ATP-ის შემაჯამებელი: ნაცნობი სურათი - ნადალმა ფედერერს მოუგო

AutoSharing Option
ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ წლის შემაჯამებელი ტურნირის ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან ამ სეზონის საუკეთესო მოთამაშეები - ესპანელი რაფაელ ნადალი და სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

ნახევარფინალში ნადალი ტრადიციულ მეტოქეს, შვეიცარიელ როჯერ ფედერერს ეთამაშებოდა. ამ უკანასკნელმა წინა დღეს, B ჯგუფის ბოლო მატჩში გაითამაშა ნახევარფინალის საგზური არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროსთან ბრწყინვალე დაპირისპირებაში. ფედერერი რამდენჯერმე ახლოს იყო მარცხთან, მესამე სეტში 0:3-ს აგებდა, მაგრამ გმირული თამაშით მაინც მოიპოვა ჯგუფში მეორე ადგილი და გავიდა ნახევარფინალში.

პირადი შეხვედრებში ესპანელი 21:10-ს უგებდა ლეგენდარულ შვეიცარიელს. ფედერერმა ბოლოს ნადალი 2012 წელს,
ინდიან უელსის ტურნირზე დაამარცხა. მომდევნო დაპირისპირება უკვე წელს, ასევე ინდიან უელსში შედგა და რაფაელმა დამაჯერებელი რევანში აუღო როჯერს (6:4, 6:2), ამის შემდეგ რომის ფინალში გაანადგურა ფედერერი (6:1, 6:3), ზაფხულში კი ცინცინატის მასტერსის მეოთხედფინალშიც გაიმარჯვა - 5:7, 6:4, 6:3. საინტერესოა, რომ წლის შემაჯამებელ ტურნირზე ეს ჩოგბურთელები მეხუთედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და წინა ოთხივე მატჩი (ერთხელ ჯგუფში, ორჯერ ნახევარფინალში და ერთხელ ფინალში) ფედერერმა მოიგო.

ცხადი იყო, რომ ამ შეხვედრამ დიდი ძალა წაართვა შვეიცარიელს და საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ როჯერს მხოლოდ პირველ სეტში ეყო ძალა ნადალთან გასამკლავებლად. თანაბარი დასაწყისის შემდეგ, პირველი კრიტიკული მომენტი პირველ სეტში ნადალს დაუდგა, როცა 3:2-ზე აწვდიდა და როჯერმა ზედიზედ სამი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა.

ამ მომენტმა ნადალი გამოაცოცხლა და მოიპოვა ინიციატივა, რისი შედეგიც მეცხრე გეიმში განხორცელებული ბრეიკი აღმოჩნდა. რაფამ სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო და თითქოს პარტიის ბედი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ ფედერერმა იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება, როცა მეოთხე ცდიდან აიღო ბრეიკი და გაათანაბრა ანგარიში - 5:5. და როგორც გაირკვა, ეს იყო ამ მატჩში შვეიცარიელის ბოლო გაბრძოლება. თამაშის დარჩენილ ნაწილში, ფედერერს არც ერთი ბრეიკ-პოინტი არ მიუღია. როჯერისთვის პირველ პარტიაში შანსი შეიძლებოდა ყოფილიყო ტაი-ბრეიკი, მაგრამ სეტი იმით დასრულდა, რომ ნადალმა მე-11 გეიმში მორიგი ბრეიკი გააკეთა და სეტზეც წარმატებით ჩააწოდა.

პირველ სეტს თუ შევაფასებთ, თითქმის თანაბარ თამაშში ფედერერს რვით მეტი უნებლიე შეცდომა (15 7-ის წინააღმდეგ) ჰქონდა და ამან გადაწყვიტა პარტიის ბედი.

ამის შემდეგ კი ფედერერს აშკარად დაღლა დაეტყო და როგორც გითხარით, მთელი მეორე სეტი ისე ჩაატარა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც არ მიუღია. საბოლოოდ, გადამწყვეტი აღმოჩნდა ამ პარტიაში მეხუთე გეიმი, როცა ესპანელმა რიგით მესამე ბრეიკი გააკეთა. ფედერერი ცდილობდა თამაშის რითმის შეცვლას, რაც კარგად გამოუვიდა დელ პოტროსთან მატჩში, მაგრამ ნადალი მზად იყო ამისთვის. ესპანელს უკვე ყველაფერი გამოსდიოდა და დიდხანს არ გაწელა ეს ნახევარფინალი - მეცხრე გეიმში გაკეთებული მორიგი ბრეიკით საათსა და 19 წუთში დაასრულა შეხვედრა - 7:5, 6:3. საინტერესოა, რომ ორივე ჩოგბურთელს ამ მატჩში ოთხ-ოთხი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. რაფას ოთხივე შანსი გამოიყენა, როჯერმა - მხოლოდ ერთი.

ნადალის მეტოქე ფინალში გვიან ღამით უნდა გარკვეულიყო სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩისა და შვეიცარიელი სტანისლას ვავრინკას შეხვედრაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ATP-ის შემაჯამებელი: დიდი ნახევარფინალის ჯერია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული