ავსტრალიის ღია პირველობა: პირველი სლემის პირველი დღე

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობის პირველმა დღემ მამაკაცებს შორის კანონზომიერად ჩაიარა, ქალებში კი რამდენიმე სენსაცია მოხდა...

დღის სენსაცია
ყველაზე ხმაურიანი სენსაცია იყო პეტრა კვიტოვას მარცხი ტაივანელ ლუკსიკა კუმხუმთან, რომელმაც შარშან, პირველ წრეში სოფია არვიდსონი დაამარცხა. ეს იყო მისი პირველი მოგება WTA-ს ტურში. ახლა კი 20 წლის ჩოგბურთელი, რომელიც მსოფლიოს 88-ე ჩოგანია, ახალ დონეზე გავიდა. ის არ შეუშინდა უიმბლდონის ყოფილ ჩემპიონს და მოიგო პირველი სეტი, მაგრამ მეორეში პეტრა გონს მოვიდა და ძალიან იოლად გაათანაბრა ანგარიში.

ეს თითქოს გარდატეხა იყო, მაგრამ კუმხუმმა კვლავ შემოაბრუნა
თამაში თავის სასარგებლოდ. ამასთან, ვერ ვიტყვით, რომ კვიტოვა ცუდად თამაშობდა. უბრალოდ, ტაივანელი იყო კარგი. მის დარტყმებს ძალა არ ჰყოფნიდა, სამაგიეროდ, ლუკსიკა გონებით მუშაობდა, კორტზე დაარბენინებდა მეტოქეს და პეტრას შეცდომების დაშვებას აიძულებდა. მატჩზე ჩაწოდებისას, კუმხუმი ანერვიულდა, ორი ორმაგი შეცდომა დაუშვა და წააგო საკუთარი გეიმი, მაგრამ იქვე მოახერხა კონცენტრაცია და ბრეიკით დაასრულა მატჩი.

დღის დეჟავიუ
ქალთა ბადეში განთესვის მაღალი ნომრის მქონე კიდევ რამდენიმე ჩოგბურთელი გამოეთიშა ბრძოლას, მათ შორის, სარა ერანი, რომელსაც მელბურნში დეჟავიუ ჰქონდა, რადგან ზედიზედ მეორედ გამოეთიშა პირველივე წრიდან ავსტრალიის ღიას.

ჯულია გორგესი დიდი ხანია შორს არის ოპტიმალური ფორმისგან, მაგრამ ერანისთან ბრწყინვალედ ითამაშა. გერმანელმა 39 "ვინერსი" მიითვალა, იტალიელმა კი მხოლოდ ექვსი ქულა აიღო აქტიური მოქმედებით. გორგესს შეცდომაც მეტი ჰქონდა, მაგრამ არა იმდენად, რომ თამაშის გადარჩენა მოეხერხებინა. აპენინელი ძალიან უღიმღამოდ გამოიყურებოდა და მეტოქის შეტევებს ვერაფერი მოუხერხა - 3:6, 2:6.

დღის სტარტი
სერენა უილიამსმა დამაჯერებლად დაამარცხა ავსტრალიური ჩოგბურთის იმედი, 17 წლის ეშლი ბარტი. უაილდ-ქარდის მფლობელს წილისყრის მხრივ არ გაუმართლა და პირველ რაუნდში უშანსოდ იყო. მას მხოლოდ იმაზე უნდა ეზრუნა, რომ მაქსიმალურად კარგი თამაში ეჩვენებინა. ბარტი ამ ამოცანას გაუმკლავდა და ასე თუ ისე, ღირსეულად გამოიყურებოდა. ცალკეულ შემთხვევებში კარგი კონტრშეტევები გამოსდიოდა და აპლოდისმენტებიც ხშირად დაიმსახურა.

თუმცა სერენა საკუთარ მოწოდებაზე შანსს არ უტოვებდა ავსტრალიელს, ამიტომაც მთელი მატჩი ნერვიულობის საბაბი არ ჰქონია. ამერიკელი კარგად აკონტროლებდა შეხვედრას და დამაჯერებელ გამარჯვებას მიაღწია - 6:2, 6:1.

სერენასგან განსხვავებით, პირველი რაუნდის ბარიერი ვერ გადალახა ვინუს უილიამსმა. ის რუს განთესილ ეკატერინა მაკაროვას ხვდებოდა და ახლოსაც იყო მოგებასთან, მაგრამ 3:0-დან წააგო გადამწყვეტი სეტი, როცა მეტოქეს შვიდიდან ექვსი გეიმი ააღებინა.

დღის სტაბილურობა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზედიზედ 22-ე მატჩი მოიგო ტურნირზე. მელბურნის მთავარ კორტზე მან სამ სეტში მოუგო ლუკაშ ლაჩკოს. სლოვაკმა მაქსიმალურად მოინდომა: პირველ სეტში ერთი ბრეიკი ჰქონდა, მეორეში ტაი-ბრეიკამდე მიაღწია, მესამეში კი... არაფერი გამოუვიდა. შარშანდელი აშშ-ის ღიას ფინალის წაგების შემდეგ ჯოკოვიჩი ზედიზედ 26 მატჩია არ მარცხდება.

დღის შემობრუნება
ალბათ, ასეთი მომენტების გამო ველოდებით "დიდი სლემის" ტურნირებს. ადგილობრივი პუბლიკა თითქმის დარწმუნებული იყო იმაში, რომ მსოფლიოს 321-ე ნომერი ჯორდან ტომპსონი შეძლებდა პატარა სასწაულის მოხდენას და პოლონელი იერჟი იანოვიჩის შეჩერებას. ავსტრალიელს პირველ ორ სეტში აშკარა უპირატესობა ჰქონდა, მხოლოდ შვიდი უნებლიე შეცდომა დაუშვა, იმ დროს, როცა პოლონელი 29-ჯერ შეცდა.

მიუხედავად ამისა, იუნიორმა სასწაული ვერ მოახდინა. იანოვიჩმა ხელთ იგდო ინიციატივა და ყოველი გეიმის შემდეგ სულ უფრო უკეთ თამაშობდა, ტომპსონმა კი ვერაფერი აჩვენა მეოთხე და მეხუთე სეტებში. მიუხედავად ამისა, მისი დებიუტი "დიდ სლემზე" დიდი ხანი დაამახსოვრდებათ ჩოგბურთის მოყვარულებს.

დღის რევანში
ერთი კვირის წინ, ჰობარტის ტურნირზე სამანტა სტოსური კლარა ზაკოპალოვასთან დამარცხდა და 13 იანვარს რევანში მართებდა. ავსტრალიელმა თავიდანვე ბრეიკი გააკეთა და პირველი სეტი მოიგო, მეორეში კი მოდუნდა და მეტოქეს 4:1 დაწინაურების საშუალება მისცა, მაგრამ, როცა მესამე პარტია გარდაუვალი ჩანდა, ჩეხმა თამაშზე კონტროლი დაკარგა, რითაც სტოსურმა კარგად ისარგებლა და ბოლო ხუთი გეიმი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

დღის განადგურება
ავსტრალიის ღიას ორგზის ფინალისტი ნა ლი ერთი ამოსუნთქვით გაუსწორდა ავსტრალიის ღიას ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეს, ხორვატ ანა კონიუხს. 16 წლის ჩოგბურთელი სრულიად უმწეო იყო გამოცდილი ჩინელის წინააღმდეგ. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ლიმ ამ მატჩში 61 ქულა აიღო, მისმა მეტოქემ - მხოლოდ 36.

თუ შარშანდელი ფინალისტისგან ასეთ დამაჯერებელ გამარჯვებას ყველა ელოდა, გასაკვირი იყო ანიკა ბეკის "მშრალი" ანგარიშით მოგება პეტრა მარტიჩის წინააღმდეგ. 19 წლის გერმანელმა არც ერთი გეიმი არ გაიმეტა მეტოქისთვის, არადა, ორი ბრეიკ-პოინტის შანსი მისცა მას. საბოლოოდ, მარტიჩის ანგარიშზე მთელი მატჩის განმავლობაში მხოლოდ 12 ქულა იყო.

დღის რიცხვი

26 წელი და 5 თვე - სწორედ ამდენი წლის იყო იაპონელი კიმიკო დატე, როცა მისი გუშინდელი მეტოქე ბელინდა ბენჩიჩი მოევლინა ამ ქვეყანას. იმ მომენტისთვის დატემ მოასწრო WTA-ს რვა ტიტულის მოგება, "დიდი სლემის" ტურნირების სამ ნახევარფინალში თამაში, მსოფლიოს რეიტინგის მეოთხე საფეხურზე ყოფნა და კარიერის დასრულება.

მაგრამ ეს არაფერს ნიშნავდა შვეიცარიელი ამომავალი ვარსკვლავისთვის: 16 წლის ჩოგბურთელმა, რომელმაც გასულ სეზონში იუნიორების როლან გაროსი და უიმბლდონი მოიგო, სამ სეტში - 6:4, 4:6, 6:3 გაიმარჯვა.

ციფრები ლაპარაკობენ
ავსტრალიის ღია პირველობის სტარტის წინ ტურნირის ოფიციალურ ვებგვერდზე საინტერესო სტატისტიკური მონაცემები გამოქვეყნდა...

რაფაელ ნადალი (ესპანეთი, 1)
- ავსტრალიის ღიაზე გამარჯვების შემთხვევაში, ნადალი გახდება ერთადერთი ჩოგბურთელი "ღია ერაში", ვინც მინიმუმ ორჯერ გაიმარჯვებს "დიდი სლემის" ყველა ტურნირზე.
- გარდა ამისა, მოგების შემთხვევაში, ნადალი "დიდი სლემის" მე-14 ტიტულს მოიპოვებს. ასე რომ, ესპანელი ამ მაჩვენებლით პიტ სამპრასს გაუტოლდება და მასზე წინ მხოლოდ როჯერ ფედერერი იქნება.
- რაფაელ ნადალს შეუძლია მოიგოს ავსტრალიის ღია პირველობა ამ ტურნირზე პირველი გამარჯვებიდან ხუთი წლის თავზე. ბოლოს ასეთი რამ ანდრე აგასიმ შეძლო, ვინც 1995 წელს მოიგო ტურნირი და ეს მიღწევა 2000 წელს გაიმეორა.

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი, 2)
- ნოვაკ ჯოკოვიჩი შეიძლება გახდეს პირველი ჩოგბურთელი, ვისაც ავსტრალიის ღია პირველობა "ღია ერაში" ხუთჯერ ექნება მოგებული. ასევე ოთხ-ოთხი გამარჯვებაა აგასისა და ფედერერის ანგარიშზე.
- ჯოკოვიჩს ზედიზედ სამჯერ (2011-13) აქვს მოგებული ავსტრალიის ღია პირველობა, რაც "ღია ერაში" არავის გაუკეთებია.
- მორიგი წარმატების შემთხვევაში, ჯოკოვიჩს ხუთი გამარჯვება ექნება შვიდ სეზონში (71.4 პროცენტი).

ენდი მარეი (ბრიტანეთი, 4)
- ენდი მარეის ავსტრალიის ღიას სამ ფინალში აქვს მიღებული მონაწილეობა (2010, 2011, 2013). მან სამივე გადამწყვეტი მატჩი წააგო.
- ავსტრალიის ღიას ფინალში კიდევ ერთი წაგების შემთხვევაში, მარეი დაამყარებს ანტირეკორდს. ის იქნება "ღია ერაში" ერთადერთი ჩოგბურთელი, ვინც ოთხჯერ წააგო ამ ტურნირის ფინალი.
- ფრედ პერი 1934 წელს გახდა ბოლო ბრიტანელი, ვინც ავსტრალიის ღიაზე მთავარი პრიზი მოიპოვა.
- მარეი შეიძლება გახდეს მეორე ბრიტანელი პერის შემდეგ, ვისაც "დიდი სლემის" სამი სხვადასხვა ტურნირი ექნება მოგებული.

როჯერ ფედერერი (შვეიცარია, 6)
- როჯერ ფედერერმა "დიდი სლემის" ბოლო 15 ტურნირიდან მხოლოდ ერთი მოიგო. თუ ამ მონაკვეთამდე ბოლო 15 ტურნირს ავიღებთ, მის ანგარიშზე იყო 9 ტიტული (მათ შორის - ოთხი ავსტრალიის ღიაზე).
- წლევანდელი ტურნირის ფინალის დღეს ფედერერი 32 წლის და 171 დღის იქნება. გამარჯვების შემთხვევაში, ის გახდება ერთ-ერთი ყველაზე ასაკოვანი ჩოგბურთელი, ვინც მთავარ პრიზს მიიღებს. კენ როზუოლმა ეს 37 წლისა და 67 დღის ასაკში მოახერხა (1972), აგასიმ - 32 წლისა და 272 დღის ასაკში (2003).
- გასულ სეზონში ფედერერმა ATP-ის მხოლოდ ერთი ტურნირი მოიგო (ჰალეში). ეს მისი უარესი შედეგია 2001 წლის შემდეგ, როცა ასევე ერთი გამარჯვება ჰქონდა.
- წელს ფედერერს მხოლოდ ერთი მოგება სჭირდება ივან ლენდლის რეკორდის გასამეორებლად - მინიმუმ ერთი ტიტული ზედიზედ 14 წლის განმავლობაში.

სერენა უილიამსი (აშშ, 1)
- სერენა უილიამსი შეეცდება განაახლოს მისივე რეკორდი "ღია ერაში" ავსტრალიის ღია პირველობაზე მოპოვებული ტიტულების რაოდენობით. ამერიკელი წელს მეექვსე მოგებისთვის იბრძოლებს.
- სერენას ასევე ხუთ-ხუთჯერ აქვს მოგებული უიმბლდონი და აშშ-ის ღია. ავსტრალიაში წარმატების შემთხვევაში, ეს ტურნირი მისთვის ყველაზე წარმატებული იქნება.
- უმცროსმა უილიამსმა უკვე მოიპოვა "დიდ სლემზე" ტიტულების სარეკორდო რაოდენობა (10) ჰარდის საფარზე ("ღია ერა"). ამერიკელის შემდეგ მოდიან შტეფი გრაფი (9) და მონიკა სელეში (6).
- ავსტრალიაში გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიოს პირველ ჩოგანს "დიდი სლემის" 18 ტიტული დაუგროვდება. "ღია ერაში" უფრო მეტი მოგება მხოლოდ გრაფს აქვს (22).

ვიქტორია აზარენკა (ბელორუსი, 2)
- ვიქტორია აზარენკა ეცდება ავსტრალიის ღიას ზედიზედ მესამედ მოგებას.
- "ღია ერაში" ზედიზედ სამჯერ ავსტრალიის ღია პირველობა მოგებული აქვთ: მარტინა ჰინგისს (1997-99), სელეშს (1991-93), გრაფს (1988-90), ივონ გულაგონგსა (174-76) და მარგარეტ კორტს (1969-71).
- ავსტრალიის ღია "დიდი სლემის" ერთადერთი ტურნირია, რომელშიც აზარენკას გაუმარჯვია.

მარია შარაპოვა (რუსეთი, 3)
- მარია შარაპოვა ეცდება მოიგოს "დიდი სლემის" პირველი ტიტული მას შემდეგ, რაც 2012 წელს როლან გაროსზე გაიმარჯვა.
- შარაპოვას მოგებული აქვს "დიდი სლემის" ოთხივე ტურნირი, მაგრამ თითოეულზე მხოლოდ ერთხელ გაუმარჯვია.
- "დიდი სლემის" ყველა ტიტული შარაპოვამ ლუწ წლებში მოიგო (უიმბლდონი-2004, აშშ-ის ღია-2006, ავსტრალიის ღია-2008 და როლან გაროსი-2012).
- შარაპოვას სამჯერ უთამაშია ავსტრალიის ღიას ფინალში (2007, 2008, 2012). "დიდი სლემის" ყველა ტურნირიდან რუსს ყველაზე მეტჯერ სწორედ ავსტრალიაში მიუღწევია ფინალამდე.

ნა ლი (ჩინეთი, 4)
- ბოლო სამი სეზონის განმავლობაში, ლიმ ორჯერ მიაღწია ავსტრალიის ღიას ფინალამდე. ორივეჯერ მან თავის მეტოქეებთან სამ სეტში წააგო (კიმ კლაისტერსთან 2011 წელს და ვიქტორია აზარენკასთან 2013 წელს).
- ჩინელი შეიძლება გახდეს მეორე ჩოგბურთელი, ვისაც ავსტრალიის ღიას სამი ფინალი ექნება წაგებული. "ღია ერაში" ასეთი შედეგი მხოლოდ ივონ გულაგონგს ჰქონდა.

I წრე

კაცები
ბერდიხი (ჩეხ, 7)-ნედოვესოვი (ყაზ) 6:3, 6:4, 6:3; დე სხეპერი (საფ)-ვუ (ჩინ) 7:5, 7:5, 7:6(2); ძუმჰური (ბოს)- ჰაიეკი (ჩეხ) 6:4, 6:2, 6:1; დოდიგი (ხორ, 32)-კარლოვიჩი (ხორ) 7:6(8), 6:3, 7:6(4); ანდერსონი (ს. აფრ, 19)-ვესელი (ჩეხ) 2:6, 6:7(4), 6:4, 6:4, 6:4; ტიემი (ავსტრა)-სოუზა (პორ) 5:7, 6:4, 6:3, 7:6(3); როჟე-ვასელენი (საფ)-ბერლოკი (არგ) 6:4, 7:6(5), 6:7(9), 6:2; გარსია-ლოპესი (ესპ)-ჰაასი (გერ, 12) 7:5, 6:2 უარი; იუჟნი (რუს, 14)-შრუფი (გერ) 6:1, 6:4, 6:2; ფ. მაიერი (გერ)-კუდლა (აშშ) 6:4, 6:2, 6:4; ანდუხარი (ესპ)- რამოსი (ესპ) 6:4, 6:2, 6:4; იანოვიჩი (პოლ, 20)-ტომპსონი (ავსტრა) 1:6, 4:6, 6:4, 6:2, 6:1; შარდი (საფ, 29)-ჰუტა გალუნგი (ჰოლ) 6:2, 6:4, 6:4; დოლგოპოლოვი (უკრ)-ბერანკისი (ლიტ) 7:5, 7:5, 6:2; მანარინო (საფ)-ჯონსონი (აშშ) 3:6, 6:3, 6:0, 5:7, 6:4; ფერერი (ესპ, 3)-გონსალესი (კოლ) 6:3, 6:4, 6:4; ვავრინკა (შვეიც, 8)-გოლუბევი (ყაზ) 6:4, 4:1 უარი; ფალა (კოლ)-კუკუშკინი (ყაზ) 6:7(2), 6:2, 6:2, 6:3; ებდენი (ავსტრა)-მაუ (საფ) 6:3, 7:5, 4:6, 0:6, 6:3; პოსპიშილი (კან, 28)-გროტი (ავსტრა) 6:4, 6:3, 6:4; რობრედო (ესპ, 17)-როსოლი (ჩეხ) 6:1, 6:7(7), 3:6, 7:6(5), 8:6; ბენეტო (საფ)-კარენო ბუსტა (ესპ) 6:3, 3:6, 4:6, 6:1, 6:2; დავიდენკო (რუს)-კუბოტი (პოლ) 2:6, 6:3, 3:6, 6:3, 6:4; გასკე (საფ, 9)-გუეზი (საფ) 7:5, 6:4, 6:1; ფონინი (იტა, 15)-ბოგომოლოვი (რუს) 6:3, 6:2 უარი; ნიემინენი (ფინ)-სელა (ისრ) 3:6, 7:6(3), 6:7(3), 6:3, 6:3; კუერი (აშშ)-ხირალდო (კოლ) 6:3, 6:2, 3:6, 7:6(3); გულბისი (ლატ, 23)-მონაკო (არგ) 1:6, 6:4, 7:6(4), 6:2; ტურსუნოვი (რუს, 30)-რასელი (აშშ) 6:2, 6:2, 6:3; ისტომინი (უზბ)-ბაღდატისი (კვიპ) 6:4, 7:5, 6:4; ლ. მაიერი (არგ)-მონტანესი (ესპ) 6:1, 6:3, 6:1; ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ლაჩკო (სლოვაკ) 6:3, 7:6(2), 6:1.

ქალები
ს. უილიამსი (აშშ, 1)-ბარტი (ავსტრა) 6:2, 6:1; დოლონცი (სერ)-არუაბარენა (ესპ) 2:6, 6:2, 6:4; კარ. პლიშკოვა (ჩეხ)-პარმენტიე (საფ) 6:0, 6:1; ჰანტუხოვა (სლოვაკ, 31)-უოტსონი (ბრიტ) 7:5, 3:6, 6:3; სტოსური (ავსტრა, 17)-ზაკოპალოვა (ჩეხ) 6:3, 6:4; პირონკოვა (ბულ)-სოლერ ესპინოსა (ესპ) 6:3, 6:2; ბეკი (გერ)-მარტიჩი (ხორ) 6:0, 6:0; ივანოვიჩი (სერ, 14)-ბერტენსი (ჰოლ) 6:4, 6:4; ჟენგი (ჩინ)-ვინჩი (იტა, 12) 6:4, 6:3; კისი (აშშ)-მეირი (ავსტრია) 6:2, 6:7(8), 9:7; დელაკუა (ავსტრა)-ზვონარევა (რუს) 6:2, 6:2; ფლიპკენსი (ბელ, 18)-რობსონი (ბრიტ) 6:3, 6:0; ბუშარი (კან, 30)-ტანი (ჩინ) 7:5, 6:1; რაზანო (საფ)-ვან უიტვანკი (ბელ) 7:6(3), 7:6(3); დევისი (აშშ)-ვიკერი (აშშ) 6:3, 6:3; გორგესი (გერ)-ერანი (იტა, 7) 6:3, 6:2; ნა ლი (ჩინ, 4)-კონიუჰი (ხორ) 6:2, 6:0; ბენჩიჩი (შვეიც)-დატე (იაპ) 4:6, 6:4, 6:3; ჰრადეცკა (ჩეხ)-ვეკიჩი (ხორ) 6:3, 6:1; საფაროვა (ჩეხ, 26)-გლუშკო (ისრ) 7:5, 3:6, 6:1; მაკაროვა (რუს, 22)-ვ. უილიამსი (აშშ) 2:6, 6:4, 6:4; ფალკონი (აშშ)-მედინა გარიგესი (ესპ) 6:3, 6:1; ნიკულესკუ (რუმ)-პეერი (ისრ) 6:4, 6:1; ლისიცკი (გერ, 15)-ლუჩიჩი (ხორ) 6:2, 6:1; კერბერი (გერ, 9)-გაიდოშოვა (ავსტრა) 6:3, 0:6, 6:2; კუდრიავცევა (რუს)-გარსია (საფ) 6:2, 7:6(7); ვიკმაიერი (ბელ)-პფიცენმაიერი (გერ) 7:6(5), 6:3; რისკე (აშშ)-ვესნინა (რუს, 23) 6:2, 6:2; პენეტა (იტა, 28)-კადანტუ (რუმ) 6:0, 6:2; პუიგი (პ-რიკო)-ტატიშვილი (საქ) 6:2, 6:4; ბარტელი (გერ)-ჟანგი (ჩინ) 7:6(4), 6:3; კუმხუმი (ტაილ)-კვიტოვა (ჩეხ, 6) 6:2, 1:6, 6:4.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული