ნოვაკ ჯოკოვიჩი და "პეჟო" დაძმობილდნენ

AutoSharing Option
მსოფლიოს მეორე ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარტნიორული ხელშეკრულება გააფორმა ფრანგულ ავტომწარმოებელთან "პეჟოსთან".

კონტრაქტის პირობების თანხამად, "პეჟოს" უფლება აქვს გამოიყენოს ჯოკოვიჩის გამოსახულება თავის ნებისმიერ ბრენდზე მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში. გარდა ამისა, ჯოკოვიჩის სათამაშო ფორმის მარცხენა სახელოზე განთავსებული უნდა იყოს კომპანიის ლოგო.

"მოხარული ვარ წარმოვადგინო ეს საავტომობილო კომპანია, რომელმაც მთელს მსოფლიოში მოიპოვა აღიარება და რომლის ისტორია 200 წელს ითვლის, - განაცხადა ჯოკოვიჩმა. - ჩემს წარმოდგენაში "პეჟო" არის საფრანგეთის ელეგანტურობისა და დახვეწილობის სიმბოლო. ის ერთგვარად ცხოვრების სტილის გამომხატველია".

სხვათა შორის, 2014 წელს 30 წელი უსრულდება
ფრანგული ავტომწარმოებლის თანამშრომლობას "დიდი სლემის" ტურნირთან - როლან გაროსთან.

მარია შარაპოვამ ბავშვებზე იზრუნა
რუსი ჩოგბურთელის მარია შარაპოვას ბრენდი Sugarpova ამერიკის ქალაქ ნიუპორტში ჩოგბურთის დიდების დარბაზის ოფიციალური სპონსორი გახდა.

მუზეომის შენობაში, რომელიც ნიუპორტის საჩოგბურთო კომპლექსშია განთავსებული, Sugarpova-ს ტკბილეულისა და აქსესუარების სამი მაღაზია გაიხსნება. მათი რეალიზაციიდან შემოსული თანხით შესაძლებელი იქნება მუზეომის ტერიტორიაზე ბავშვების უფასოდ შეშვება

"ჩემთვის დიდი პატივია, რომ ჩვენი ბრენდი შეუერთდა ჩოგბურთის დიდების დარბაზს. განსაკუთრებით კი ის მიხარია, რომ ჩვენ გავხდებით ასეთი მნიშვნელოვანი პროგრამის ნაწილი. პირადად მე, დიდების დარბაზი ბავშვობაში მოვინახულე. იმედია, ამ ადგილის დათვალიერება ბავშვებს ჩოგბურთში მეცადინეობისთვის აღმაფრენას მიანიჭებს", - განაცხადა მარიამ WTA-ის ოფიციალურ ვებგვერდზე.

რუსმა ასევე უპასუხა შეკითხვას - შეიძლება თუ არა მისი კომპანია გახდეს WTA-ის სპონსორი.

"ჩემი ბიზნესი იმდენად დიდი არ არის, რომ WTA-ის ტურის სპონსორი გავხდე. დაწმუნებული არ ვარ, რომ ასეთი რაოდენობის ფული მაქვს. თუმცა, თუ ფასდაკლებაზე წამოვლენ, შეიძლება დავფიქრდე", - იხუმრა მსოფლიოს მესამე ჩოგანმა.

ჰინგისი მელბურნში მწვრთნელი იქნება
მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, შვეიცარიელი მარტინა ჰინგისი ავსტრალიის ღია პირველობის მსვლელობისას გერმანელი საბინ ლისიცკის მწვრთნელი იქნება. ჯერჯერობით არ დაზუსტებულა - გააგრძელებენ თუ არა ჰინგისი და ლისიცკი თანამშრომლობას ტურნირის დასრულების შემდეგ.

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში 33 წლის ჰინგისი რამდენიმე თვე ავარჯიშებდა რუს ანასტასია პავლიუჩენკოვას.

საჩოგბურთო კარიერის დროს, მარტინა ჰინგისმა სამჯერ მოიგო ავსტრალიის ღია პირველობა - 1997, 1998 და 1999 წლებში.

რაფტერი წყვილებისთვის დაბრუნდა
ავსტრალიის ღია პირველობის მამაკაცთა წყვილთა თანრიგში ერთი საინტერესო დუეტი ითამაშებს. ლეგენდარული ავსტრალიელი პატრიკ რაფტერი, რომელმაც კარიერა 2002 წელს დაასრულა, თანამემამულე ლეიტონ ჰიუიტს შეუწყვილდება და კორტზე ოფიციალურად დაბრუნდება.

ავსტრალიური წყვილი, რომელმაც ტურნირის ორგანიზატორებისგან უაილდ-ქარდი მიიღო, პირველ წრეში ერიკ ბუტორაკისა (აშშ) და რავენ კლასენის (ს. აფრიკა) დუეტს დაუპირისპირდება.

რაფტერი, რომელიც ამჟამად დევისის თასზე ავსტრალიის ნაკრების კაპიტანია, ორჯერ იყო აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონი (1997, 1998) ერთეულებში, მოგებული აქვს ავსტრალიის ღია წყვილებში (1999) და დევისის თასი (1999).

გმირი დედა დევენპორტი
მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, ამერიკელმა ლინდსი დავენპორტმა გოგონა გააჩინა, რომელსაც ჰევენ მიშელი დაარქვეს. ეს არის "დიდი სლემის" ტურნირების სამგზის გამარჯვებულისა და მისი მეუღლის ჯონათან ლინის მეოთხე შვილი. ლინდსის ასევე ერთი ვაჟი და ორი ქალიშვილი ჰყავს.

"ორი ყველაზე საყვარელი მამაკაცი და ჩვენი ოჯახის მორიგი წევრი - ჰევენი", - დაწერა ფოტოზე დევენპორტმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული