რაფაელ ნადალის უარი დევისის თასს

AutoSharing Option
მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი მონაწილეობას არ მიიღებს დევისის თასის პირველი ეტაპის მატჩში, რომელშიც ესპანეთი გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ესპანელთა კაპიტანმა კარლოს მოიამ ამ მატჩისთვის შემდეგ მოთამაშეებს უხმო: დავიდ ფერერს, ფელისიანო ლოპესს, ფერნანდო ვერდასკოსა და დავიდ მარეროს. შეხვედრა 31 იანვარს -2 თებერვალს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნადალი გასული წლის სექტემბერში დაეხმარა ესპანეთის ნაკრებს უკრაინის დამარცხებაში, რითაც მისმა გუნდმა შეინარჩუნა ადგილი მსოფლიოს ჯგუფში.

ამასობაში, რაფაელმა თავისი კარიერის შორეულ პერსპექტივებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მისი ოცნება 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე წარმატებით
გამოსვლაა.

"ჩემი მიზანია - რიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ოპტიმალურ მდგომარეობაში მისვლა. 2016 წელს უკვე 30 წლის ვიქნები, ამიტომაც მართლაც შესანიშნავი იქნება ბრაზილიაში წარმატების მიღწევა"
, - მოჰყავს ნადალის სიტყვები გაზეთ "მარკას".

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რიოში ღირსეულად გამოვიდე და გამარჯვებას მივაღწიო. ჯერ ზუსტად არ შემიძლია კარიერის დასრულების ზუსტი თარიღის დასახელება. ვითამაშებ იქამდე, სანამ ჩოგბურთისგან სიამოვნებას მივიღებ"
, - დაამატა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა.

ფედერერის ქველმოქმედება 10 წლისაა
მოახლოებული ავსტრალიის ღია პირველობის წინ მელბურნში გაიმართა საქველმოქმედო საღამო, რომელიც შვეიცარიელი ჩოგბურთელის, როჯერ ფედერერის საქველმოქმედო ფონდის დაარსების ათ წლისთავს მიეძღვნა. ავსტრალიის ღია პირველობის მთავარ კორტზე, რომელიც როდ ლეივერის სახელს ატარებს, ერთმანეთს შეხვდნენ ფედერერი და ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა.

მატჩი ფედერერის გამარჯვებით დასრულდა - 6:7(5), 6:3, 7:5. აღვნიშნავთ, რომ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობას იღებდნენ ავსტრალიელები - პატრიკ რაფტერი, ლეიტონ ჰიუიტი, როდ ლეივერი და ტონი როჩი.

"ამ არენაზე ჩატარებული ნებისმიერი შეხვედრა - უდიდესი პატივია ჩემთვის. განსაკუთრებით მაშინ, თუ მატჩი საქველმოქმედო ხასიათისაა. როდ ლეივერის სახელობის არენაზე ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრა მითამაშია. ასე რომ, აქ დაბრუნებით განსაკუთრებული ემოციური მუხტი მივიღე. მოვახერხე ცოტა ხნით თვით როდ ლეივერთან თამაში.

მთავარი ის იყო, რომ ამ საღამოს ყველამ იმხიარულა, გავერთე ჟო-ვილფრიდთან ერთად და მასთან კარგი მატჩი გამოვიდა. კარგი განწყობა მივიღე ავსტრალიის ღია პირველობის წინ, რომელშიც ზედიზედ მეთხუთმეტედ ვითამაშებ"
, - განაცხადა საღამოს შემდეგ ფედერერმა.

როგორც ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, საღამოს მსვლელობისას შეგროვდა მილიონ დოლარზე მეტი, რომელიც ფედერერის ფონდში გადაირიცხა.

"რაც შეეხება ჩემს საქველმოქმედო ფონდს, ათწლიანი იუბილე - დიდი მიღწევაა. ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმის კეთება ძალიან ადრე დავიწყე. ამგვარი ფონდის შექმნაზე იდეა დედაჩემმა მომაწოდა. ამ დროის განმავლობაში უკვე 86 ათას ბავშვს დავეხმარეთ. ჩვენი მიზანია, 2018 წლისთვის ეს რიცხვი მილიონამდე ავიყვანოთ
", - დაამატა როჯერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული