დევისის თასი: მხოლოდ ჯოკოვიჩი საკმარისი არ არის

AutoSharing Option
ჩეხეთის ნაკრებმა "ბელგრად-არენაზე" დაამარცხა სერბეთის ნაკრები და ზედიზედ მეორედ დაეუფლა დევისის თასს, ხოლო ჩეხების ვეტერანი რადეკ შტეპანეკი მესამე მოთამაშე გახდა ისტორიაში, ვინც ორ ფინალში მოიგო გადამწყვეტი მეხუთე მატჩი. თან, ის პირველია, ვინც ზედიზედ ორჯერ გააკეთა ეს. შარშან შტეპანეკმა ესპანელი ნიკოლას ალმაგრო დაამარცხა და ჩეხეთს ესპანეთთან 3:2 მოაგებინა.

როგორც ელოდნენ, ფინალის პირველი დღის შემდეგ ანგარიში მატჩში თანაბარი იყო. ნოვაკ ჯოკოვიჩმა სამ სეტში მოუგო შტეპანეკს, მაგრამ ტომაშ ბერდიხმა ასევე სამ პარტიაში დაამარცხა დუშან ლაიოვიჩი, რომელიც ტრავმირებულ იანკო ტიპსარევიჩს ცვლიდა.

დიდი იყო იმის
ალბათობა, რომ გუნდები კვირას, ფინალის მესამე დღესაც გაიყოფდნენ ქულებს. ამიტომაც უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა შაბათს, წყვილთა შეხვედრას.

თავდაპირველად სერბების სამწვრთნელო შტაბი სერიოზულად განიხილავდა ჯოკოვიჩის კორტზე გასვლას, მაგრამ გაითვალისწინა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მისი უმძიმესი გრაფიკი და არ შეცვალა ილია ბოჟოლიაკისა და ნენად ჟიმონჟიჩის წყვილი, რომელმაც, სხვათა შორის, მეოთხედფინალში ძმებ ბრაიანების დუეტი დაამარცხა. ჩეხებმა კი გარისკეს და ფინალის მეორე დღეს, წყვილთა მატჩში ბერდიხისა და შტეპანეკის დუეტი დააყენეს.

ამ სვლამ გაამართლა. განსაკუთრებით ბრწყინვალედ გამოიყურებოდა შტეპანეკი, რომელიც ძალიან კარგად მომზადებული შეხვდა ფინალს. პირველ ორ გეიმში ჩეხებმა სამი ბრეიკი გააკეთეს და 6:2, 6:4 დაწინაურდნენ. საინტერესოა, რომ სერბების წყვილში სუსტი წერტილი არა ბოჟოლიაკი, არამედ გამოცდილი ჟიმონჟიჩი იყო, რომელსაც წყვილებსა და მიქსტში "დიდი სლემის" შვიდი ტიტული აქვს მოგებული. სამიდან ორი ბრეიკი ბერდიხმა და შტეპანეკმა სწორედ ნენადის მოწოდებაზე აიღეს.

მესამე სეტში სერბებმა ტაი-ბრეიკამდე მიაღწიეს, მაგრამ გმირობის მოხდენა ვერ შეძლეს და ჩეხეთმა დიდი ნაბიჯი გადადგა ტიტულისკენ.

17 ნოემბერს პირველები კორტზე გუნდების ლიდერები - ჯოკოვიჩი და ბერდიხი გავიდნენ. ჩეხი ბევრს ეცადა, იბრძოლა პირველ და მეორე სეტებში, მაგრამ ბოლოს მაინც დანებება მოუწია. ასე რომ, ტიტულის ბედი უნდა გადაეწყვიტა მეხუთე შეხვედრას, რომელშიც 34 წლის შტეპანეკი 23 წლის ლაიოვიჩს ხვდებოდა.

ამ უკანასკნელს პარასკევს ცუდი შთაბეჭდილება არ დაუტოვებია ბერდიხის წინააღმდეგ, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ შტეპანეკის ძალიან კარგ ფორმას. საკმარისია აღინიშნოს, რომ ჯოკოვიჩთან მატჩში რადეკს უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, ვიდრე მის მეტოქეს; უბრალოდ, ამ შანსების რეალიზაციაში წააგო.

სამაგიეროდ, შტეპანეკს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა ლაიოვიჩთან მატჩში. მას მხოლოდ ერთხელ გაუჭირდა, როცა პირველი სეტის პირველივე გეიმში ბრეიკი გააკეთებინა სერბს, მაგრამ იქვე დაიბრუნა დაკარგული მოწოდება და ამის შემდეგ, 22 გათამაშებული გეიმიდან 18 თავის სასარგებლოდ დაასრულა.

რადეკ შტეპანეკი შეუერთდა ორ ლეგენდას - ფრანგ ანრი კოშესა და ბრიტანელ ფრედ პერის. სწორედ მათ შეძლეს ორჯერ ფინალში გადამწყვეტი მატჩის მოგება.

სერბეთი-ჩეხეთი 2:3
1:0 ნოვაკ ჯოკოვიჩი-რადეკ შტეპანეკი 7:5, 6:1, 6:4
1:1 დუშან ლაიოვიჩი-ტომაშ ბერდიხი 3:6, 4:6, 3:6
1:2 ბოჟოლიაკი/ჟიმონჟიჩი-ბერდიხი/შტეპანეკი 2:6, 4:6, 6:7(4)
2:2 ნოვაკ ჯოკოვიჩი-ტომაშ ბერდიხი 6:4, 7:6(5), 6:2
2:3 დუშან ლაიოვიჩი-რადეკ შტეპანეკი 3:6, 1:6, 1:6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ATP-ის შემაჯამებელი: ჯოკოვიჩის "ოქროს შემოდგომა"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული