მექსიკური აკაპულკოს სატურნირო ბადე უფრო ღარიბი იყო ვარსკვლავების რაოდენობით, ვიდრე დუბაიში. აქ პირველ ნომრად განთესილი იყო ესპანელი დავიდ ფერერი, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში, იბრუნებდა მესამე ადგილს რეიტინგში, რადგან სტანისლას ვავრინკა გასულ კვირას არ თამაშობდა. თუმცა ფერერს სერიოზული კონკურენტი ჰყავდა ენდი მარეის სახით. ბრიტანელისთვისაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა აქ გამარჯვებას, რადგან ენდის შარშანდელი
ფერერმა მექსიკაში მეოთხედფინალამდე მიაღწია, მაგრამ იქ უბრძოლველად დაუთმო ნახევარფინალის საგზური კევინ ანდერსონს. ესპანელის მუხლის ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რის გამოც გამოტოვებს ინდიან უელსის მასტერსს და, შესაძლოა, ვერც მაიამიში ითამაშოს. ანდერსონმა კი ნახევარფინალში 19 ეისის დახმარებით სამ სეტში მოუგო ალექსანდრ დოლგოპოლოვს და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მეორე ფინალში გავიდა (წინა კვირას, მან დელრეი ბიჩში წააგო გადამწყვეტი მატჩი მარინ ჩილიჩთან).
ბადის ქვედა ნაწილიდან ნახევარფინალში გავიდნენ ისინი, ვისაც ეს განთესვის მიხედვით ეკუთვნოდათ. ენდი მარეიმ თითო სეტი დაუთმო პაბლო ანდუხარსა და ჟილ სიმონს. ფრანგთან მარეი 2:4-სა და 3:5-ს აგებდა, მაგრამ გადარჩა. ნახევარფინალში მისი მეტოქე გახდა გრიგორ დიმიტროვი, რომელმაც მარათონულ მეოთხედფინალს გაუძლო ლატვიელ ერნესტ გულბისთან და 2 საათსა და 39 წუთში გაიმარჯვა.
ენდი მარეისთან ნახევარფინალიც მარათონული გამოდგა. მესამე სეტში 5:4-ზე დიმიტროვმა მატჩზე ვერ ჩააწოდა, მაგრამ გადამწყვეტ ტაი-ბრეიკზე 5:2 დაწინაურდა და ინიციატივა ხელიდან არ გაუშვა. გრიგორმა 2 საათსა და 55 წუთში მოიგო ურთულესი მარათონი და ეს იყო მისი მეხუთე მოგება კარიერაში TOP10-ის მოთამაშეებზე.
დიმიტროვსა და ანდერსონს ადრე ოთხჯერ უთამაშიათ ერთმანეთში და ბულგარელს მიჰყავდა ანგარიში - 3:1. მიუხედავად წინა ორი მარათონული მატჩისა, დიმიტროვმა საკუთარ სტილს არ უღალატა და შეტევითი ჩოგბურთი შესთავაზა მეტოქეს. ანდერსონი კი ნერვებს ვერ გაუმკლავდა. სხვანაირად არ აიხსენება 52 უნებლიე და შვიდი ორმაგი შეცდომა. მიუხედავად ამისა, ანდერსონი ახლოს იყო გამარჯვებასთან. ის მესამე სეტში ბრეიკით იგებდა, მაგრამ მერვე გეიმში დაკარგა ეს უპირატესობა. ტიტულის ბედი ორმა ქულამ გადაწყვიტა. მესამე სეტის ტაი-ბრეიკზე, 5:5-ის დროს ბულგარელმა პირველი მატჩბოლი მიიღო და ის მაშინვე გამოიყენა. აკაპულკოში ბულგარელმა ხუთი ტაი-ბრეიკი ითამაშა და ყველა მოიგო.
ახლა, დიმიტროვს კარიერაში ორი ტიტული აქვს და მე-16 ადგილზე გადავიდა ATP-ის რეიტინგში.
აკაპულკო
ფინალი
გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 4)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 5) 7:6(1), 3:6, 7:6(5).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"