4 დეკემბერს მე-6 ნომრად განთესილი ჩვენებური იაპონელ რიშიკა ფუჯივარას დაუპირისპირდა. პირველ სეტში, როცა ამომავალი მზის ქვეყნის წარმომადგენელი 3:0 დაწინაურდა, ოქსანამ ტრავმა მიიღო და ორთაბრძოლის გაგრძელება ვეღარ შეძლო.
წყვილებში კალაშნიკოვას მაგდა ლინეტესთან (პოლონეთი) ერთად უნდა ეასპარეზა, მაგრამ სარბიელზე გასვლა ვერ შეძლო. ბრიტანელები - ჟაკლინ რაე და ანა სმიტი ნახევარფინალში უბრძოლველად მოხვდნენ.
იტალიის ქალთა 10.000-იანი საერთაშორისო ტურნირის მეორე ნომერმა მარგალიტა ჩახნაშვილმა 4 დეკემბერს მე-2 წრის პაექრობა გამართა.
ჩვენებურმა ხორვატ ივა პრიმორაცთან პირველი სეტი 3:6 დათმო. მეორეში მაკამ ასეთივე ანგარიშით აჯობა მეტოქეს. მესამეში კი 6:2 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში იულიანა ლიზარაზოს (კოლუმბია) გაუწევს მეტოქეობას.
* * *
ყატარში, ვაჟთა საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 10.000 დოლარი) წარმატებით აიღო სტარტი ასპარეზობის რეიტინგფავორიტმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა - პირველ წრეში კვალიფიკაციიდან აღზევებული სკანდერ მანსური (ტუნისი) დაამარცხა - 6:3, 5:7, 6:4.
მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთელი იაჰორ იაციკის (ბელორუსი) მძლეველ (6:4, 6:0) უგო ნასტასის (ლუქსემბურგი) დაუპირისპირდება.
ბასილაშვილს ერთგვარი რევანშიც აქვს ასაღები. საქმე ის არის, რომ ჩვენებური წყვილებში იაციკთან არის შეამხანაგებული. ქართულ-ბელორუსულმა დუეტმა სტარტზე ფრანგებს - მორგან ბურბონსა და ლორენ მალულის აჯობა - 6:3, 1:6, 12:10. მეოთხედფინალში მე-3 ნომერ ამერიკელებს - ამრატ ნარაშიმნანსა და მიხაელ შაბას გაუწევს მეტოქეობას.
* * *
ანტალიის (თურქეთი) 10.000-იან ტურნირში ცდიდა ძალებს გიორგი ჯავახიშვილი, რომელმაც წარმატებით განვლო საკვალიფიკაციო ეტაპი - ზედიზედ სამ მეტოქეს სძლია: გერმანელ ლეო კიმ შოერნერს - 6:4, 7:5, ბრიტანელ მილეს ბაგბის - 6:2, 7:5 და პირველ ნომრად განთესილ გერმანელ ფლორიან ბარტს - 6:4, 6:1, რითაც ძირითად ბადეში მოხვდა, იქ კი პირველივე შეხვედრა დათმო მე-2 ნომრად განთესილ იანიკ რეუტერთან (ბელგია) - 2:6, 0:6.
ჯავახიშვილმა ვერც წყვილებში იყოჩაღა - არტურ შახინბარიანთან (სომხეთი) შეამხანაგებულმა კონსტანტინ გერლახისა და ალექსანდრ სპირინის (ორივე-რუსეთი) დუეტთან წააგო - 2:6, 7:5, 9:11.
* * *
ბელორუსში ჭაბუკთა ტურნირის ძირითად ბადეში ჩაება ირაკლი მეტრეველი, რომელიც სტატზევე სერგეი გორელიკოვთან (რუსეთი) დამარცხდა - 6:3, 3:6, 4:6.
გოგონათა ტურნირის საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი ჩვენებური ცდიდა ძალებს - სამწუხაროდ, სამივე პირველსავე პაექრობაში მასპინძლებთან დამარცხდა: ირინე ყარანგოზიშვილი - კსენია სავენკავასთან 0:6, 0:6, ნატალია სიმონიშვილი - აკსინია მიაკოტასთან 1:6, 7:5, 6:2, მედეა პეტრიაშვილი - ანჰელინა კალიტასთან 0:6, 3:6.
სამაგიეროდ, იყოჩაღა ძირითად ბადეში მოასპარეზე თამარ კუტუბიძემ, რომელმაც მე-5 ნომრად განთესილ რუს ვალერია პოგრებნიაკს აჯობა - 4:6, 6:4, 6:3. კუტუბიძე მედეა პეტიაშვილთან ერთად წყვილებშიც იასპარეზებს - პირველ წრეში ნინა ხმელნიცკაიასა (რუსეთი) და ვერა საკალოუსკაიას (ბელორუსი) შეხვდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"