ქართველი ჩოგბურთელები: ქალები ნახევარფინალში, მეტრეველი ფინალში

AutoSharing Option
ორი ქართველი ჩოგბურთელი მონაწილეობს ანტალიის 10.000-იან საერთაშორისო ტურნირში და ორივემ მეოთხედფინალში გააღწია.

მე-3 ნომრად განთესილი ეკატერინე გორგოძე ვიქტორია მუნტეანს (საფრანგეთი) დაუპირისპირდა და ორ სეტში აჯობა - 6:4, 6:2. 28 თებერვალს იგი პია კონიგის (ავსტრია) მძლეველ ქრისტინა ადამესკუს (რუმინეთი) შეხვდება.

ტურნირის მე-6 ნომერი მაკედონიელი ლინა გიორჩესკა ეყოლება მეტოქედ სოფიო ქვაცაბაიას, რომელმაც მე-2 წრეში ამერიკელი მალიკა როსე დაჯაბნა - 6:3, 6:0, მაკედონიელმა კი რალუკა გეორგიანა სერბანს (რუმინეთი) მოუგო - 6:3, 6:3. მეოთხედფინალში დანარჩენი გუშინდელი გამარჯვებულები ასე დაწყვილდნენ: ნიკოლეტა-კატალინა დასკალუ (რუმინეთი) - ჰელენ
პლოსკინა (უკრაინა), ლი ჟუ (ჩინეთი)-ლენკა ვიენეროვა (სლოვაკეთი).

წყვილებში გორგოძე და ქვაცაბაია ერთად ებრძვიან მეტოქეებს. მეოთხედფინალში ქართველთა დუეტმა დიანე ჰოლანდს (ზელანდია) და ვიქტორია მუნტეანს (საფრანგეთი) აჯობა - 6:0, 4:6, 10:3. ნახევარფინალში ჩვენი გოგონები რუმინელებს - ნიკოლეტა-კატალინა დასკალუს და რალუკა გეორგიანა სერბანს გაუწევენ მეტოქეობას. მეორე ნახევარფინალში დიანა ბუზეანი (რუმინეთი), იანა სიზიკოვა (რუსეთი) და იიჰონ ლი და ლინ ჟუ (ორივე - ჩინეთი) ითამაშებენ.

* * *

იტალიაში ბიენასკოს 25.000-იან საერთაშორისო ტურნირს დაემშვიდობა სოფიო შაფათავა. წყვილებში მან, უკრაინელ ანასტასია ვასილიევასთან ერთად, 27 თებერვალს იტალიელებთან - ნიკოლე კლერიკოსა და ჯულია გატო-მონტიკონესთან დაძაბულ პაექრობაში ორივე სეტი დათმო - 6:7, 6:7.

* * *

ყაზახეთის ჩოგბურთელ ვაჟთა 10.000-იანი ტურნირის ფინალში გავიდა ალექსანდრე მეტრეველი, რომელიც ყაზახ დენის ევსეევთან არის შეამხანაგებული. 27 თებერვალს ნახევარფინალში მათ რეიტინგფავორიტ სლოვაკებს - მარეკ სემჟანსა და ადრიან სიკორას მოუგეს - 7:6, 1:6, 10:7. ფინალში მათი მეტოქე იქნება მე-2 ნომრად განთესილი ბელორუსების - იარასლაუ შილას და ანდრეი ვასილევსკის დუეტი, რომელმაც 27 თებერვალს კირილ დიმიტრიევსა (რუსეთი) და ტიმურ ხაბიბულინს (ყაზახეთი) დააყრევინა ფარ-ხმალი - 3:6, 6:2, 10:3.

* * *

ლიტვაში აივარას ბალზეკასის მემორიალის ერთეულთა შეჯიბრებას გამოეთიშა თბილისელი ალექსანდრე ბაკში, რომელიც მე-2 წრეში შვედ სემ ტეილორთან დამარცხდა - 2:6, 1:6. სამაგიეროდ, ჩვენებურმა წარმატებით ითამაშა წყვილებში.

რუს ალექსანდრ ბუბლიკთან შეამხანაგებულმა ბაკშიმ სტარტზე მასპინძლები - მანტას გრიკუსი და ტომას ვაისე ჩამოიშორა გზიდან - 6:3, 6:3. მეოთხედფინალში ალექსანდრ ლებედინისა (უკრაინა) და ბორის პოკოტილოვის (რუსეთი) ტანდემთან გაარკვევს ურთიერთობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული