ნიკოლოზ ბასილაშვილის დუბლი გერმანიის ტურნირზე

AutoSharing Option
ახალი სეზონი შესანიშნავი შედეგით დაიწყო საქართველოს ჩოგბურთელ ვაჟთა ლიდერმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა - გერმანიაში, 15.000-იან საერთაშორისო ტურნირზე ორჯერ დაიპყრო კვარცხლბეკის უმაღლესი საფეხური.

ერთეულთა თანრიგის სტარტზე, როგორც გაუწყეთ, იოლად სძლია კარენ ხაჩანოვს (რუსეთი) - 6:1, 6:4, შემდეგ ტურნირის რეიტინგფავორიტი ნილს დესეინი (ბელგია) ჩამოიშორა გზიდან - 6:4, 6:3. მეოთხედფინალში ჩვენებურს ვერც ჩეხმა მარეკ მიხალიკამ გაუწია სათანადო წინააღმდეგობა - 6:7, 3:6. ნახევარფინალში ბასილაშვილმა ასეთივე ანგარიშით მოუგო ბულგარელ დიმიტარ კუტკოვსკის.

26 იანვარს გადამწყვეტი პაექრობის პირველი სეტი მე-2 ნომრად განთესილ მილოსლავ მეჩირთან (სლოვაკეთი) ბასილაშვილმა 2:6 წააგო,
მაგრამ მომდევნო ორში იყოჩაღა (7:5, 6:3) და პირველი ადგილი დაიკავა. წინა დღეს მსგავს წარმატებას მიაღწია წყვილებში ბელორუს ალექსანდრე ბურისთან ერთად. ქართულ-ბელორუსულმა დუეტმა აქაც შეუფერხებლად განვლო მთელი ტურნირი: მე-4 ნომრად განთესილმა ნიკოლოზმა და ალექსანდრემ ჯერ გერმანელებს - კარლ და ტილ ვაგნერებს მიუჩინეს ადგილი მაყურებლებში - 6:3, 6:1, შემდეგ მათ გზას გაუყენეს "უაილდ ქარდით" მიწვეული მასპინძლები - დავიდ ეისენზარფი და სტივენ გრივენი, ნახევარფინალში მათ მე-2 ნომრად განთესილი კარენ ხაჩანოვი (რუსეთი) და დენის მაცუკევიჩი (ორივე-რუსეთი) დაამარცხეს - 6:4, 6:4. ფინალში ულაძიმირ იგნატიკისა (ბელარუსი) და დიმიტარ კუტროვსკის (ბულგარეთი) ტანდემი დაჯაბნეს - 4:6, 6:4, 10:6.

ქართველი ჩოგბურთელის სარეიტინგო მონაგარი 27 ქულით გაიზრდება. სავარაუდოდ, ბასილაშვილი ისევ გერმანიაში რჩება და სამშაბათიდან ახალ, 15.000-იან საერთაშორისო ტურნირში ჩაებმება.

* * *

დეიტონა ბიჩის (აშშ) ქალთა საერთაშორისო ტურნირში (საპრიზო ფონდი 25.000 დოლარი) პირველ ნომრად იყო განთესილი თბილისელი ანა ტატიშვილი. რეიტინგფავორიტის სტატუსის შესაბამისად, ქართველმა სპორტსმენმაც ზედიზედ ჩამოიშორა გზიდან დია ევტიმოვა (ბულგარეთი, 5:0, მერე ტრავმის გამო მეტოქემ პაექრობა ვერ განაგრძო), ასია მუჰამადი (აშშ, 6:0, 6:4), ტეილორ თაუსენდი (აშშ, 7:5, 6:1), ნახევარფინალში ლაურა ზიგმუნდს (გერმანია, 2:6, 6:3, 6:2) გადაუღობა კვარცხლბეკისკენ მიმავალი გზა, ხოლო 26 იანვარს, ფინალში მე-4 ნომრად განთესილ 18 წლის ამერიკელს, რეიტინგით 255-ე ადგილზე მყოფ ალი კიიკს დაუპირისპირდა.

ქართველმა ჩოგბურთელმა გადამწყვეტი პაექრობაც ჩვეული ოსტატობით წარმართა და ოთხი წლით უმცროს მეტოქეს წარმატების ყოველგვარი იმედი გადაუწურა - ორ სეტში სძლია მას 6:1, 6:3 და პირველი ადგილი დაიკავა, რითაც საკლასიფიკაციო მსოფლიო რეიტინგს 50 ქულით გაიმდიდრებს.

* * *

არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ცდიდა ძალებს თამარ კუტუბიძე. წინა კვირას მან, ეკატერინა კუნინასთან ერთად, წყვილებში აბუ დაბის ახალგაზრდული ტურნირი მოიგო. ამჯერად მსგავს წარმატებას ვერ მიაღწია, მაგრამ არც ცუდად უასპარეზია.

წყვილებში აინურ სულეიმენოვასთან (ყაზახეთი) ერთად მეორე წრეში რუსებთან - ანასტასია ხიკალკინასა და რალინა კალიმულინასთან დამარცხდა - 2:6, 6:4, 9:11. სამაგიეროდ, ერთეულებში ნახევარფინალს უწია: სტარტზე ამინა ანშბას (რუსეთი) სძლია - 6:2, 6:2, მერე მე-5 ნომერი ალინა ზუბკოვა (ბელორუსი) დაამარცხა - 6:4, 6:7, 6:3, მის გზას გაუყენა მე-4 ნომრად განთესილი ინდოელი სანჯაია შუდჰირი - 2:6, 6:2, 6:3, ნახევარფინალში კი ედენ რიჩარდსონთან (დიდი ბრიტანეთი) წააგო - 4:6, 4:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ნიკუშას ვულოცავ .ჯიგარია.მაგრამ ეს ნიკას ფოტო არ არის,იქნებ ნიკას ფოტო დადოთ
giorgi93
11:53 27-01-2014
0

სიახლეები პოპულარული