ATP-ის რეიტინგი: ჯოკოვიჩი უკონკურენციოა

AutoSharing Option
ჯოკოვიჩის ტოტალური დომინირება, ნადალისა და მარეის პერსპექტივები და მომავალ სეზონში TOP10-ის პრეტენდენტები - გთავაზობთ ATP-ის რეიტინგის მიმოხილვას...

ჯოკოვიჩმა ფედერერი შეაჩერა
ნოვაკ ჯოკოვიჩმა არა მხოლოდ შეინარჩუნა ლიდერობა, არამედ მშვიდი ცხოვრების გარანტია მიიღო მომავალი წლის დასაწყისში. 1810 ქულა - სოლიდური ფორაა. თუ ორი კვირის წინ ვარაუდობდნენ, რომ 2015 წლის პირველ სამ თვეში ჯოკოვიჩი და ფედერერი ხშირად გაცვლიდნენ ადგილებს, ახლა ამგვარი ალბათობა ძალიან შემცირდა.

შვეიცარიელს დიდი რაოდენობით ტურნირი ელის, სადაც ბევრი ქულა უნდა დაიცვას. როჯერი პირველ ადგილს დაიკავებს იმ შემთხვევაში, თუ ტურში ტოტალური
დომინირება ექნება. ამის კი ნაკლებად სჯერათ. მიუხედავად ამისა, სწორედ ფედერერია ერთადერთი, ვინც შეიძლება 2015 წლის პირველ ნახევარში პრეტენზია გამოაცხადოს ლიდერობაზე.

რაფაელ ნადალი ძველი დონის დაბრუნების შემთხვევაში, სტანდარტულ რთულ გრაფიკს წააწყდება გრუნტის სეზონში. რა თქმა უნდა, 2014 წელს "გრუნტის მეფე" თავის საყვარელ საფარზე იდეალურად არ გამოსულა, მაგრამ მაინც სჯობდა კონკურენტებს. შესაბამისად, უიმბლდონამდე რეიტინგში მატებაზე ლაპარაკი არ არის.

სავარაუდოდ, უახლოეს პერიოდში მოსალოდნელია სტენ ვავრინკას გლობალური ვარდნა. შვეიცარიელმა კარგად ითამაშა წლის შემაჯამებელ ტურნირზე, მაგრამ ამ მომენტისთვის ვერავინ გაბედავს იმის თქმას, რომ სტენი შეძლებს ავსტრალიის ღიაზე ტიტულის დაცვას. შესაბამისად, "დიდი სლემის" პირველი ტურნირის შემდეგ შვეიცარიელი, შესაძლოა, პირველი ათეულის ბოლოში ან მის მიღმა აღმოჩნდეს.

* * *
რეიტინგის თანახმად, ენდი მარეის ისევ შესანიშნავი პერსპექტივები აქვს - მომავალი წლის დასაწყისში აღადგინოს "დიდი ოთხეული". მეორე მხრივ, ლონდონში ბრიტანელის თამაში დიდ იმედებს არ იძლევა. ბევრი რამ იქნება დამოკიდებული მის მზადყოფნაზე ახალი სეზონის სტარტზე. ასე რომ, ყველაფერი თავად ბრიტანელის ხელშია.

რაც შეეხება მოთამაშეების ახალ ტალღას, აქ, რა თქმა უნდა, სხვებზე სტაბილურად გამოიყურება კეი ნიშიკორი. თანაც, იაპონელს გრუნტის სეზონამდე დიდი შესაძლებლობები აქვს - კეის შარშან არ ჰქონდა დიდი გამარჯვებები და სერიოზული ქულათა დანაკარგი არ ემუქრება. თეორიულად, ნიშიკორის შეუძლია ტოპ-სამეულში ადგილის მოპოვება, თუმცა უფრო რეალურია - მეოთხე ადგილისთვის მარეისთან ბრძოლა.

* * *
შეიძლება იმის თქმა, რომ უახლოეს თვეებში ტოპ-ათეულში ახალი სახეების გამოჩენას არ ვარაუდობენ. შესაძლებელია რომელიმე ახალგაზრდა ჩოგბურთელის პროგრესი ავსტრალიის ღიაზე, მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მეორე ათეულში მხოლოდ გამოცდილი მოთამაშეები არიან.

შესაძლოა, მომავალ სეზონში მთავარი იმედი დავიდ გოფენი გახდეს. ბელგიელს, როგორც იქნა, ჰქონდა პროგრესი 2014 წელს. ამ მომენტისთვის ის ტოპ-ოცეულს მიუახლოვდა. გოფენს თავისი ეფექტური თამაშით არა მხოლოდ შეუძლია შეავიწროოს ვეტერანები, არამედ ელიტაშიც დაიმკვიდროს ადგილი, მით უმეტეს, რომ თავისი მთავარი ქულები დავიდმა სეზონის მეორე ნახევარში მოიპოვა.

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 11 510
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 700
3(3). რაფაელ ნადალი (ესპ) 6 835
4(4). სტენ ვავრინკა (შვეიც) 5 295
5(5). კეი ნიშიკორი (იაპ) 5 025
6(6). ენდი მარეი (ბრიტ) 4 675
7(7). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 665
8(8). მილოშ რაონიჩი (კან) 4 440
9(9). მარინ ჩილიჩი (ხორ) 4 150
10(10). დავიდ ფერერი (ესპ) 4 045

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული