ფსონები - ჩოგბურთელის გადარჩენის ხერხი

AutoSharing Option
ოქტომბრის შუაში ცნობილი გახდა, რომ იტალიელი ჩოგბურთელები - პოტიტო სტარაჩე და დანიელე ბრაჩიალი მეორედ ჩავარდნენ ჩაწყობილი თამაშების ორგანიზებაში. ამჯერად, სიტუაცია გაცილებით სერიოზულია. სპორტსმენებმა რეალური სახელებით გააჩაღეს მიმოწერა "სკაიპში".

ისინი მსჯელობდნენ საკუთარ მატჩებზე ფსონების ჩასვლის დეტალების შესახებ. თითქოს, სტარაჩე გამოცდილი ჩოგბურთელია, მრავალი წელია პირველ ასეულში იმყოფებოდა და ასე არ უნდა გაერისკა.

სინამდვილეში კი, გამოდის, რომ თანამედროვე ჩოგბურთის სამყარო ძალიან პირქუშია და ტოპ-მატჩების აფიშების უკან საშუალო დონის მოთამაშეთა რთული ცხოვრება იმალება.

2014 წლის ჰონორარები
ნოვაკ ჯოკოვიჩმა ამ სეზონში უშუალოდ კორტზე 14 მილიონ
დოლარზე მეტი გამოიმუშავა, რასაც დაახლოებით ასეთივე თანხა ემატება სარეკლამო კონტრაქტებისგან. მივიღეთ მდიდარი ჩოგბურთელის იდეალური სურათი.

მაგრამ მოვიყვანოთ სხვა მაგალითი: ATP-ის რეიტინგში მე-100 ადგილი უკავია თურქ მარსელ ილჰანს. 2014 წელს მისმა ჰონორარმა 165 934 დოლარი შეადგინა. რა თქმა უნდა, ნებისმიერ ქვეყანაში ეს არის სოლიდური შემოსავალი საშუალოსტასტისტიკური ადამიანისთვის, მაგრამ... ჩოგბურთელმა ამ თანხას უნდა გამოაკლოს ტურნირიდან ტურნირზე მოგზაურობის, მწვრთნელების ანაზღაურების, მკურნალობისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების დანახარჯები.

შესაბამისად, თუ ელიტურ მოთამაშეებს არ ჩავთვლით, შეიძლება დავასკვნათ, რომ საშუალო დონის ჩოგბურთელის ცხოვრება არც ისე მარტივია, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. განსაკუთრებით, თუ შევადარებთ საშუალო მოთამაშეებს სპორტის სხვა სახეობიდან.

ალბათ, არავინ იკამათებს იმაზე, რომ მსოფლიოს მე-100 ფეხბურთელი, კალათბურთელი, ჰოკეისტი ან სხვა სახეობის წარმომადგენელი გაცილებით მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე მარსელ ილჰანი.

გამოდის, რომ პროფესიული კარიერის ბოლომდე ჩოგბურთელები ვალდებულნი არიან, იფიქრონ იმაზე - როგორ მოაგვარონ ფინანსური საკითხი. და რაღაც მომენტში ბევრი მოთამაშისთვის ფსონები მათი კეთილდღეობის ამაღლების ხერხი გახდა.

რეციდივისტის საჩუქრები
დიდწილად გასაკვირია, რომ სამართალდამცავმა ორგანოებმა მეორედ მიაპყრეს ყურადღება პოტიტო სტარაჩესა და დანიელე ბრაჩიალის. 2007 წელს ეს იტალიელები გამოიჭირეს საკუთარ მატჩებზე ფსონების დადებაში, მაგრამ მაშინ "დატრიალებული" თანხების ოდენობამ ყველას ღიმილი მოჰგვარა. სტარაჩემ რამდენჯერმა დადო 130 დოლარი, ბრაჩიალი კი ყოველ ჯერზე 7 დოლარს იმეტებდა საკუთარ მატჩებზე. სხვადასხვა დროს, მცირე თანხების "გამაზვაში" ასევე ჩავარდნენ დღეს წყვილთა თანრიგის აღიარებული ოსტატები - ფრანტიშეკ ჩერმაკი და მიხალ მარტინეკი.

ძალიან ბევრი საეჭვო ისტორია უკავშირდება ელიტურ ჩოგბურთელებს. ბრალის დამტკიცება ძალიან რთულია, მაგრამ ხანდახან ფაქტს ვერ გაექცევი. უკვე თავად ჩოგბურთელები არ ერიდებიან მსგავს პრობლემებზე საუბარს, როგორც ეს გააკეთა ტოპ-ოცეულის წევრმა ფელისიანო ლოპესმა.

"სამწუხაროა, რომ პროფესიონალი ჩოგბურთელები გარეულნი არიან ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებულ სკანდალებში. ამ პრობლემასთან ბრძოლა რთულია, რადგან საკუთარ შეხვედრაზე ფსონები - ბევრი ჩოგურთელისთვის ფულის შოვნის იოლი ხერხია. ბევრი დამნაშავე სთავაზობს ჩოგბურთელს, დათმოს მატჩი, თუმცა პირადად ჩემთვის არასდროს არავის მოუმართავს. მაგრამ ვიცი ბევრი მოთამაშე, ვისაც ასეთი შეთავაზება ჰქონია.

თუ შეხვედრა 6:2 6:2 დასრულდება, ძალიან რთულია იმის დამტკიცება, რომ წაგება დაგეგმილი იყო. დღეს ჩოგბურთში ძალიან არის გავრცელებული მოულოდნელი შედეგები, ამიტომაც აუტსაიდერებსაც შეუძლიათ ცალკეულ მატჩებში ფავორიტის დამარცხება. ATP ებრძვის ამ სენს, მაგრამ ჯერ ისევ არსებობს ბევრი ადამიანი, რომელიც სხვის შრომაზე გამდიდრებას ცდილობს", - განაცხადა ლოპესმა სტარაჩესა და ბრაჩიალის ისტორიის შემდეგ.

ბევრმა ჩოგბურთელმა დაუჭირა მხარი ლოპესს. ზოგიერთმა მათგანმა აღიარა, რომ მსგავსი წინადადებები მათაც ჰქონიათ.

ერთადერთი ხერხი - პატიოსნებაა
გამოდის, რომ ჩოგბურთისა და მისი მეორე ეშელონის მომავალი დამოკიდებულია სპორტსმენთა ადამიანურ თვისებებზე. რაც უნდა იყოს, როცა ადამიანს წესების წინააღმდეგ თამაში უნდა, ვერანაირი საპრიზო თანხა საქმეს ვერ უშველის. თავდაპირველად, მხოლოდ ერთეულები მოდიან ჩოგბურთში დიდი ფულის საშოვნელად და პრაქტიკულად, ყველა სიამოვნებას იღებს თამაშისგან. წლებთან ერთად სიტუაცია იცვლება და ზოგიერთები სახიფათო გზით სიარულს იწყებენ.

მაგრამ მაინც, ჩოგბურთელთა უმეტესი ნაწილი მოკრძალებულ ტურნირებზეც კი პატიოსნად თამაშობს და ეს უტყუარი ფაქტია. შესაძლოა, დამნაშავე იტალიელების მკაცრად დასჯა რომელიმე არაპატიოსანი მოთამაშისთვის ერთგვარი ნიშანი გახდეს - გაჩერების დრო მოვიდა. მით უმეტეს, რომ ბრაჩიალისა და სტარაჩეს, როგორც ჩანს, უკან დასახევი გზა არ დარჩათ - დანიელემ აღაირებითი ჩვენების მიცემა დაიწყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შარაპოვა და ივანოვიჩი აქამდე ასჯერ უნდა ჰყავდეთ გასამართლებული და ნახმარი და ფედერერიც ასევე. თუ მაგრები ხართ ფედერერი ვინმეს დაუჭერია რაიმე სერიოზულ კოეფიციენტზე, ის თამაშის მსვლელობისას იღებს მითითებებს რაღაც გაურკვეველი გზებით და იმდენად აღემატება მოწინააღმდეგეებს კლასით, რომ ნებისმიერ შედეგს აკეთებს და ამავე დროს ყველაზე "პატიოსანი" ჩოგბურთელიც არის მთელს ისტორიაში. დავიდენკოც გამოიმუშავებდა მილიონებს მაგრამ ფსონებზე მაინც ჩავარდა რადგანაც სადღაც ის არ გააკეთა რასაც მისგან ითხოვდნენ. ასე იყო კაფელნიკოვიც და კიდევ ბევრი.
simartle
13:38 27-11-2014
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული