მარტინა ჰინგისი პოლიციამ დაკითხა

AutoSharing Option
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი შვიცის კანტონის (შვეიცარია) პოლიციამ დაკითხა. ყოფილი ჩოგბურთელი პოლიციაში თავისი ყოფილი მეუღლის, ტიბო უტენის ცემის საქმესთან დაკავშირებით იყო დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ უტენმა 23 სექტემბერს შეიტანა სარჩელი სასამართლოში. ის ამტკიცებს, რომ მარტინა, მისი დედა მელანი მოლიტორი და დედის ბოიფრენდი მარიო ვიდმერი მის სახლში შეიჭრნენ. ტიბოს თქმით, ჰინგისი და მოლიტორი მას ხელებით სცემდნენ, იმ დროს, როცა ვიდმერმა სახლის პატრონს თავში DVD-ფლეერი ჩაარტყა.

შვეიცარიული პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტის გამოძიების გაგრძელებაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

დოკიჩი ისევ ბრუნდება
სკანდალურად ცნობილი ავსტრალიელი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი მეოთხე ჩოგანი ელენა დოკიჩი 2013 წლის ბოლოს კარიერის განახლებას აპირებს. 30 წლის ავსტრალიელი კორტზე 2012 წლის აპრილის შემდეგ არ გასულა, რისი მიზეზიც იყო მაჯის ტრავმა. დოკიჩი მაშინ დარწმუნებული იყო, რომ ვერასოდეს შეძლებდა ჩოგბურთის თამაშს.

ელენამ უკვე დაიწყო ვარჯიში მელბურნის ეროვნულ საჩოგბურთო ცენტრში და იქ ტოდ ვუდბრიჯთან ერთად მუშაობს. 2000 წლის უიმბლდონის ნახევარფინალისტს იმედი აქვს, რომ ავსტრალიის ღია პირველობის ეროვნულ შესარჩევ ტურნირზე სპეციალურ მიწვევას მიიღებს. ეს ტურნირი 2013 წლის დეკემბერში გაიმართება.

"მე ამით მთელი ცხოვრება ვარ დაკავებული. მას შემდეგ, რაც ტურნირებზე ვიწყებ თამაშს, აღდგენა ძალიან სწრაფად მიმდინარეობს. ახლა მე კმაყოფილი ვარ იმით, რომ გავიარე ის ცუდი, რაც ჩემს ცხოვრებაში ყოფილა",
- ამბობს ელენა.

დოკიჩს პროფესიულ კარიერაში ექვსი ტურნირი აქვს მოგებული. რეიტინგში ელენას საუკეთესო მიღწევა იყო მეოთხე ადგილი, რომელიც 2002 წელს მოიპოვა.

სქესთა ბრძოლა იქნება
სახელოვანი მომღერალი და კომპოზიტორი სერ ელტონ ჯონი და პლანეტის ყოფილი პირველი ჩოგანი ენდი როდიკი წყვილთა შეხვედრას ჩაატარებენ უიმბლდონის შვიდგზის ჩემპიონის, ვენუს უილიამსისა და წლევანდელი უიმბლდონის გამარჯვებულის, მარიონ ბარტოლის წინააღმდეგ. საჩვენებელი შეხვედრა, რომელმაც "სქესთა ბრძოლის" სახელწოდება მიიღო, 17 ნოემბერს, ტელეკომპანია ESPN-ის სპორტულ კომპლექსში გაიმართება.

ამგვარი შეხვედრის ჩატარების მიზანია თანხის შეგროვება ელტონ ჯონის საქველმოქმედო ფონდისთვის, რომელიც შიდსთან ბრძოლას ემსახურება.

ელტონ ჯონი ენდი როდიკის ძველი მეგობარია და მონაწილეობდა სხვადასხვა ღონისძიებაში როდიკის ფონდის მხარდასაჭერად. მომღერალი ცნობილია, როგორც ჩოგბურთის დიდი მოყვარული, რომელიც თავადაც ხშირად გადის კორტზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მარტინა ჰინგისი ყოფილი ქმრის ცემაშია ეჭვმიტანილი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული