ისევ ნადალი-ჯოკოვიჩი გველოდება?

AutoSharing Option
შანხაის მასტერსზე გუშინ მეოთხედფინალების დღე იყო. ცენტრალურ მატჩში ერთმანეთს ხვდებოდნენ რაფაელ ნადალი და სტანისლას ვავრინკა. ეს იყო ერთადერთი მეოთხედფინალი, რომელშიც რეიტინგის პირველი ათეულის წევრები თამაშობდნენ. შვეიცარიელმა ორშაბათს თავის რეკორდს მიაღწია - მერვე ჩოგანი გახდა, მაგრამ მას არასოდეს გამოსდიოდა ნადალთან თამაში - წააგო ათიდან ათი მატჩი ისე, რომ ერთი სეტიც ვერ მოიგო.

მატჩის პირველ სეტში ვავრინკამ კარგად ითამაშა და ძალიან ახლოს იყო მოგებასთან. მას სამი სეტბოლი ჰქონდა, აქედან ერთხელ ტაი-ბრეიკის დროს საკუთარ მოწოდებაზე, მაგრამ ნადალმა სამივე საფრთხე მოიგერია, თავად კი მეოთხე
სეტბოლზე აიღო სეტი.

მეორე პარტიის პირველ გეიმში ვავრინკამ ორმაგი ბრეიკ-პოინტი გაუშვა ხელიდან, შემდეგ კი პირველად წააგო მატჩში საკუთარი მოწოდება. შვეიცარიელი გონს გვიან მოეგო და 0:5-ზე აიღო პირველი და ერთადერთი გეიმი - 6:7(10), 1:6.

უფრო ადრე კორტზე გავიდნენ ნოვაკ ჯოკოვიჩი და გაელ მონფილსი, რომელმაც წინა დღეს როჯერ ფედერერი დაამარცხა. ეს იყო მათი რიგით მეათე მატჩი. წინა ცხრა შეხვედრა სერბს ჰქონდა მოგებული.

მატჩი მოულოდნელად ოთხი ბრეიკით დაიწყო, თუმცა შემდეგ, თანდათან დაუბრუნდა ჩვეულ კალაპოტს. სეტის ნაადრევად მოგების შანსი ორივეს ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი ტაი-ბრეიკამდე მივიდა. იქ ერთ-ერთ ეპიზოდში ჯოკოვიჩი მსაჯს შეეკამათა, კონცენტრაცია დაკარგა და მეტოქეს მინიბრეიკი მისცა, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა.

მეორე სეტში სერბმა მაშინვე წაიყვანა ანგარიში ბრეიკით და თამაშითაც უკეთ გამოიყურებოდა. მონფილსს კი პრობლემები შეექმნა, რადგან სამედიცინო ტაიმ-აუტი მოითხოვა. მან თითქმის უბრძოლველად დათმო მეორე სეტი, სამაგიეროდ, მესამეში ისევ დაიწყო ბრძოლა, დიდი ხანი თანაბარი თამაში მიდიოდა, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში მოწოდებამ უღალატა - 7:6(4), 2:6, 4:6.

ფედერერი მაინც ოპტიმისტია
ხუთშაბათს, მონფილსთან წაგების შემდეგ, ფედერერმა კომენტარი გაუკეთა წლის შემაჯამებელ ტურნირზე მოხვედრის პერსპექტივას.

"მაინც მიმაჩნია, რომ სწორ გზას ვადგავარ. ჩემთვის მნიშვნელოვანია კარგად ჩავატარო ბაზელისა და პარიზის ტურნირები. და თუ ლონდონის საგზურს მოვიპოვებ, სიხარულით ვითამაშებ იქაურ ტურნირზე.

პრობლემებმა, რომელსაც ამ სეზონში განვიცდიდი, დაარღვია ჩემი საწვრთნელი რეჟიმი. რამდენიმე კვირა ვარჯიში მჭირდება, თან დღეში მინიმუმ სამი საათი - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. უვარჯიშებლობის გამო ვაგებ ტურნირებს ნაადრევ ეტაპებზე.

მე ჯერ კიდევ მაქვს წლის კარგად დასრულების შანსი. დიახ, დრო ცოტა დარჩა, მაგრამ თუ ლონდონში თამაშის უფლებას მოვიპოვებ, იქ მექნება წარმატების მიღწევის კიდევ ერთი შესაძლებლობა. ჩვეულებრივ, დარბაზებში კარგად ვთამაშობ. იმედია, წელსაც ასე იქნება.

მე ხომ კარგ ჩოგბურთელებთან ვაგებ. და საკმაოდ მაღალი დონის თამაშსაც ვაჩვენებ. თუ სწორად ვითამაშებ, სწორი მიმართულებით ვიმოძრავებ, დავიბრუნებ იმ თამაშს, რომელიც დღეს არ მაქვს.

ძალიან მნიშვნელოვანია თავიდან ავიცილო დეპრესია ამ წაგებების გამო. უბრალოდ უნდა გავაგრძელო მუშაობა. ცხადია, რომ ტოპ-ოთხეულის დატოვების შემდეგ, რთული სატურნირო ბადე მხვდება. მაგრამ ეს ნორმალურია... ჩემთვის უბრალოდ მნიშვნელოვანია სიამოვნება მივიღო იმისგან, რასაც ვაკეთებ",
- მოჰყავს ჩოგბურთელის სიტყვები ATP-ის ოფიციალურ ვებგვერდს.

საინტერესოა, რომ იმ ჩოგბურთელთა საშუალო რეიტინგი, რომლებმაც წელს როჯერ ფედერერის დამარცხება შეძლეს, 33-ს შეადგენს, - იტყობინება კომენტატორი ნიკ ლესტერი შანხაის მასტერსზე შვეიცარიელის გაელ მონფილსთან წაგების შემდეგ.

შედარებისთვის, გასულ სეზონში, რომელიც ფედერერმა მეორე ნომრად დაასრულა, ის აგებდა მეტოქეებთან საშუალო 16 რეიტინგით, ორი წლის წინ კი ეს მაჩვენებელი შვიდს შეადგენდა.

1/4 ფინალი
ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 7)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:2, 6:3; ხუან მარტინ დელ პოტრო (არგ, 6)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 15) 6:3, 6:3; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-გაელ მონფილსი (საფ) 6:7(4), 6:2, 6:4; რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 8) 7:6(10), 6:1.
1/2 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-ცონგა (7); დელ პოტრო (6)-ნადალი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
როჯერ ფედერერს ლონდონი გვერდზე რჩება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული