ავსტრალიის ღია პირველობა სერენას გარეშე გაგრძელდება

AutoSharing Option
ბოლო სამი დღის განმავლობაში, ავსტრალიის ღიაზე დასრულდა მესამე რაუნდი და 19 იანვარს სანახევროდ დაკომპლექტდა მეოთხედფინალური ეტაპის წყვილები.

V დღე
დღის მატჩი.
ყველაზე საინტერესო დაპირისპირება სამანტა სტოსურსა და ანა ივანოვიჩს შორის იყო. შინაარსობრივად, შეხვედრა დაძაბული გამოვიდა. პირველ სეტში სტოსურმა სამმაგი სეტბოლი მოიგერია, თავად კი მეშვიდე ცდაზე გამოიყენა სეტპოინტი. მეორე სეტში ივანოვიჩმა შეძლო ინიციატივის მოპოვება. სტოსურმა რამდენჯერმე სცადა თამაშში დაბრუნება, მაგრამ ანას შემტევმა თამაშმა ლიდერობის შენარჩუნების საშუალება მისცა.

დღის გადარჩენა
. იუნიორებთან ორი მატჩის შემდეგ, პირველად წააწყდა სერიოზულ წი
ნააღმდეგობას ავსტრალიის ღიას ორგზის ფინალისტი ნა ლი. მისი მეტოქე იყო ლუსი საფაროვა. ჩინელმა ჩააგდო პირველი პარტია, მეორეში კი მის მეტოქეს მატჩბოლი ჰქონდა და ლუსის სულ რამდენიმე სანტიმეტრი დააკლდა მატჩის მოგებამდე. საბოლოოდ, ლიმ მეორე სეტი ტაიბრეიკზე მოიგო, მესამეში კი უკვე დამაჯერებლად გრძნობდა თავს კორტზე.

ჯოკოვიჩის დამაჯერებლობა
. ნოვაკ ჯოკოვიჩმა სამ სეტში გაიარა დენის ისტომინის ბარიერი. პირველი ორი პარტია მისი სრული უპირატესობით წარიმართა, მესამეში კი უზბეკმა მოუმატა და კინაღამ საქმე ტაიბრეიკამდე მიიყვანა, მაგრამ 5:5-ზე სერბმა მოახერხა ზედიზედ ორი გეიმის აღება.

სერენას პირველი პრობლემა
. მესამე წრეში ქალთა შორის მსოფლიოს პირველი ჩოგანის, სერენა უილიამსის მეტოქე დანიელა ჰანტუხოვა იყო. შეხვედრა მაინცდამაინც სანახაობრივი არ გამოვიდა, რადგან ამერიკელი საკმაოდ უღიმღამოდ თამაშობდა და ძირითადად, საკუთარი მოწოდების ხარჯზე ინარჩუნებდა უპირატესობას. ორი სეტის განმავლობაში, უმცროს უილიამსს 10 ეისი დაუგროვდა. ამასთან, პირველ პარტიაში ჰანტუხოვას არაერთი შანსი ჰქონდა მატჩის თავის სასარგებლოდ შემოსატრიალებლად, მაგალითად, ორჯერ ორმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ ყოველ ჯერზე სერენა თამაშს უმატებდა და ახერხებდა საკუთარი გეიმების გადარჩენას.

VI დღე
დღის მატჩი
. გამოუსწორებელი ოპტიმისტები. რაფაელ ნადალისა და გაელ მონფილსის შეხვედრაში ელოდნენ ბრძოლას ფრანგი ჩოგბურთელის მხრიდან, მით უმეტეს, რომ ეს ჩოგბურთელები ცოტა ხნის წინ, დოჰას ტურნირში შეხვდნენ ერთმანეთს და მაშინ მონფილსმა შეძლო ერთი სეტის აღება. არც ის ავიწყდებოდათ, რომ გაელს ორჯერ ჰყავდა ნადალი დამარცხებული ჰარდზე, მაგრამ ამჯერად ბრძოლა არ შედგა. რეიტინგის პირველმა ნომერმა ორ საათში წარმატების არანაირი შანსი არ დაუტოვა მეტოქეს - 6:1, 6:2, 6:3.

სხვა ფავორიტებიც შაბათს წესრიგში იყვნენ. როჯერ ფედერერმა საათსა და 41 წუთში გაანადგურა რუსი თეიმურაზ გაბაშვილი - 6:2, 6:2, 6:3. გაბაშვილს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა.

უპრობლემოდ მოიგო თავისი მატჩი ენდი მარეიმ. მანაც სამი სეტი იკმარა ფელისიანო ლოპესის დასამარცხებლად. ენდის მხოლოდ პირველ სეტში დასჭირდა ტაი-ბრეიკის თამაში, მომდევნო ორ პარტიაში კი მისი უპირატესობა აშკარა იყო. ბრიტანელს ბრწყინვალე ბადე აქვს. მეოთხე წრეში ის შეხვდება ფრანგ სტეფან რობერს, რომელიც 33 წლის ასაკში პირველად გავიდა "დიდი სლემის" მერვედფინალში. არადა, რობერმა წააგო კვალიფიკაცია და ძირითად ბადეში ე. წ. ლაქი ლუზერის რანგში მოხვდა.

ასევე პირველად ითამაშებს "დიდი სლემის" მერვედფინალში გრიგორ დიმიტროვი, რომელმაც დღის ერთ-ერთ ცენტრალურ მატჩში კანადელი მილოშ რაონიჩი დაამარცხა - 6:3, 3:6, 6:4, 7:6.

მარია წესრიგში იყო. კარინ კნაპთან ურთულესი მარათონის შემდეგ მარია შარაპოვამ შეძლო მესამე რაუნდში მეტ-ნაკლებად იოლად მოგება. რუსის მეტოქე ალიზ კორნე იყო, რომელმაც წლის დასაწყისში ჟო-ვილფრიდ ცონგასთან ერთად შეძლო ჰოპმანის თასის მოგება. მარიამ დამაჯერებლად აიღო პირველი სეტი, მაგრამ მეორეს დასაწყისში ფრანგმა ბრეიკი გააკეთა. შარაპოვამ იქვე დაიბრუნა დაკარგული გეიმი და მალე მატჩზე ჩაწოდების უფლებაც მიიღო, მაგრამ მარიამ ბოლომდე იბრძოლა და საქმე ტაი-ბრეიკამდე მიიყვანა, რომელშიც სეტბოლის მოგერიების შემდეგ გაიმარჯვა.

შარაპოვას მთავარი პრობლემა ამ მატჩში მოწოდება იყო, რადგან ორჯერ ვერ ჩააწოდა მატჩზე, 8 ორმაგი შეცდომა დაუშვა და პირველი მოწოდების სიზუსტე 50 პროცენტს უდრიდა.

მერვედფინალში მარიას მეტოქე დომინიკა ციბულკოვა იქნება, რომელიც ძალიან იოლად მიიწევს წინ სატურნირო ბადეში. მეორე და მესამე რაუნდებში მან მხოლოდ ორი გეიმი წააგო. სლოვაკმა მერვედფინალის საგზური ესპანელი კარლა სუარეს-ნავაროს განადგურებით მოიპოვა - 6:1, 6:0.

ბადის ამავე ნაწილში ელენა იანკოვიჩმა ზედიზედ მესამე იაპონელი ჩოგბურთელი დაამარცხა. მისაკი დოისა და აიუმი მორიტას შემდეგ მან არც კურუმი ნარა დაინდო. თუმცა სწორედ ამ უკანასკნელმა შეუქმნა ყველაზე მეტი პრობლემა სერბს, რადგან მეორე სეტში აზიელი სეტზე აწვდიდა. ახლა, მეოთხედფინალში გასასვლელად, იანკოვიჩს რუმინელ სიმონა ჰალეპთან მოუწევს შეხვედრა, რომელმაც მესამე წრეში ზარინა დიასს მოუგო - 6:1, 6:4.

დღის განადგურება. ვიქტორია აზარენკას არანაირი პრობლემა არ ჰქონია მესამე რაუნდში. ავსტრალიის ღიას ორგზის მოქმედ ჩემპიონს ამ ტურნირზე თავისთვის ყველაზე იოლი მატჩი ჰქონდა. მან ზედიზედ 11 გეიმი მოუგო ავსტრიელ ივონ მოისბურგერს და 6:1, 6:0 გაანადგურა. ბელორუსმა ავსტრალიის ღიაზე მოგებათა სერია 17 მატჩამდე აიყვანა.

ახლა მერვედფინალში შედგება შარშანდელი ნახევარფინალის რემატჩი, რომელშიც აზარენკამ სლოუნ სტივენსს მოუგო. ამერიკელმა შაბათს ტურნირს გამოთიშა ელინა სვიტოლინა. ამასთან, უკრაინელმა პირველ პარტიაში სეტზე ვერ ჩააწოდა, მეორეში კი ბოლოსკენ ვეღარ გაძლო - 5:7, 4:6.

დღის სიურპრიზი. ესპანელი გარბინ მუგურუსა აგრძელებს წარმატებულ გამოსვლას. მან სეზონი ოკლენდში ვენუს უილიამსთან წაგებით დაიწყო, შემდეგ კი 20 წლის პირინეელმა ჰობარტის ტურნირი მოიგო. ახლა გარბინი ავსტრალიის ღიას მერვედფინალში გავიდა, როცა სამსაათიანი მარათონი მოუგო კაროლინ ვოზნიაცკის. ამით ესპანელის მოგებათა სერია 11 მატჩამდე ავიდა.

თავიდან დანიელი უკეთ გამოიყურებოდა - მან მოიგო პირველი სეტი და მეორეში თანაბრად იბრძოდა, მაგრამ ბოლოს დათმო საკუთარი მოწოდება. მესამე პარტიაში მურუგუსა უკვე შეუჩერებელი იყო და მან კარიერაში ერთ-ერთ დიდ გამარჯვებას მიაღწია. ესპანელი პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის მესამე წრეში და ახლა გააუმჯობესა პირადი მიღწევა. სხვათა შორის, მატჩს თვალს ადევნებდა ფედერაციის თასზე ესპანეთის ნაკრების კაპიტანი კონჩიტა მარტინესი. გარბინს ჯერ არც ერთ ნაკრებში არ უთამაშია და ამ მხრივ, არჩევანის საშუალება აქვს, რადგან ვენესუელაშია დაბადებული.

რაც შეეხება ვოზნიაცკის, ის ამ ტურნირის შემდეგი გამოვარდება TOP10-დან და მის ადგილს იქ სიმონა ჰალეპი დაიკავებს.

დღის ციფრი.
29 ორმაგი შეცდომა დაუგროვდა მარია შარაპოვას სამი მატჩის განმავლობაში. რუსი ამ მაჩვენებლით ლიდერობს ავსტრალიის ღიას ყველა მონაწილეს შორის. ყველაზე ახლოს მარიასთან გარბინ მუგურუსაა 17 ორმაგით.

VII დღე
დღის მატჩი.
თანამედროვე ჩოგბურთის ულაპარაკო ლიდერის, სერენა უილიამსისა და მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის, ანა ივანოვიჩის შეხვედრა, ნებისმიერ შემთხვევაში, საინტერესო უნდა ყოფილიყო. ჰანტუხოვასთან მოგების შემდეგ ამერიკელმა განაცხადა, რომ ზურგის ტრავმა აწუხებდა და კინაღამ მიატოვა ტურნირი. 19 იანვარს სერენა კორტზე მაინც გავიდა, მაგრამ თავისი გულშემატკივრები ვერ გაახარა.

"დღეს ვცადე გამეკეთებინა ყველაფერი. შესაძლოა, არ ვარ საუკეთესო ფიზიკურ კონდიციებში, მაგრამ ახლა არაფრის შეცვლა არ შეიძლება. ანამ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და დაიმსახურა გამარჯვება.

რა თქმა უნდა, ბურთს ისე ვერ ვურტყამდი, როგორც ჩვეულებრივად ვაკეთებ, მოძრაობა მიჭირდა და ისეთ შეცდომებს ვუშვებდი, როგორიც ბოლო ორი წელი არ მქონია, მაგრამ არა უშავს. მთავარია, ვიცი, რომ უკეთ თამაში შემიძლია"
, - განაცხადა სერენამ.

ივანოვიჩი, რომელსაც წინა ოთხ მატჩში ამერიკელისთვის სეტიც არ ჰქონდა მოგებული, თავიდან ნერვებს ვერ გაუმკლავდა და პირველი სეტი წააგო - 4:6, მაგრამ მეორე და მესამე სეტებში სერბმა ჩოგბურთელმა იგივე გაიმეორა, რაც სტოსურთან მატჩში - შესანიშნავი თამაში აჩვენა. ანა შესანიშნავად აწვდიდა და იღებდა, მკვეთრად და სწრაფად მოქმედებდა. საკუთარი ბოლო ორი გეიმი "მშრალი" ანგარიშით აიღო და ემოციურად აღნიშნა გამარჯვება. 26 წლის სერბი კარიერაში მეორედ და 2008 წლის შემდეგ პირველად გავიდა ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში.

დამაჯერებელი ლი. დაამტკიცა ფავორიტის სტატუსი ნა ლიმ. მან 59 წუთში გაანადგურა სატურნირო ბადის ზედა ნახევარში დარჩენილი ერთადერთი რუსი - ეკატერინა მაკაროვა. ამ უკანასკნელმა მატჩის შემდეგ აღიარა, რომ ჩინელის წინააღმდეგ არანაირი შანსი არ ჰქონდა. რუსი მართალია: ოთხი "ვინერსით" მატჩის მოგება შეუძლებელია.

ახლა მეოთხედფინალში ლის ფლავია პენეტასთან შეხვედრა ელის. ერთი წლის წინ იტალიელი აღდგენით კურსს გადიოდა მაჯის ტრავმის შემდეგ. ამიტომაც ავსტრალიის ღიაზე არ უთამაშია. 31 წლის პირინეელის მელბურნში დაბრუნება ძალიან წარმატებული გამოვიდა. მერვედფინალში მან მსოფლიოს მეცხრე ჩოგანი ანჟელიკ კერბერი სამ სეტში დაამარცხა და კარიერაში მეხუთედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში.

დღის მიღწევა. პირველად გამოდის ავსტრალიის ღიაზე ქალთა ჩოგბურთის ამომავალი ვარსკვლავი ეჟენი ბუშარი, რომელმაც 19 იანვარს შეაჩერა ბადეში შემორჩენილი ერთადერთი ავსტრალიელის, კეისი დელაკუას წინსვლა. ამით მან ისტორიაში ჩაწერა თავისი სახელი, რადგან პირველი კანადელი ჩოგბურთელი გახდა, რომელმაც 1992 წლის შემდეგ "დიდი სლემის" ტურნირზე მეოთხედფინალამდე მიაღწია. ახლა ბუშარს წინ აქვს მატჩი ივანოვიჩთან.

დღის კანონზომიერება. მამაკაცთა სატურნირო ბადის ქვედა ნაწილში TOP8-ის ყველა წარმომადგენელი გავიდა მეოთხედფინალში. ავსტრალიის ღიას ოთხგზის ჩემპიონმა ჯოკოვიჩმა მხოლოდ ხუთი გეიმი მისცა ფაბიო ფონინის და ახლა სტანისლას ვავრინკას შეხვდება, რომელმაც ასევე სამ სეტში მოუგო ტომი რობრედოს. შეგახსენებთ, რომ სერბი და შვეიცარიელი 2013 წელსაც არკვევდნენ ურთიერთობას ავსტრალიის ღიაზე და ჯოკოვიჩმა 12:10 მოიგო მეხუთე სეტი.

კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი შეადგინეს მესამე ნომრად განთესილმა დავიდ ფერერმა და მეშვიდე ჩოგანმა ტომაშ ბერდიხმა. მათ, შესაბამისად, ფლორიან მაიერი და კევინ ანდერსონი დაამარცხეს. ესპანელი, რომელიც "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში ზედიზედ მეცხრედ გავიდა, ჩეხს პირად შეხვედრებში 7:4-ს უგებს.

კაცები
1/16-ფინალი
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-გაელ მონფილსი (საფ, 25) 6:1, 6:2, 6:3; კეი ნიშიკორი (იაპ, 16)-დონალდ იანგი (აშშ) 7:5, 6:1, 6:0; გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 22)-მილოშ რაონიჩი (კან, 11) 6:3, 3:6, 6:4, 7:6(10); რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ)-ბენუა პერი (საფ, 27) 6:2, 6:1, 6:4; ენდი მარეი (ბრიტ, 4)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 26) 7:6(2), 6:4, 6:2; სტეფან რობერი (საფ)-მარტინ კლიჟანი (სლოვაკ) 6:0, 7:6(2), 6:4; ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 10)-ჟილ სიმონი (საფ, 18) 7:6(5), 6:4, 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 6)-თეიმურაზ გაბაშვილი (რუს) 6:2, 6:2, 6:3; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-დამირ ძუმჰური (ბოს) 6:4, 6:2, 6:2; კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 19)-გილერმო გარსია-ლოპესი (ესპ) 3:6, 4:6, 6:3, 7:6(5), 7:5; ფლორიან მაიერი (გერ)-იერჟი იანოვიჩი (პოლ, 20) 7:5, 6:2, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 3)-ჟერემი შარდი (საფ, 29) 6:2, 7:6(5), 6:2; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 8)-ვასეკ პოსპიშილი (კან, 28) უარი; ტომი რობრედო (ესპ, 17)-რიშარ გასკე (საფ, 9) 2:6, 7:5, 6:4, 7:6(6); ფაბიო ფონინი (იტა, 15)-სემ კუერი (აშშ) 7:5, 6:4, 6:4; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-დენის ისტომინი (უზბ) 6:3, 6:3, 7:5.

1/8-ფინალი
ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 19) 6:2, 6:2, 6:3; დავიდ ფერერი (ესპ, 3)-ფლორიან მაიერი (გერ) 6:7(5), 7:5, 6:2, 6:1; სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 8)-ტომი რობრედო (ესპ, 17) 6:3, 7:6(3), 7:6(5); ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2)-ფაბიო ფონინი (იტა, 15) 6:3, 6:0, 6:2.

ქალები
1/16-ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ, 31) 6:3, 6:3; ანა ივანოვიჩი (სერ, 14)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 17) 6:7(8), 6:4, 6:2; კეისი დელაკუა (ავსტრა)-ჟიე ჟენგი (ჩინ) 6:2, 6:4; ეჟენი ბუშარი (კან, 30)-ლორენ დევისი (აშშ) 6:2, 6:2; ნა ლი (ჩინ, 4)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 26) 1:6, 7:6(2), 6:3; ეკატერინა მაკაროვა (რუს, 22)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 6:4, 6:4; ანჟელიკ კერბერი (გერ, 9)-ალისონ რისკე (აშშ) 6:3, 6:4; ფლავია პენეტა (იტა, 28)-მონა ბარტელი (გერ) 6:1, 7:5; ელენა იანკოვიჩი (სერ, 8)-კურუმი ნარა (იაპ) 6:4, 7:5; სიმონა ჰალეპი (რუმ, 11)-ზარინა დიასი (ყაზ) 6:1, 6:4; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 20)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 16) 6:1, 6:0; მარია შარაპოვა (რუს, 3)-ალიზ კორნე (საფ, 25) 6:1, 7:6(6); აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 29) 5:7, 6:2, 6:2; გარბინ მუგურუსა (ესპ)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 10) 4:6, 7:5, 6:3; სლოუნ სტივენსი (აშშ, 13)-ელინა სვიტოლინა (უკრ) 7:5, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-ივონ მოისბურგერი (ავსტრია) 6:1, 6:0.

1/8-ფინალი
ანა ივანოვიჩი (სერ, 14)-სერენა უილიამსი (აშშ, 1) 4:6, 6:3, 6:3; ეჟენი ბუშარი (კან, 30)-კეისი დელაკუა (ავსტრა) 6:7(5), 6:2, 6:0; ნა ლი (ჩინ, 4)-ეკატერინა მაკაროვა (რუს, 22) 6:2, 6:0; ფლავია პენეტა (იტა, 28)-ანჟელიკ კერბერი (გერ, 9) 6:1, 4:6, 7:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული