სერბისა და ესპანელი რაფაელ ნადალის ფინალი წლევანდელი სეზონის კულმინაცია და ლოგიკური დასასრული იყო. კორტზე ერთმანეთის პირისპირ ამ მომენტისთვის მამაკაცთა ტურის საუკეთესო მოთამაშეები იდგნენ და მათგან რომელიმესთვის ფავორიტის სტატუსის მინიჭება ძალიან რთული იყო.
ნადალის მოტივაციას ზრდიდა ის, რომ მის კოლექციაში არ მოიპოვება წლის შემაჯამებელი ტურნირის მთავარი პრიზი; ჯოკოვიჩს კი, ალბათ, ცუდად ახსოვდა როლან გაროსის ნახევარფინალსა და აშშ-ის ღიას ფინალში რაფასთან მარცხი.
ჯოკოვიჩმა ძალიან კარგად დაიწყო
მეხუთე გეიმში რთულ სიტუაციაში აღმოჩნდა ჯოკოვიჩი. ის 15:40 ჩამორჩა. ფინალამდე ნადალს ბრეიკ-პოინტების გამოყენების ფანტასტიკური მაჩვენებელი ჰქონდა - 70 პროცენტი (20-დან 14) და ამჯერადაც შეძლო დაკარგული მოწოდების დაბრუნება. ცოტა ხანში ანგარიში გათანაბრდა - 3:3.
მერვე გეიმში ჯოკოვიჩმა ბრეიკ-პოინტი მოიპოვა, რომელიც ესპანელმა ეისით მოიგერია, მაგრამ ამას მოჰყვა ნადალის ორმაგი შეცდომა და ნოვაკმა მეორე შანსი ხელიდან არ გაუშვა: მეორე ბრეიკი გააკეთა და სეტზე ჩაწოდების უფლება მიიღო. მეცხრე გეიმში ჯოკოვიჩს 15:30-ზე გაუმართლა: მისი დარტყმის შემდეგ ბურთი ბადეს მოხვდა და მეტოქის ნახევარზე გადავარდა. თუმცა ეს ის შემთხვევა იყო, როცა უძლიერესს უმართლებს: ჯოკოვიჩმა პარტია ეისით დაასრულა - 6:3.
მეორე სეტში ერთით მეტი გეიმი გათამაშდა, მაგრამ ეს პარტია ჯოკოვიჩმა უფრო იოლად მოიგო, რადგან რაფას ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. საერთო ჯამში, სერბს მთელი მატჩის განმავლობაში 11 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ესპანელს მხოლოდ სამი. გადამწყვეტი კი მეორე პარტიაში მესამე გეიმი აღმოჩნდა: ნოვაკმა მიღებაზე შესანიშნავად ითამაშა და ნადალმა 0:40 მიიღო. მართალია, ესპანელმა ორი ბურთი მოიგერია, მაგრამ მესამე ცდაზე ნოვაკმა მაინც მიაღწია საწადელს.
ამის შემდეგ ჯოკოვიჩი კორტის ბატონ-პატრონი გახდა. ნადალს ძალიან უჭირდა თავისი გეიმების შენარჩუნება და ერთხელ, მეცხრე გეიმში ნოლემ მატჩბოლიც მიიღო, მაგრამ რაფამ გადაარჩინა თავისი მოწოდება. თამაშმა კულმინაციას მიაღწია.
მეათე გეიმში ჯოკოვიჩმა პირველ ორ ბურთზე საიმედოდ ითამაშა, მაგრამ შემდეგ ნადალს შეტევის საშუალება მისცა და ანგარიში გათანაბრდა - 30:30. ამას მოჰყვა კარგი პირველი მოწოდება და მეორე მატჩბოლი, რომელზეც ჯოკომ ზედმეტად ფრთხილად იმოქმედა და ქულა დათმო. შემდეგ იყო მატჩში მეექვსე ეისი და მესამე ცდაზე გამოყენებული მატჩბოლი. სერბი დამსახურებულ გამარჯვებას ზეიმობდა - 6:3, 6:4 საათსა და 36 წუთში.
ასე რომ, ჯოკოვიჩის "ოქროს შემოდგომა" გრძელდება. მან უკვე ზედიზედ 22 მატჩი მოიგო, ტიტულების რიცხვი სეზონში შვიდამდე აიყვანა, კარიერაში - 41-მდე. ახლა წინ არის დევისის თასის საშინაო ფინალი ჩეხეთის ნაკრების წინააღმდეგ.
ჯოკოვიჩი vs ნადალი ციფრებში
3 - ნოვაკ ჯოკოვიჩმა ჯგუფურ ეტაპზე სამივე მატჩში მესამე სეტში მოიგო;
3 - ჯოკოვიჩს ასპროცენტიანი მაჩვენებელი აქვს შემაჯამებელი ტურნირების ფინალებში. 2008 წელს მან ნიკოლაი დავიდენკოს მოუგო გადამწყვეტი მატჩი (6:1, 7:5), შარშან კი როჯერ ფედერერს აჯობა (7:6, 7:5);
5 - რაფაელ ნადალმა კარიერაში მეხუთედ მოიგო ერთ სეზონში 70-ზე მეტი მატჩი. საუკეთესო შედეგი მას 2008 წელს ჰქონდა (82 მოგება), წელს კი 75 გამარჯვებაზე გაჩერდა;
5 - ნადალმა წელი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულა მას შემდეგ, რაც წინა სეზონის ბოლოს TOP3-ის მიღმა იმყოფებოდა. ადრე ასეთი რამ ანდრე აგასიმ (1999), გუსტავო კუერტენმა (2000), ლეიტონ ჰიუიტმა (2001) და ენდი როდიკმა (2003) შეძლეს;
6 - ნადალმა და ჯოკოვიჩმა წელს მეექვსედ ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ. ეს დაპირისპირება 3:3 დასრულდა. მათი ურთიერთშეხვედრათა საერთო ანგარიშია - 22:17 ნადალის სასარგებლოდ;
8 - ჯოკოვიჩი მერვე ჩოგბურთელია ისტორიაში, ვინც წლის შემაჯამებელ ტურნირზე ტიტული დაიცვა;
10 - ნადალმა წელი 10 ტიტულით დაასრულა. უფრო მეტი გამარჯვება ესპანელს 2005 წელს ჰქონდა - 11;
19 - ჯოკოვიჩმა და ნადალმა მეცხრამეტედ ითამაშეს ერთმანეთის წინააღმდეგ ფინალში. უფრო მეტი გადამწყვეტი მატჩი ჰქონდათ იმავე ნადალსა და ფედერერს, ასევე, ივან ლენდლსა და ჯონ მაკინროის - 20;
22 - ჯოკოვიჩის მოგებათა სერია 22 მატჩს უდრის. ნადალს წელს ასეთი სერია ორჯერ ჰქონდა: 22 აპრილიდან 24 ივნისამდე, შემდეგ 5 აგვისტოდან 6 ოქტომბრამდე. თუმცა ჯოკოვიჩს აქვს ამ სერიის გაზრდის საშუალება, თუ წარმატებით ითამაშებს დევისის თასის ფინალში;
85 - ნადალი ATP-ის ტურში 85-ე ფინალში თამაშობდა. აქედან მას 60 მოგება და 25 წაგება აქვს;
108 - ნადალი 108-ე კვირას ატარებს მსოფლიოს პირველი ჩოგანის რანგში. ეს მეშვიდე შედეგია ისტორიაში. ესპანელს კიდევ ერთი კვირა ლიდერობა სჭირდება იმისთვის, რომ შვედ ბიორნ ბორგს (109 კვირა) გაუთანაბრდეს. ლიდერია ფედერერი - 302 კვირა;
920 - ლონდონის ტურნირის შემდეგ ნადალი 920 ქულით უსწრებს რეიტინგში ჯოკოვიჩს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირი ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოიგო