ავსტრალიის ღია პირველობა: სერენას მარიაც მიჰყვა

AutoSharing Option
ავსტრალიის ღია პირველობაზე დასრულდა მერვედფინალური ეტაპი. ქალთა ბადეში ისევ იყო მოულოდნელი შედეგები, მამაკაცებში კი სენსაციები თითქმის არ ხდება - მეოთხედფინალში რეიტინგის TOP8-ის შვიდმა წარმომადგენელმა გააღწია.

დღის მატჩი
მსოფლიოს პირველი ჩოგანი, ესპანელი რაფაელ ნადალი, რომელმაც თავის პირველ სამ მეტოქეს მხოლოდ 16 გეიმი დაუთმო, პირველ სერიოზულ წინააღმდეგობას წააწყდა. მეოთხედფინალში გასასვლელად, რაფას იაპონელ კეი ნიშიკორისთან უწევდა შეხვედრა, ვისაც ერთხელ დამარცხებული ჰყავდა ესპანელი. ნადალს სამი სეტი ეყო მოსაგებად, მაგრამ მატჩი 3 საათი და 17 წუთი გაგრძელდა. ნიშიკორი ძალიან აგრესიულად თამაშობდა, კარგად შედიოდა კორტზე და
ხშირად აიძულებდა მსოფლიოს რეიტინგის ლიდერს ყრუ დაცვაში გადასვლას. კეიმ ოთხჯერ აიღო მეტოქის მოწოდება და მეორე და მესამე სეტებში ნადალი მდევრის როლში აღმოჩნდა.

რაფამ მოიგო პირველი სეტის საწყისი ორი გეიმი, მაგრამ შემდეგი სამი ნიშიკორის დარჩა. პარტია ტაი-ბრეიკამდე მივიდა, რომელშიც ესპანელმა გაფრთხილება მიიღო მწვრთნელთან კონსულტაციისთვის. რაფამ გამარჯვებამდე მიიყვანა საჩოგბურთო ლატარია - 7:3. მეორე პარტიაც არანაკლებ რთული გამოვიდა. ამჯერად ნიშიკორი გავიდა წინ - მეხუთე გეიმში ბრეიკი გააკეთა, როცა ნადალმა ცარიელ კორტს ააცილა ბურთი. თუმცა იაპონელი დიდი ხანი არ ყოფილა ლიდერი: მერვე გეიმში საპასუხო ბრეიკი შედგა და ანგარიში გათანაბრდა, მე-12 გეიმში კი რაფამ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება.

მესამე სეტის სცენარი მეორისას ჰგავდა. ნიშიკორიმ ბრეიკით დაწინაურება მოახერხა მას შემდეგ, რაც ნადალმა გაფრთხილება დაიმსახურა დროის გაწელვისა და მსაჯთან კამათისთვის. და ამჯერადაც იაპონელმა ვერ შეინარჩუნა უპირატესობა - სამი საკუთარი შეცდომით გაათანაბრებინა ანგარიში მეტოქეს და მაყურებელმა მეორე ტაი-ბრეიკი იხილა, რომელიც ნადალმა ისეთივე ანგარიშით მოიგო, როგორითაც პირველი - 7:3.

რაფაელის სუსტ თამაშს ახსნა მოეძებნება, რადგან მას ხელზე კოჟრი ჰქონდა და თამაშის მსვლელობისას, ნატკენი ადგილიდან სისხლი სდიოდა. სამაგიეროდ, დიდი ხანია ნადალს ასე კარგი პირველი მოწოდება არ ჰქონია: მის ანგარიშზე 12 ეისი მოდის.

მეოთხედფინალში ნადალი ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს შეხვდება, რომელიც პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში. გარდა ამისა, ოთხ სეტში ესპანელი რობერტო ბაუტისტა-აგუტის ძლევით, ის გახდა პირველი ბულგარელი, რომელმაც ასეთი დონის ტურნირის რვა საუკეთესოს შორის გააღწია. და კიდევ, 22 წლის დიმიტროვი ავსტრალიის ღიას ყველაზე ახალგაზრდა მეოთხედფინალისტია კეი ნიშიკორის შემდეგ, რომელიც ამ ეტაპზე 2012 წელს გავიდა.

დღის მოულოდნელობა
ავსტრალიის ღიას ბოლო რუსი წარმომადგენელი - მარია შარაპოვა გამოეთიშა. მსოფლიოს მესამე ჩოგანმა სამ სეტში წააგო რეიტინგის 24-ე ნომერთან, დომინიკა ციბულკოვასთან - 6:3, 4:6, 1:6. მეორე და მესამე სეტებს შორის რუსმა სამედიცინო ტაიმ-აუტი აიღო, თუმცა თავისი მარცხი არ დაუკავშირებია ჯანმრთელობის პრობლემებთან და შეაქო თავისი მეტოქე. პირველი სეტის წაგების შემდეგ სლოვაკი დიდ უპირატესობას ფლობდა, მომდევნო ორ პარტიაში კომფორტულ უპირატესობას მიაღწია და მართლაც კანონზომიერად მოიგო.

ნახევარფინალში გასასვლელად ციბულკოვა 2013 წლის სეზონის ერთ-ერთ გმირსა და აღმოჩენას, სიმონა ჰალეპს შეხვდება. რუმინელი შარშან მოგებული ექვსი ტიტულით დაკმაყოფილებას არ აპირებს - ის პირველად გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში, თან მომავალი ორშაბათიდან WTA-ს რეიტინგის ტოპ-ათეულში შეაღწევს. ჰალეპმა სამ სეტში გატეხა ელენა იანკოვიჩის წინააღმდეგობა - 6:4, 3:6, 6:0.

ახალი ფავორიტი
ყველას მიაჩნია, რომ სერენა უილიამსისა და მარია შარაპოვას გამოვარდნის შემდეგ ვიქტორია აზარენკას გზა გაეხსნა ავსტრალიის ღიას ზედიზედ მესამე ტიტულისკენ. ანგარიშის მიხედვით, ბელორუსს მელბურნში ზედიზედ მე-18 გამარჯვება იოლი გამოუვიდა, მაგრამ თამაშის მიხედვით ეს ასე არ იყო. შარშანდელი ნახევარფინალისტი სლოუნ სტივენსი მთელ რიგ მომენტებში მაღალ დონეზე თამაშობდა, მაგრამ სტაბილურობა აკლდა. ვიქტორია ძალიან საიმედოდ მოქმედებდა თავის მოწოდებაზე, რადგან ამერიკელს მხოლოდ ორი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა და ეს შანსები ვერ გამოიყენა. ამის წყალობით, ბელორუსი სეტის წაუგებლად აგრძელებს წინსვლას.

აზარენკა ზედიზედ მე-19 გამარჯვებას პოლონელი აგნიეშკა რადვანსკას წინააღმდეგ ეცდება, რომელმაც შეაჩერა ესპანელი გარბინ მუგურუსას ზღაპრული სვლა. აქაც, თუ ანგარიშს შევხედავთ (6:1, 6:3), შეიძლება ვივარაუდოთ, რომ აგნიეშკას იოლი გასეირნება გამოუვიდა, მაგრამ პოლონელს დიდი დრო დასჭირდა საბოლოო უპირატესობის მოსაპოვებლად - პირველი ოთხი გეიმი 36 წუთი გრძელდებოდა! შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა ესპანელს გამოცდილება არ ეყო თუნდაც ერთი ბრეიკ-პოინტის გამოსაყენებლად, არადა, ასეთი შანსი მას მრავლად ჰქონდა. თან, მუგურუსას ძალიან ბევრი - 44 უნებლიე შეცდომა დაუგროვდა.

სუპერწყვილი
შარშანდელ ფინალისტს, ენდი მარეის ყველაზე იოლი ბადე ერგო ფავორიტებს შორის. მას მერვედფინალშიც გაუმართლა, რადგან მსოფლიოს 119-ე ნომერთან, სტეფან რობერტთან მოუწია შეხვედრა. ფრანგმა წააგო ავსტრალიის ღიას კვალიფიკაცია და ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით მოხვდა ძირითად ბადეში.

მარეიმ ძალიან სწრაფად აიღო პირველი ორი სეტი - 6:1, 6:2, რამაც მოადუნა ბრიტანელის ყურადღება. ენდიმ მატჩზე ვერ ჩააწოდა, ტაი-ბრეიკზე ორმაგი მატჩბოლი ვერ გამოიყენა და დაუგეგმავი მეოთხე სეტის თამაში მოუწია. ამან მარეი გააცოფა და ჩოგანი დაამსხვრია, თუმცა დროზე მოეგო გონს და მეოთხე სეტში მეექვსე მატჩბოლზე გაიფორმა საუკეთესო რვა ჩოგბურთელს შორის ადგილი.

რაც შეეხება 20 იანვრის ცენტრალურ შეხვედრას, მან ვერ გაამართლა მოლოდინი. როჯერ ფედერერმა არა მარტო ამ ტურნირზე, არამედ ბოლო პერიოდში თავისი საუკეთესო მატჩი ჩაატარა და ორი საათიც არ დასჭირდა ჟო-ვილფრიდ ცონგას გასანადგურებლად. ფრანგი მზად არ აღმოჩნდა ლეგენდის ასეთი აგრესიული და თან, იდეალური თამაშის წინააღმდეგ.

როჯერმა თითო სეტში თითო ბრეიკი აიღო, ცონგას კი მთელი მატჩის განმავლობაში ერთადერთი ბრეიკ-პოინტი მესამე სეტის მეშვიდე გეიმში ჰქონდა, მაგრამ ფედერერმა ეს საფრთხე მოიგერია და ახლა მეოთხედფინალში გველის მისი გრანდიოზული დაპირისპირება ენდი მარეისთან.

1/8-ფინალი
კაცები
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-კეი ნიშიკორი (იაპ, 16) 7:6(3), 7:5, 7:6(3); გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 22)-რობერტო ბაუტისტა აგუტი (ესპ) 6:3, 3:6, 6:2, 6:4; ენდი მარეი (ბრიტ, 4)-სტეფან რობერი (საფ) 6:1, 6:2, 6:7(6), 6:2; როჯერ ფედერერი (შვეიც, 6)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 10) 6:3, 7:5, 6:4.

ქალები
სიმონა ჰალეპი (რუმ, 11)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 8) 6:4, 2:6, 6:0; დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 20)-მარია შარაპოვა (რუს, 3) 3:6, 6:4, 6:1; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-გარბინ მუგურუსა (ესპ) 6:1, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2)-სლოუნ სტივენსი (აშშ, 13) 6:3, 6:2.

1/4-ფინალი
კაცები
რაფაელ ნადალი (ესპ, 1)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 22); ენდი მარეი (ბრიტ, 4)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 6); ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-დავიდ ფერერი (ესპ, 3); სტანისლას ვავრინკა (შვეიც, 8)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 2).

ქალები
ანა ივანოვიჩი (სერ, 14)-ეჟენი ბუშარი (კან, 30); ნა ლი (ჩინ, 4)-ფლავია პენეტა (იტა, 28); სიმონა ჰალეპი (რუმ, 11)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ, 20); აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 5)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული