მარია შარაპოვას გუნდის წესები

AutoSharing Option
მარია შარაპოვას აგენტმა მაქს აიზენბადმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა იმის შესახებ, თუ რა გარემოებისას დაშორდა შარშან ზაფხულში მარია მწვრთნელ ტომას ჰოგსტედტს, ხოლო წლის ბოლოს სვენ გრონეფელდთან დაიწყო მუშაობა.

"ჩვენთვის ეს დაშორება სიურპრიზი აღმოჩნდა. უიმბლდონის შემდეგ ტომასი ჩვენთან მოვიდა და განაცხადა, რომ პირადი და ოჯახური მიზეზებით აღარ შეეძლო მარიასთან ერთად მოგზაურობა. ამიტომაც წყვეტდა მასთან მუშაობას. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი, რომ მსგავსი რამ შეიძლებოდა მომხდარიყო. მით უმეტეს, რომ შარაპოვას არ უყვარს მწვრთნელების ცვლა და დიდი ხნის განმავლობაში მუშაობს ერთსა და იმავე გუნდთან. აქ კი...
ჩვენ მზად არ ვიყავით მოვლენათა ამგვარი განვითარებისთვის.

სვენი იყო ჩვენს სიაში. მარიას უყვარს მწვრთნელები, რომლებიც ისეთ ჩოგბურთელებთან მუშაობდნენ, ვისაც შარაპოვა ხშირად ხვდება კორტზე. ამასთან, გრონეფელდი გამოცდილი სპეციალისტია.

პირადად მე არ მიმაჩნდა სვენის მოწვევა შესაძლებლად, რადგან მას კარგი სამუშაო ჰქონდა, მაგრამ როგორც კი ასეთი ვარიანტი გაცხადდა, დაინტერესება ყველა მხარემ გამოხატა. დავურეკე სვენს, რის შემდეგაც მარია და მამამისი იური შეხვდნენ მას. მათ მოეწონათ მოსმენილი"
.

ასევე, აიზენბადმა ილაპარაკა პრესასთან შეზღუდულ ურთიერთობაზე, რაც ახასიათებს შარაპოვას გუნდს.

"მარია ერთადერთი ადამიანია მთელ ჩვენს გუნდში, ვისაც ჟურნალისტებთან ურთიერთობა აქვს. მწვრთნელები დუმილს უნდა ინარჩუნებდნენ. ასე იყო ყოველთვის. მამამისიც კი არ იძლევა ინტერვიუებს. ჩემი აზრით, ეს სწორია, რადგან სწორედ მარია გადის კორტზე და იგებს ან აგებს მატჩებს.

რა თქმა უნდა, დიდი გამარჯვებების შემდეგ უფლებას ვაძლევთ მწვრთნელებს, გავიდნენ პრესასთან, მაგრამ ეს გამონაკლისია. ჩვენ გაგვაჩნია გარკვეული წესები, რომელიც ჯანსაღ კლიმატს ინარჩუნებს გუნდის შიგნით. მეც კი იშვიათი ურთიერთობა მაქვს ჟურნალისტებთან"
, - ამბობს აიზენბადი.

სერენამ ბოიკოტი შეწყვიტა
ამერიკელმა სერენა უილიამსმა განაცხადი შეიტანა ინდიან უელსის "პრემიერ" კატეგორიის ტურნირში მონაწილეობაზე. უილიამსს აქ 2001 წლის შემდეგ არ უთამაშია, რისი მიზეზიც გულშემატკივრებთან კონფლიქტი იყო. ამერიკელი ჩოგბურთელი მათ რასიზმის გამოვლენაში ადანაშაულებდა.

საინტერესოა, რომ გასულ კვირას 32 წლის ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ კალიფორნიის ტურნირზე ბოიკოტის შეწყვეტა მას ნელსონ მანდელაზე შექმნილი ფილმის ხილვამ გადააწყვეტინა.

ჰალეპი მწვრთნელს ეძებს
ავსტრალიის ღია პირველობის ფინალისტი, რუმინელი სიმონა ჰალეპი დღეისთვის მწვრთნელის გარეშეა დარჩენილი. ჩოგბურთელმა განაცხადა, რომ პარიზის ტურნირზე შეეცდება ვიმ ფისეტთან მუშაობას, რომელიც ცნობილი ბელგიელის, კიმ კლაისტერსის მწვრთნელი იყო.

"დიახ, ჩემს მენეჯერს ჰქონდა მასთან შეხვედრა. პარიზში პირველად შევხვდებით ერთმანეთს.

ვიცი, რომ მას კიმ კლაისტერსთან და საბინ ლისიცკისთან უმუშავია. მეტი არაფერი. პარიზში გავიცნობ ვიმს და ვნახავთ, როგორ წარიმართება თანამშრომლობა"
, - ამბობს ჰალეპი, რომელიც ორშაბათიდან WTA-ს რეიტინგის საუკეთესო ათეულში მოხვდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული