ბიორნ ბორგი - ყველა დროის საუკეთესო შვედი

AutoSharing Option
შვედ ჟურნალისტებს შორის დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოევლინა ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი. ეს საპატიო ტიტული ერგო ლეგენდარულ ბიორნ ბორგს, რომელმაც კარიერაში "დიდი სლემის" 11 ტურნირი მოიგო.

სულ ბორგს ერთეულთა თანრიგში 77 ტიტული აქვს, ოთხჯერ მოიგო წყვილთა ასპარეზობა. 1975 წელს შვედმა დევისის თასი მოიპოვა, კარიერა კი 1983 წელს დაასრულა.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა "დიდი სლემის" ტურნირების ექვსგზის ჩემპიონმა სტეფან ედბერგმა, მესამეზე გავიდა შვიდი "მეიჯორის" მომგები მატს ვილანდერი. ხუთეულში მოხვდნენ როლან გაროსის ორგზის ფინალისტი რობინ სიოდერლინგი და 2002 წლის ავსტრალიის ღიას
ჩემპიონი ტომას იოჰანსონი.

როდიკი ჟურნალისტობაშიც მაგარია
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი ენდი როდიკი წლის საუკეთესო სპორტულ ჟურნალისტებს შორის მოხვდა. როდიკი ტელეარხ Fox Sports One-ზე ერთ-ერთ შოუში მუშაობს, ხოლო საუკეთესოებში ის პორტალ Sports on Earth-ის გამოკითხვის შედეგად მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის როდიკმა გასულ წელს დაასრულა მოთამაშის კარიერა, ამა წლის შემოდგომაზე კი ახალ ამპლუაში ინტერვიუ აიღო შვეიცარიელი როჯერ ფედერერისგან.

ტროიცკის 100 ათასი აპატიეს
სერბი ჩოგბურთელის, ვიქტორ ტროიცკის მწვრთნელმა ჯეკ რიდერმა წერილი გაუგზავნა თავის შეგირდს, რომელიც ამაჟამად დისკვალიფიკაციას იხდის სადოპინგო წესების დარღვევისთვის. რიდერსა და ტროიცკის შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მწვრთნელს ეკუთვნის 100 ათასი ევრო იმ შემთხვევაში, თუ ჩოგბურთელი გარეული იქნება ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებულ მაქინაციებში ან დოპინგ-სკანდალში.

"ვიქტორ, მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არ მაქვს პრეტენზია 100 ათას ევროზე, რომელიც ჩვენი კონტრაქტით არის გათვალისწინებული. მიზეზი მარტივია - შენ უდანაშაულო ხარ და აკრძალული პრეპარატი არ მიგიღია!

იმედია, ეს ამბავი ოდნავ მაინც აამაღლებს შენს საბრძოლო ჟინს. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, როცა დაგეხმარები იმ ადგილზე დაბრუნებაში, სადაც რეალურად უნდა იყო"
, - ამბობს რიდერი Tennis World-თან კომენტარში.

ავსტრალია რადვანსკას გარეშე
რუსი ჩოგბურთელების - მარია კირილენკოსა და ნადეჟდა პეტროვას შემდეგ, ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში იუარა პოლონელმა ურსულა რადვანსკამ.

ცნობილი გახდა, რომ 23 წლის ჩოგბურთელმა მხრის ტრავმა მიიღო. სწორედ ამის გამო თქვა მან უარი ავსტრალიის ღიაზე.

ქალთა ძირითად ბადეში ურსულას ხორვატი მირიანა ლუჩიჩი შეცვლის.

გასული სეზონი უმცროსმა რადვანსკამ მსოფლიოს რეიტინგის მე-40 ადგილზე დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული