პირველ წრეში მისი მეტოქე იყო ოთხი წლის წინათ მსოფლიოს რეიტინგში 21-ე ადგილზე, ამჟამად კი მესამე ასეულში მყოფი კანადელი ალექსანდრა ვოზნიაკი.
უკვე გაუწყეთ, რომ მათ შორის შეხვედრათა ანგარიში იყო 2:1, ჩვენებურის სასარგებლოდ. 126-ე ადგილზე მყოფმა ტატიშვილმა პირველ სეტში სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწია მეტოქეს და 3:6 წააგო, სამაგიეროდ, მერე შეძლო ძალების მობილიზება და მომდევნო ორ ხელში დაჯაბნა კანადელი - 6:2, 6:4.
ანა მეორე წრეში
მწვანე კონტინენტზე ვერ იყოჩაღა სოფიო შაფათავამ - სტარტზე იგი იაპონელ ერი ჰოზუმის მეტოქეობდა, რომელიც ჩვენებურს კლასიფიკაციაში რამდენიმე საფეხურით უსწრებს. პირველი ხელი შაფათავამ ძალების დაუძაბავად მოიგო - 6:2, მეორე-მესამეში კი კონკურენტს დანებდა - 4:6, 0:6 და შეჯიბრებას გამოეთიშა.
ასპარეზობა დაასრულა თბილისელმა ოქსანა კალაშნიკოვამაც, რომელიც წყვილებში ირინა ბურიაჩოკთან (უკრაინა) ერთად ცდიდა ძალებს ჰობარტის (ავსტრალია) ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 250.000 დოლარი). სტარტზე გამარჯვების შემდეგ, 9 იანვარს ქართულ-უკრაინული დუეტი მეოთხედფინალში ლარა არუბარენას და სილვია სოლერ-ესპინოზას (ესპანეთი) დუეტთან დამარცხდა - 5:7, 1:6.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"