი კონორსი დაიქირავა, თუმცა მასთან ერთ კვირაზე მეტი ვერ იმუშავა.

ენდი მარეი: საბოლოო უარი ლონდონს
ბრიტანელმა ენდი მარეიმ საბოლოოდ დაადასტურა, რომ ვერ შეძლებს მონაწილეობის მიღებას ATP-ის წლის შემაჯამებელ ტურნირში, რომელიც 4-11 ნოემბერს ლონდონში გაიმართება. უიმბლდონის ჩემპიონი ვერ ასწრებს ზურგზე გადატანილი ოპერაციის შემდეგ მწყობრში ჩადგომას.

"იმედგაცრუებული ვარ, რომ წელს ვერ შევძლებ ლონდონში თამაშს. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, გაისად მაინც გამოვიდე საკუთარი პუბლიკის წინაშე", - მოჰყავს მარეის სიტყვები ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდს.

წლის შემაჯამებელ ტურნირზე თამაში გარანტირებული აქვთ რაფაელ ნადალს, ნოვაკ ჯოკოვიჩსა და დავიდ ფერერს. დარჩენილ ხუთ ვაკანსიაზე ყველაზე რეალური კანდიდატები არიან: როჯერ ფედერერი, სტანისლას ვავრინკა, ხუან მარტინ დელ პოტრო, ტომაშ ბერდიხი და რიშარ გასკე.

ჰოპმანის თასი დაკომპლექტდა
შერეულ წყვილებს შორის მსოფლიოს არაოფიციალური ჩემპიონატის - ჰოპმანის თასის ორგანიზატორებმა 9 ოქტომბერს გამოაქვეყნეს მონაწილეთა სრული სია. ტრადიციულად, ტურნირში მონაწილეობას მიიღებს რვა გუნდი, რომლებიც ორ ჯგუფად არიან დაყოფილნი:

A ჯგუფი
ავსტრალია: ბერნარდ ტომიჩი, სამანტა სტოსური
კანადა: მილოშ რაონიჩი, ეჟენი ბუშარი
იტალია: ანდრეას სეპი, ფლავია პენეტა
პოლონეთი: იეჟი იანოვიჩი, აგნიეშკა რადვანსკა

B ჯგუფი
ჩეხეთი: რადეკ შტეპანეკი, პეტრა კვიტოვა
საფრანგეთი: ჟო-ვილფრიდ ცონგა, აალიზ კორნე
ესპანეთი: ტომი რობრედო, ანაბელ მედინა გარიგესი
აშშ: ჯონ ისნერი, სლოუნ სტივენსი
ტურნირი ავსტრალიის ქალაქ პერტში 28 დეკემბერს დაიწყება და 4 იანვარს დასრულდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დავიდ ფერერიც ლონდონში მიდის
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული