ანა ტატიშვილმა ბრაინფელსის ტურნირში გაიმარჯვა და 70 ქულა დაიმსახურა

AutoSharing Option
ამერიკულ ნიუ ბრაინფელსში 3 ნოემბერს დამთავრდა ჩოგბურთელ ქალთა საერთაშორისო ტურნირი (საპრიზო ფონდი 50.000 დოლარი).

შეჯიბრებაში შესანიშნავად იასპარეზა თბილისელმა ანა ტატიშვილმა. შაბათს ერთეულთა ნახევარფინალში მე-6 ნომრად განთესილმა ქართველმა დაძაბულ პაექრობაში კვალიფიკაციიდან აღზევებული დანიელე ლაო (აშშ) დაამარცხა - 6:3, 6:7, 6:3.

ანა ფინალში მასპინძელ ნიკოლ გიბსის მძლეველ (7:6, 6:4) ბულგარელს - ელიზა კოსტოვას დაუპირისპირდა. პირველი ხელი ჩვენებურმა დაძაბულ პაექრობაში 6:4 მოიგო, მეორეშიც ასეთივე ანგარიშით გაიმარჯვა და მთავარ პრიზთან ერთად, 70 სარეიტინგო ქულაც
დაიმსახურა.

ანა ტატიშვილი წყვილებშიც ცდიდა ძალებს მასპინძელ კოკო ვანდევეგესთან ერთად და ასპარეზობის რეიტინგფავორიტიც იყო.

ქართულ-ამერიკულმა დუეტმა ზედიზედ ორი გამარჯვების შემდეგ ნახევარფინალში სანაზ მარანდისა და ეშლი ვეინჰოლდის ტანდემი ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:3. გადამწყვეტი პაექრობისთვის ანას დასასვენებლად, ფაქტობრივად, ცოტა დრო ჰქონდა.

ასია მუჰამედსა და ტეილორ თაუსენდთან სათამაშოდ ჩვენებური წუხელ, გვიან ღამით გავიდა კორტზე. პირველი ხელი 3:6 წააგო, მეორე სეტი ასეთივე ანგარიშით მოიგო, ხოლო ტაი-ბრეიკებში ანამ და კოკომ 13:11 გაიმარჯვეს და პირველი ადგილი დაიკავეს.

ქართველი ჩოგბურთელი ისევ ამერიკაში რჩება და ამ კვირას "კაპტივა Island"-ის 50.000-იან ტურნირში, სავარაუდოდ, მე-8 ნომრად ჩაებმება.

* * *

შაბათს ანტალიის 10.000-იანი ტურნირის ერთეულთა თანრიგის ნახევარფინალში რუმინელ რალუკა ელენა პლატონთან არკვევდა ურთიერთობას ეკატერინე გორგოძე. პირველი ხელი კარპატელმა მოიგო - 6:4, მეორეში ჩვენებურმა იძალა - 6:4, გადამწყვეტ სეტში წარმატებას პლატონმა მიაღწია - 6:2 და ფინალში გავიდა, სადაც თანამემამულე პატრისია მარია ტიგთან დამარცხდა და მე-2 ადგილს დასჯერდა. სამაგიეროდ, იგი წყვილებში ავიდა კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე.

რუმინელ დიანა ბუზეანთან შეამხანაგებულმა პლატონმა გორგოძესა და პია კონიგს (ავსტრია) აჯობა, არადა, ეკატერინემ და მისმა მეწყვილემ პირველ სეტში 6:3 გაიმარჯვეს, მეორე ხელი (6:3) და ტაი-ბრეიკები (10:5) რუმინელებისა იყო და პირველობაც მათ ერგოთ.

გორგოძე და სოფიო ქვაცაბაია 5 ნოემბრიდან ანტალიის ახალ 10.000-იან ტურნირში მოსინჯავენ ძალებს.

* * *

ფრანგული 25.000-იანი ტურნირის საკვალიფიკაციოში იასპარეზა მაკა ჩახნაშვილმა. სტარტზე მან მასპინძელ ვალენტინ ბაჩერს დააყრევინა ფარ-ხმალი - 6:2. 6:3, 3 ნოემბერს კი ნიკოლა ფრანკოვასთან (ჩეხეთი) დამარცხდა 3:6, 2:6 და შეჯიბრებას დაემშვიდობა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული