დევისის თასი: ფედერერმა კოლექცია შეავსო

AutoSharing Option
წლევანდელი საჩოგბურთო სეზონის დახურვის პატივი საფრანგეთისა და შვეიცარიის ნაკრებებს ერგოთ, რომლებმაც ლილში დევისის თასი გაითამაშეს. მოსალოდნელი დაძაბული ბრძოლა არ შედგა - ოთხიდან სამ მატჩში ყველაფერი სამ სეტში გაირკვა...

წილისყრის თანახმად, პირველები კორტზე სტენ ვავრინკა და ჟო-ვილფრიდ ცონგა გავიდნენ. აქამდე გრუნტზე ისინი ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და თითოეულის აქტივში ორ-ორი მოგება იყო, მაგრამ პირველ პარტიაში შვეიცარიელმა, უბრალოდ, გაანადგურა მეტოქე - ცონგას შეტევის საშუალება არ ჰქონდა და მხოლოდ ერთი გეიმი აიღო. მეორე სეტში ვავრინკამ უკლო, ცონგა კი პირიქით, გააქტიურდა. ფრანგმა მეორე გეიმში შეასრულა
ბრეიკი და საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა - 6:3.

მაგრამ ამის შემდეგ სტენმა ისევ მოიპოვა ინიციატივა. ჟო ძალიან ცუდად გადაადგილდებოდა კორტზე და ვერ ეწეოდა მეტოქის ტემპს. შვეიცარიელს ყველანაირი დარტყმა გამოსდიოდა და ცონგას მატჩში გარდატეხის შეტანის არანაირი შანსი არ მისცა. ორსაათნახევრიანი ბრძოლის შემდეგ სტენმა 6:1, 3:6, 6:3, 6:2 მოიგო.

შემდეგ კი გამართლდა ცუდი პროგნოზები როჯერ ფედერერთან დაკავშირებით. თეორიულად, უარესიც შეიძლებოდა მომხდარიყო, მაგრამ მსოფლიოს მეორე ჩოგანმა მთელი მატჩი გაძლო, თუმცა გაელ მონფილსთან შანსი არ ჰქონია. ჯერ ერთი, ფრანგს ძალიან ძლიერი ემოციური მუხტი ჰქონდა - ის დაფრინავდა კორტზე და ორივე ხელით შესანიშნავი დარტყმები გამოსდიოდა.

გაელს მოწოდებაც კარგად გამოსდიოდა და ერთი გეიმის გარდა, ფედერერს მიღებაზე შანსი არ ჰქონდა. პირველი სეტი ნახევარ საათში დასრულდა და როჯერმა მხოლოდ ერთი გეიმი აიღო. მომდევნო პარტიებში უფრო ღირსეული ანგარიშები ვნახეთ, მაგრამ საქმე იმაში იყო, რომ ფრანგი ნაადრევ ბრეიკს აკეთებდა და შემდეგ მის შენარჩუნებაზე იყო კონცენტრირებული - 6:1, 6:4, 6:3.

* * *
პირველი ორი დღის შემდეგ ანგარიში თანაბარი იყო. ასეთ დროს ბევრია დამოკიდებული წყვილთა თამაშზე, რომელშიც შვეიცარიელები ნამდვილად არ მიიჩნეოდნენ ფავორიტებად - ისევ და ისევ ფედერერის მდგომარეობის გამო.

ტრავმის მიუხედავად, როჯერი კორტზე გავიდა და არ დააღალატა თავისი გუნდი. ის და ვავრინკა შესანიშნავად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ფრანგული დუეტის სამ სეტში წაგებას არავინ ელოდა. გასკე და ბენეტო მხოლოდ პირველი სეტის პირველ ნახევარში უწევდნენ წინააღმდეგობას შვეიცარიელებს, მაგრამ შემდეგ ვავრინკამ ლამაზი შემოვლითი დარტყმით პირველი ბრეიკი გააფორმა და სტუმრებმა მალე მიიყვანეს სეტი მოგებამდე - 6:3.

მეორე პარტიაში შეიძლებოდა გარდატეხა მომხდარიყო, როცა ფრანგებს რამდენიმე ბრეიკ-პოინტი ჰქონდათ, მაგრამ ვავრინკა ყოველ ჯერზე იგერიებდა საფრთხეს, ერთ-ერთ ბრეიკ-პოინტზე კი საათში 234 კილომეტრი სიჩქარით შეასრულა მოწოდება! სტუმრებმა დამაჯერებლობა იგრძნეს და მე-11 გეიმში ბრეიკი გაიფორმეს - 6:5. ვავრინკამ ნულზე ჩააწოდა მე-12 გეიმი.

მესამე სეტში შვეიცარიელებს უკვე ძალიან დიდი უპირატესობა ჰქონდათ. მასპინძლებს მიღებაზე აღარაფერი გამოსდიოდათ, ფედერერი და ვავრინკა კი იდეალურად აწვდიდნენ და ორ საათში აიღეს ძალიან მნიშვნელოვანი ქულა - 6:3, 7:5, 6:4. ბენეტომ და გასკემ ისიც კი ვერ მოახერხეს, რომ მაქსიმალურად წაერთვათ ენერგია როჯერისა და სტენისთვის, რომლებსაც მეორე დღეს ერთეულთა მატჩები ელოდათ.

* * *
1960 წლიდან მოყოლებული, დევისის თასის ფინალში მხოლოდ სამი შემთხვევა იყო, როცა ორი დღის შემდეგ 1:2 ჩამორჩენილმა გუნდმა შეძლო თასის მოგება. მაგრამ გუშინ როჯერ ფედერერმა ეს არ დაუშვა.

ლეგენდას რიშარ გასკეს წინააღმდეგ მოუწია თამაში, რომელმაც ტრავმირებული ჟო-ვილფრიდ ცონგა შეცვალა. ფედერერი გასკეს პირად შეხვედრებში 12:2-ს უგებდა. ფრანგმა ეს ორი მატჩი გრუნტზე მოიგო - ბოლოს ეს 2011 წელს მოხდა.

მიუხედავად იმისა, რომ ფედერერი არ იყო ოპტიმალურ ფორმაში, საფრანგეთი ყველას განწირულად მიაჩნდა. გასკემ საშუალო დონეზე ითამაშა სეზონი, წელს პირველი ათეულიდან გამოვარდა და ახლა 30-ე ჩოგანია.

გასკემ საერთოდ ვერ გაუწია წინააღმდეგობა შვეიცარიელს. როჯერმა პირველ სეტში უკვე მესამე გეიმში შეასრულა ბრეიკი და ის ბოლომდე შეინარჩუნა - 6:4. მეორე პარტიაში კიდევ უფრო დიდი იყო სტუმრის უპირატესობა - როჯერმა ორი ბრეიკით მოიგო, თან გასკეს ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია. რიშარს არც მესამე სეტში მიეცა მეტოქის მოწოდების აღების შანსი - მხოლოდ ორ გეიმში იყო ანგარიში "თანაბარი". ამ მოკრძალებული გაბრძოლების შემდეგ რიშარმა საკუთარი გეიმი წააგო და ამან საბოლოოდ გადაწყვიტა მატჩის ბედი.

ადრეულ წლებში ისე ჩანდა, რომ ფედერერი ვერასდროს მოიგებდა დევისის თასს, რადგან დიდი ხანი არ ჰყავდა ღირსეული პარტნიორი. არადა, ფედერერმა 15 წლის ასაკში დაიწყო ამ ტურნირზე გამოსვლა. მაგრამ სტენ ვავრინკას გვიანმა პროგრესმა როჯერს ოცნების ასრულების საშუალება მისცა. ასე რომ, ფედერერს ჩოგბურთში, პრაქტიკულად, ყველა პრესტიჟული ჯილდო აქვს მოგებული. მის კოლექციაში არ არის მხოლოდ ოლიმპიადის ოქრო ერთეულთა თანრიგში. შესაბამისად, როჯერის ახალი მიზანია - რიო 2016.

საფრანგეთი-შვეიცარია 1:3
0:1 ჟო-ვილფრიდ ცონგა-სტენ ვავრინკა 1:6, 6:3, 3:6, 2:6
1:1 გაელ მონფილსი-როჯერ ფედერერი 6:1, 6:4, 6:3
1:2 ბენეტო/გასკე-ფედერერი/ვავრინკა 3:6, 5:7, 4:6
1:3 გასკე-ფედერერი 4:6, 2:6, 2:6

დევისის თასის გამარჯვებულები
აშშ - 32 (1900, 1902, 1913, 1920-26, 1937, 1938, 1946-49, 1954, 1958, 1963, 1968-72, 1978, 1979, 1981, 1982, 1990, 1992, 1995, 2007);
ავსტრალია - 28 (1907-09, 1911, 1914, 1919, 1939, 1950-53, 1955-57, 1959-62, 1964-67, 1973, 1977, 1983, 1986, 1999, 2003);
ბრიტანეთი - 9 (1903-06, 1912, 1933-36);
საფრანგეთი - 9 (1927-32, 1991, 1996, 2001);
შვედეთი - 7 (1975, 1984, 1985, 1987, 1994, 1997, 1998);
ესპანეთი - 5 (2000, 2004, 2008, 2009, 2011);
გერმანია - 3 (1988, 1989, 1993);
ჩეხეთი - 3 (1980, 2012, 2013);
რუსეთი - 2 (2002, 2006);
ს. აფრიკა - 1 (1974);
იტალია - 1 (1976);
ხორვატია - 1 (2005);
სერბეთი - 1 (2010);
შვეიცარია - 1 (2014).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული