დღის პროგრამა გახსნეს ე. წ. თეთრი ჯგუფის ბინადრებმა - ვიქტორია აზარენკამ და სარა ერანიმ. მათ წინა შვიდ შეხვედრაში იტალიელმა მხოლოდ ერთხელ მოიგო - ხუთი წლის წინ კრემლის თასზე. ბოლო ხუთი მატჩში ბელორუსმა ორ სეტში იმარჯვა, აქედან სამში ოთხ გეიმზე მეტი არ დათმო.
თამაშის დასაწყისში ფიზიკურად უფრო კარგად ერანი გამოიყურებოდა, საერთო ჯამში კი პირველი სეტი საკმაოდ ნერვული გამოვიდა. განსაკუთრებით ბევრს
აზარენკამ გამონახა ძალები თამაშში გარდატეხის შესატანად და გაათანაბრა ანგარიში, მაგრამ მალე ისევ დაუდგა კრიტიკული მომენტი. მან 5:5-ზე საკუთარი გეიმი დათმო და იტალიელმა სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. აზარენკამ კიდევ ერთხელ მოახერხა ასეთი საფრთხის მოგერიება და თამაში ტაი-ბრეიკზე გადაიყვანა. იქაც უპირატესობა ხელიდან ხელში გადადიოდა, მაგრამ ბოლოსკენ სარა ძალიან დაიღალა, 4:5-ზე უხეში შეცდომა დაუშვა და ამას ორმაგი შეცდომაც მოაყოლა.
მეორე სეტში ინტრიგა აღარ იყო. ერანი ისეთ მდგომარეობაში ჩავარდა, რომ ექიმის დახმარებაც კი დასჭირდა. თუმცა მასაჟმა ვერ უშველა. ბოლოსკენ აპენინელი ძლივს გადაადგილდებოდა კორტზე და მატჩის ბოლო ორი გეიმი "მშრალი" ანგარიშით წააგო.
ჩოგბურთელებს 16-16 ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, აქედან აზარენკამ შვიდჯერ აიღო მეტოქის მოწოდება, ერანიმ – ხუთჯერ.
* * *
აზარენკასა და ერანის მატჩმა გამოაჩინა, რომ ბელორუსი შორის არის ოპტიმალური ფორმისგან და ასეთი თამაშით გაუჭირდება სერენა უილიამსთან ბრძოლა. ამერიკელმა პირველი ტურის მატჩი ძალიან დამაჯერებლად ჩაატარა.
სერენას მეტოქე იყო გერმანელი ანჟელიკ კერბერი, რომელიც სტამბულში იმის გამო მოხვდა, რომ ტრავმის მიზეზით ვერ ითამაშა წლის შემაჯამებელში მარია შარაპოვამ.
უილიამსი და კერბერი მეოთხედ ხვდებოდნენ ერთმანეთს. სერენა წინ იყო 2:1. შარშან მათ ასევე ითამაშეს წლის შემაჯამებელ ტურნირზე და მაშინ ამერიკელმა 6:4, 6:1 მოიგო. ახლა კი გერმანელმა ერთით ნაკლები გეიმი აიღო და უილიამსს ვერანაირი პრობლემა ვერ შეუქმნა.
სერენამ ზედიზედ სამი გეიმის მოგებით დაიწყო შეხვედრა, რის შემდეგაც სამი უნებლიე შეცდომა დაუშვა და გერმანელმა ანგარიში შეამცირა. თუმცა კერბერს მაინც მეორე ნომრად თამაში უწევდა. უილიამსს ბევრი მუშაობა არ სჭირდებოდა თავისი უპირატესობის შესანარჩუნებლად. ბოლო ორი გეიმი მან "მშრალი" ანგარიშით მოიგო. კერბერს კი თავისი თავისთვის უნდა ესაყვედურა ორმაგი ბრეიკ-პოინტის განიავებისთვის.
მეორე სეტის დასაწყისში გერმანელი მაქსიმალურად ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას და მიღებაზე წარმატების მიღწევას, მაგრამ ამერიკელი შანსს არ აძლევდა მეტოქეს თავის გეიმზე. საბოლოოდ, გერმანელმა თამაში ისე დაასრულა, რომ ოთხიდან ვერც ერთი ბრეიკ-პოინტი ვერ გამოიყენა. მეორე სეტში მან მხოლოდ ერთ გეიმში მიაღწია 40:40-მდე, მაგრამ ამის იქით საქმე არ წასულა. სადღაც სეტის შუაში კერბერმა საბოლოოდ შეწყვიტა წინააღმდეგობა და ბოლოს, ამერიკელს დამსახურებული გამარჯვება მიულოცა.
* * *
ყველაზე რთული იყო გამარჯვებულის პროგნოზირება დღის ბოლო მატჩში, რომელშიც აგნიეშკა რადვანსკა პეტრა კვიტოვას ხვდებოდა. ამ უკანასკნელს ურთიერთშეხვედრებში დადებითი ბალანსი ჰქონდა, თუმცა შარშან, სტამბულში მათი მატჩი პოლონელის სასარგებლოდ დასრულდა.
პირველივე გეიმებში გამოჩნდა, რომ რადვანსკას ძალიან გაუჭირდებოდა. მან სასტარტო გეიმში წააგო თავისი მოწოდება, შემდეგ კი სამმაგი ბრეიკ-პოინტიდან ვერ შეძლო საპასუხო ბრეიკის გაკეთება - 2:0 კვიტოვას სასარგებლოდ. პირველი პარტიის დარჩენილი ნაწილი ამგვარი სცენარით წარიმართა: რადვანსკა დიდი მონდომებით ცდილობდა საპასუხო ბრეიკის გაკეთებას, რამდენჯერმე ახლოს იყო მიზანთან, მაგრამ ყოველთვის რაღაც აკლდებოდა ანგარიშის გასათანაბრებლად. კვიტოვამ ყველა საკუთარი გეიმი აიღო და პარტია 6:4 მოიგო.
ასეთი პირველი სეტის შემდეგ თითქოს რადვანსკას საჭირო დასკვნები უნდა გამოეტანა, მაგრამ მეორე პარტიის სტარტზე ისევ წააგო თავისი გეიმი. თუმცა ამჯერად შემდეგ გეიმში შეძლო ორმაგი ბრეიკ-პოინტის მიღება და მატჩში პირველი ბრეიკის აღება.
თითქოს, ეს გარდამტეხი მომენტი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირიქით მოხდა. ძალიან დაძაბულ მესამე გეიმში ჩეხმა მესამე ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, შემდეგ კი თავისი მოწოდებაც აიღო და წინ გაიჭრა - 3:1.
ამ მომენტისთვის რადვანსკას მხოლოდ ექვსი "ვინერსი" ჰქონდა, კვიტოვას კი ოცზე მეტი. შესაბამისად, კორტზე მიმდინარე მოვლენები სავსებით ლოგიკური იყო. თანაც, უნებლიე შეცდომების რაოდენობა თითქმის თანაბარი გახლდათ. რა თქმა უნდა, პოლონელი ბევრს ცდილობდა, მაგრამ ბრეიკ-პოინტამდე ვერ მიდიოდა, 3:5-ზე კი ერთი დაფარული მატჩბოლის მოგერიება მოუწია.
5:4-ზე კვიტოვა მატჩზე აწვდიდა და საკუთარი შეცდომებით შანსი მისცა რადვანსკას. პოლონელმა ორმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო და ჩეხს უდიდესი ძალისხმევა დასჭირდა ამ საფრთხის მოსაგერიებლად. მეტოქეს არ ჩამორჩა პოლონელი და ორი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ იმ დღეს აგნიეშკას მოგება არ ეწერა და ახლა ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი - ჯგუფში სერენა უილიამსის დამარცხება დასჭირდება ნახევარფინალში გასასვლელად.
თეთრი ჯგუფი
ვიქტორია აზარენკა (ბლრ)-სარა ერანი (იტა) 7:6(4), 6:2.
წითელი ჯგუფი
სერენა უილიამსი (აშშ)-ანჟელიკ კერბერი (გერ) 6:3, 6:1; პეტრა კვიტოვა (ჩეხ)-აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 6:4, 6:4.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
WTA-ს წლის შემაჯამებელი ტურნირი აზარენკა-ერანით იწყება