სანამ არშემდგარ გადამწყვეტ მატჩზე მოგიყვებით, შაბათს გამართულ ნახევარფინალებზე ვთქვათ.
ნოვაკ ჯოკოვიჩი ჯგუფურ ეტაპზე შეუდარებელი იყო. მან ისე მოიგო სამივე მატჩი, რომ მხოლოდ ცხრა გეიმი დაუთმო მეტოქეებს. სამი მოგება იმას ნიშნავდა, რომ სერბი პირველი ჩოგანის რანგში დაასრულებდა 2014 წელს.
ბევრი ელოდა, რომ ნახევარფინალი კეი ნიშიკორისთან ასევე იოლი გამოვიდოდა. ამის თქმის საშუალებას იძლეოდა ისიც, რომ რამდენიმე კვირის წინ, პარიზში სერბმა მხოლოდ ხუთი გეიმი
პირველ პარტიაში ყველაფერი მართლაც ჯოკოვიჩის კარნახით მიდიოდა. ნოვაკი უმაღლეს დონეზე თამაშობდა და 6:1 გაანადგურა იაპონელი, მაგრამ ამ უკანასკნელის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბრძოლა არ შეწყვიტა, თან ნოვაკმა უკლო თამაშს. სერბმა მეორე სეტში 3:4-ზე მნიშვნელოვანი გეიმი წააგო და ვეღარ დაიბრუნა დაკარგული მოწოდება. ყველა ელოდა დაძაბულ მესამე სეტს, მით უმეტეს, რომ კეიმ ორმაგი ბრეიკ-პოინტი მიიღო, მაგრამ იაპონელი აქ გაჩერდა. მის თამაშში დაბრუნდა შეცდომები, რითაც ჯოკოვიჩმა შესანიშნავად ისარგებლა - 6:1, 3:6, 6:0.
* * *
მეორე ნახევარფინალში შვეიცარიული დერბი გაიმართა. ჯოკოვიჩის მსგავსად, როჯერ ფედერერი თავის ჯგუფში "ანგრევდა" ყველას, სტენ ვავრინკამ კი მხოლოდ ერთი იოლი გამარჯვება მოიპოვა ტომაშ ბერდიხთან, გაუჭირდა მარინ ჩილიჩთან და განადგურდა ჯოკოვიჩთან მატჩში. წესით, ორი შვეიცარიელის მატჩს დიდი ინტერესით ადევნებდნენ თვალს საფრანგეთის ნაკრების წევრები, რადგან ძალიან მალე შვეიცარია და საფრანგეთი დევისის თასის ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს.
ფედერერმა და ვავრინკამ ძალიან მაღალი დონის ჩოგბურთი აჩვენეს და, ალბათ, გვარიანად შეაშინეს ფრანგები.
პირველ სეტში ვავრინკა გახდა პირველი ჩოგბურთელი ამ ტურნირზე, ვინც ფედერერის გეიმი აიღო, თუმცა ამით არ დაკმაყოფილდა და ორმაგი ბრეიკით დაწინაურდა. შესაბამისად, სტენმა სრულიად სამართლიანად წაიყვანა სეტებში ანგარიში. აშკარად ჩანდა, რომ როჯერს გაუჭირდა თამაშში შესვლა.
მეორე სეტიდან ფედერერმა აქტიური თამაში დაიწყო, ხშირად გადიოდა ბადესთან, ხანდახან პირდაპირ მიღებასთანავე აკეთებდა ამას. ვავრინკასთვის ეს სიურპრიზი აღმოჩნდა, თუმცა მაინც ინარჩუნებდა თანაბარ ანგარიშს. პარტიის შუაში სტენმა სამი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, მაგრამ 5:6-ზე ვერც ერთი ქულა ვერ აიღო.
მოგებულ სეტს ფედერერისთვის არანაირი ფისქოლოგიური უპირატესობა არ მოუტანია, რადგან ვავრინკამ თავიდანვე 2:0 წაიყვანა ანგარიში. ამ სხვაობას ის დიდი ხანი ინარჩუნებდა, 4:2-ზე კი მიღებაზე 30:0-ს იგებდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. მიუხედავად ამისა, ვავრინკამ მოიგო საკუთარი მოწოდება და მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო. მან სამი მატჩბოლი მიიღო, სამივეჯერ ბადესთან გავიდა, მაგრამ ყოველ ჯერზე შეცდომა დაუშვა.
ფედერერი კი ბოლომდე იბრძოდა, ისეთ ბურთებსაც კი დასდევდა, როგორზეც, ჩვეულებრივ, არ გარბიან ხოლმე და ამან შედეგი მოიტანა. როჯერმა კინაღამ წააგო საკუთარი მოწოდება, მაგრამ მოიგერია ორმაგი ბრეიკ-პოინტი, შემდეგ კი ტაი-ბრეიკზე ვავრინკას მოუწია გადარჩენაზე ზრუნვა. 3:5-დან ზედიზედ სამი ქულა აიღო და მეოთხე მატჩბოლი მოიპოვა, მაგრამ მიღება არ გამოუვიდა. ბოლოს ფედერერმა ორი გათამაშება თავის სტილში ჩაატარა, მეტოქე კუთხიდან კუთხეში არბენინა და ბადესთან გასულმა დაასრულა საქმე - 4:6, 7:5, 7:6(6).
* * *
გუშინ ყველა ფედერერისა და ჯოკოვიჩის კლასიკური დაპირისპირების მოლოდინში იყო, მაგრამ იმედები გაუცრუვდათ. როჯერ ფედერერმა ორგანიზატორებს აცნობა, რომ ვერ შეძლებდა კორტზე გასვლას ტრავმის გამო. მოგვიანებით, შვეიცარიელმა საკუთარ "ფეისბუქზე" დაწერა: "ვავრინკასთან მატჩის ბოლოს ზურგი დავიზიანე. ძალიან იმედგაცრუებული ვარ და იმედი მაქვს, რომ უახლოეს ხანში თავს კარგად ვიგრძნობ. იმედია, გულშემატკივრები გაიგებენ ჩემს გადაწყვეტილებას".
"ჩვენ ყოველთვის ბოლომდე ვიხარჯებით. დარწმუნებული ვარ, ფედერერს კორტზე გასვლა რომ შეძლებოდა, ამას აუცილებლად გააკეთებდა. მას სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ.
მე არ ვეკუთვნი იმ მოთამაშეთა რიცხვს, რომლებიც ასეთ გამარჯვებებს აღნიშნავენ, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ეს ტიტული წელს ჩემი გამარჯვებების მწვერვალია. მადლობას ვუხდი ჩემს გუნდს, ადამიანებს, რომლებიც მხარში მედგნენ", - ეს ჯოკოვიჩის სიტყვებია, რომელმაც ზედიზედ მესამედ მოიგო წლის შემაჯამებელი ტურნირი.
გუშინვე გაიმართა შემაჯამებელი ტურნირის ფინალი წყვილებს შორის. ლეგენდარულმა ამერიკელებმა - ბობ და მაიკ ბრაიანებმა 6:7(5), 6:2, 10:7 მოუგეს ხორვატ ივან დოდიგსა და ბრაზილიელ მარსელო მელოს და წელს მე-10 და კარიერაში 103-ე ტიტული მოიპოვეს.
1/2-ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-კეი ნიშიკორი (იაპ, 4) 6:1, 3:6, 6:0; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 3) 4:6, 7:5, 7:6(6).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"