მალიორკა, პატარა ქალაქი მანაკორი. ბალეარის კუნძულების მთავარ ქალაქამდე - პალმა-დე-მალიორკამდე დაახლოებით 50 კილომეტრია.
საერთოდ, პალმა ესპანური საზომითაც კი, არც ისე დიდი ქალაქია, მანაკორი კი, ერთი პატარა წერტილია რუქაზე. რეალურად, ეს არის ქუჩების ნაკრები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით გაედინებიან ქალაქის მთავარი ღირსშესანიშნაობიდან - რუბის მოედნიდან. რუბიზე ისმის ეკლესია Virgen de los Dolores-ის
ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს კოშკი მდებარეობს - მხოლოდ ესღა დარჩა სამეფო დარბაზიდან, რომელიც 1311 წელს ხაიმე II მართალმა ააგო. ამ სიცოცხლით სავსე მონარქმა, მართალია ცოტა ხნით, მაგრამ მაინც შეძლო თავისი გერბი ორი - არაგონული და სიცილიური გვირგვინით გაელამაზებინა. მანაკორში დარბაზი მან მაშინ ააგო, როცა აქ თავისი დედაქალაქის მოწყობის იდეა აწუხებდა - ეს ქალაქი მისი ორი სამფლობელოდან ერთი და იგივე მანძილით იყო დაშორებული. ოცნების ასრულება ვერ შეძლო და მანაკორში მონარქი თითქმის არ ჩადიოდა, მაგრამ დარბაზი მაინც დარჩა. ადგილობრივი მაცხოვრებლები დიდხანს იხსენებდნენ ხაიმეს კეთილი სიტყვით იმისთვის, რომ ქალაქს ასეთი ღირსშესანიშნავი ძეგლი დაუტოვა.
დღეს, მონარქ ხაიმეს მანაკორში ჩასული სპორტული ჟურნალისტები თუ იხსენებენ. ჩავა ამ ქალაქში რომელიმე სტუმარი, გავა რუბის მოედანზე, მიმოიხედავს და იწყებს აბზაცების წერას იმის შესახებ, რომ ახლა მანაკორს არამარტო სამეფო დარბაზი აქვს, არამედ თავისი პრინციც ჰყავს, რომელსაც არანაირი ნათესავური კავშირი არ აქვს ესპანეთის სამეფო გვართან. შემდეგ იწყება ესპანეთის ყველაზე პოპულარული სპორტსმენის, მსოფლიო საჩოგბურთო რეიტინგის მეორე ნომრის - რაფაელ ნადალ პარერას ცხოვრების ისტორია.
რუბის იქით, სიღრმეში იშვიათად მიდის სტუმარი. შორს წასვლის საჭიროება არ არსებობს - ყველა ნადალი ერთ სახლში ცხოვრობს, რომელიც სწორედ მოედანზე მდებარეობს. ხომ გითხარით, მანაკორი ერთი დიდი სოფელია.
ყველა ნადალის სახლი
საერთო სახლის პირველ სართულზე ოჯახის უფროსი, 75 წლის ბაბუა - რაფაელ ნადალი უფროსი ცხოვრობს. ის მანაკორის საქალაქო ორკესტრის ყოფილი დირიჟორი და შვილიშვილის მთავარი გულშემატკივარია. სინამდვილეში, სწორედ ბაბუის საპატივცემულოდ დაარქვეს მომავალ ჩოგბურთელს რაფაელი. მესამე და მეხუთე სართულებზე შეიძლებოდა გეპოვნათ ჩოგბურთელის მამა - სებასტიანი და დედა - ანა მარია, მაგრამ ისინი ახლა დაშორებულები არიან. აქვეა რაფას და - მარია ისაბელი და თუ გაგიმართლებთ, ოჯახის ყველაზე ცნობილი წევრიც. მაგრამ, ეს არ არის ყველაფერი: დრო და დრო, ზემოთ სახლდება სებასტიანის უფროსი ძმა - მიგელ ანხელ ნადალი, სულ ახლო წარსულში მანაკორის ყველაზე ცნობილი მოქალაქე. ეს ნადალი 18 წელი თამაშობდა ესპანეთის საფეხბურთო ჩემპიონატში (8 სეზონი "ბარსელონაში"), 1992 წელს მოიგო ჩემპიონთა თასი, 62-ჯერ ითამაშა ესპანეთის ნაკრებში და ფეხბურთიდან 39 წლის ასაკში წავიდა. რაფაელს კიდევ ერთი ბიძა ჰყავს - რაფაელ ნადალი საშუალო - ის მუნიციპალიტეტში მუშაობს. ერთი დეიდა - მარილენი, რომელიც სამი შვილის დედაა. თუმცა, მისი ოჯახი სხვა სახლში ცხოვრობს.
ხანდახან ისინი ერთად იკრიბებიან. ერთხელ რაფაელ-უმცროსმა ბაბუის ძველი ოცნება აასრულა და ყველა ნათესავი პარიზში გაამგზავრა. საფრანგეთში ჩაფრინდა ნადალების გვარის 21 წარმომადგენელი. მათ აკლათ ამ მოგზაურობის ორგანიზატორი, რომელიც ესპანეთში მომდევნო ტურნირზე თამაშობდა. ოჯახმა რაფაელ-უმცროსის დახმარება ბუნებრივ ფაქტად აღიქვა - თავიდან მთელი ოჯახი ზრდიდა მომავალ ჩოგბურთელს, ახლა კი, ის უბრალოდ ვალებს აბრუნებს.
მთელი ოჯახი - ეს ცოტათი გადაჭარბებულია ნათქვამია, მაგრამ მხოლოდ ცოტათი. ანუ, ბაბუა და დეიდა პატარა რაფას ვარჯიშებში მონაწილეობას არ იღებდნენ, სხვები კი, ამაში თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში მონაწილეობდნენ. ამასთან, მთავარ როლს მშობლები არ თამაშობდნენ. ნადალებისთვის საბედნიეროდ, მათმა ერთ-ერთმა გენეოლოგიურმა შტომ ჩოგბურთის მწვრთნელი დაბადა - ტონი, ჩვენი გმირის ბიძა.
"დიახ, ის ჩემი ძმის მეთვალყურეობის ქვეშ რომ არ გაზრდილიყო, დღეს ფეხბურთს ითამაშებდა, - რაფას მამა სებასტიანი ტონისთან ერთად სიამოვნებით იყოფს საჩოგბურთო პირველაღმომჩენის დიდებას. - რაფიტო ფეხბურთსაც კარგად თამაშობდა. ახალგაზრდებს შორის გამოირჩეოდა და რეგულარულად იღებდა საუკეთესო ბომბარდირის პრიზებს!"
რაფას ის ბიძა, რომელსაც "ბარსელონაში" თამაში მოუწია, ნათესავის ფეხბურთით დაინტერებას ნაკლები ენთუზიაზმით შეხვდა. "რა თქმა უნდა, მზად ვიყავი ის ჩვენს სკოლაში გასასინჯად მიმეყვანა, მაგრამ, პირველ რიგში, რაფას რაღაც აკლდა და მეორე - ის რატომღაც "რეალში" თამაშზე ოცნებობდა. "რეალს" რატომ უნდა დავხმარებოდი?" - ხუმრობით იმეორებს ჟურნალისტებთან დიდი ხნის წინ დაზეპირებულ მონოლოგს მიგელ ანხელ ნადალი. დღეს ის ინტერვიუებს იმაზე ხშირად იძლევა, ვიდრე თავისი საფეხბურთო კარიერის საუკეთესო წლებში და ყოველთვის განმარტავს, თუ რატომ არ გაყვა ნათესავი მის გზას. ფეხბურთელ ნადალს უყვარს თავისი მონათხრობის ასეთი ხუმრობით დასრულება: "მე მას ვუთხარი - წადი ჩოგბურთში, იქ არ არიან ლეგიონერები და ვერავითარი სტოიჩკოვი ვერ წაგართმევს ადგილს შემადგენლობაში. რაფაც დამეთანხმა".
ვერ გეტყვით, სტოიჩკოვის თუ ვინმე სხვა ფეხბურთელის ბრალია, მაგრამ პატარა რაფა მეორე ბიძის - ტონის ხელში აღმოჩნდა. ფეხბურთით გატაცებული ჭაბუკის მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო ჩოგბურთელად გადაქცევის ისტორიის შესახებ სწორედ მას უნდა ვკივხოთ.
- ის ყოველთვის ჩოგნით ხელში მხედავდა. ერთხელაც დაინტერესდა და მას ჩოგანის ხელში დაჭერა შევთავაზე. ცალი ხელში დაჭერა გაუჭირდა და ორი ხელით თამაში ვასწავლე. 5 წლის რომ გახდა, კვირაში ორი ვარჯიში გვქონდა, 6 წლისას - სამი. მაშინ მხოლოდ იმის თქმა შეიძლებოდა, რომ ცუდად არ გამოსდიოდა თამაში. 8 წლისაზე კი, უკვე თამამად იტყოდი, რომ ჩოგბურთი მისი მოწოდება იყო. ამ ასაკში, ის 12 წლის ჩოგბურთელებში ბალეარის კუნძულების ჩემპიონი გახდა. 10 წლისას უკვე ერთი ხელით თამაშს ვასწავლიდი.
დიდხანს ვფიქრობდით და მარცხენა ხელი ავირჩიეთ. საერთოდ, რაფა მემარჯვენეა, მაგრამ სამუშაო ფეხი მარცხენა აქვს და ამიტომაც შეგვეძლო ნებისმიერი დგომა გვეცადა. თუმცა, ის კიდევ დიდხანს იყენებდა ორივე ხელს.
ბოლოს და ბოლოს, დადგა მომენტი, როცა ნადალების საოჯახო საბჭო შეიკრიბა იმის გადასაწყვეტად - როგორ გაეზარდათ პატარა რაფაელი. გაინაწილეს მოვალეობები: ბიძია ტონიმ ყველა საქმე მიაგდო და მხოლოდ ნათესავთან ვარჯიშებზე გადაერთო, მამა სებასტიანს ფულის შოვნა დაევალა და ამ მიზნით საოჯახო საკუთრება (ტონის და სებასტიანს აქვთ შუშის საკუთარი ფაბრიკა, ზღვის პირას საკუთარი რესტორანი, რუბიზე ბარი და ტანსაცმლის მაღაზია, გოლფის მოედნები და ა.შ.) გამოიყენა.
- ტონი შესანიშნავი მასწავლებელია, მან ჩემს შვილს დისციპლინა ასწავლა. მეტსაც ვიტყვი, ის უფროა მისი მამა, ვიდრე მე, - სებასტიანი აქებს თავის ძმას ისე, რომ მას სიტყვის ჩაგდების საშუალებას არ აძლევს, - ასე დაწერეთ: ყოველთვის მჯეროდა ტონის და არასოდეს მიცდია რაფაელის გაკონტროლება, მათ საქმეში ჩარევა. დიახ, მე გამიმართლა, რომ არ მჭირდებოდა შვილის გამო ნერვიულობა.
- რა თქმა უნდა, აჭარბებს! - ვეღარ ითმენს ტონი. - ნათესავის გამო, ბუნებრივია საუკეთესო მოედნებს ვეძებდი, წინ და უკან დავატარებდი, მაგრამ ეს არ იყო განსაკუთრებული მსხვერპლი. სხვათა შორის, ჩვენ კარგი ეკონომია გავაკეთეთ, რადგან ჩემი მეცადინეობები უფასო იყო.
ყველაზე რთული იყო, როცა მთელი ოჯახი თავად რაფაელს აიძულებდა, არჩეულ გზას ბოლომდე გაჰყოლოდა. ფეხბურთელი მიგელ ანხელი ნათესავს ტელეფონის მეშვეობით სტოიჩკოვით აშინებდა, სებასტიანი და ტონი კი, მთელი ძალით უკეთებდნენ რეკლამას ჩოგბურთს. თუმცა, ამან თავიდანვე შედეგი არ გამოიღო.
- მან ფეხბურთი მხოლოდ მაშინ დაივიწყა, როცა საჩოგბურთო ტურნირების მოგება დაიწყო. 10 წლისა ესპანეთის ჩემპიონი გახდა 12-წლამდელებში, 11 წლის ასაკში მოიგო ტურნირი საფრანგეთში, 12 წლისა ესპანეთის ჩემპიონატის ფინალისტი გახდა ორი წლით უფროსებში, - ტონი თვალის დაუხამხამებლად ასახელებს თავისი აღზრდილის წარმატებებს.
- და მაინც გვჭირდებოდა მისი დარწმუნება, - ამატებს სებასტიანი. - როცა 13 წლის გახდა, ვუთხარით, რომ დროა სპორტის სახეობა აირჩიოს, რომ აღარ შეიძლება საჩოგბურთო ვარჯიშების გაცდენა ფეხბურთის სასარგებლოდ. ვუთხარით, რომ თუ რეგულარულად არ ივარჯიშებს, ვერაფერს მიაღწევს.
- მაგრამ, ნუ იფიქრებთ, რომ რაფასთან განსაკუთრებული პრობლემები გვქონდა, - ამბობს ტონი. - ის დამჯერი, შრომისმოყვარე, მოკრძალებული და ზრდილობიანი ბიჭი იყო. და, სხვათა შორის, სავსებით არ შეცვლილა. თუმცა, ჩვენ გვქონდა ოჯახში ამის მაგალითი - ჩვენი ძმა მიგელ ანხელი. მიუხედავად იმისა, რომ ის ნაკრებში თამაშობდა, ყოველთვის გულღია ადამიანი იყო.
- მაგრამ მე მახსოვს, რომ რაფა ცოტა უცნაური იყო, - ამატებს სებასტიანი.
- უცნაური?
- იყო მომენტები, როცა ის, სრულიად მშვიდი ნახევარ დღეს ჩემს ძმებთან ერთად თევზაობაში ატარებდა. ხანდახან კი, არ ვიცი საიდან იღებდა ამდენ ენერგიას, ერთ ადგილას ვერ დასვამდი. მაგალითად, საფეხბურთო მატჩებისას ყოველთვის ნერვიულობდა და გაუთავებლად წმენდდა ფეხსაცმელს. ყველა მეტად იმაზე წუხდა, რომ შეიძლებოდა მეგობრები დაეღალატებინა. უცებ გაიზარდა და გონებადამჯდარი და ჭკვიანი მამაკაცი გახდა. მე ვამაყობ მისით.
- ასევე ისწავლა კორტზე ემოციების გაკონტროლება, - ეთანხმება ტონი. - გასულ წელს, რამდენიმე თვით გამოეთიშა ტურნირებს ტრავმის გამო, მაგრამ სავარძელში მჯდომი, მაინც აგრძელებდა ვარჯიშს.
- დიახ, რაფას მოთმინება თევზაობისა და გოლფის დროსაც ყოფნის. თან არ მივყავარ, რადგან ძალიან მოუთმენელი ვარ, - იცინის სებასტიანი.
- გოლფს ის შენზე კარგად თამაშობს! - როგორც იქნა საუბარში ერთვება "საფეხბურთო" ბიძა მიგელ ანხელი. - ხანდახან რაფიტოს მეც ვეთამაშები და ბოლო დროს, მიგებს კიდეც!
ჩოგბურთში ვარჯიში მოსაწყენი იყო
მანაკორში რაფაელის გამოჩენა არასდროს რჩება შეუმჩნეველი. თუნდაც იმიტომაც, რომ ის ყველაზე ერთი თავით მაღალია. გარდა ამისა, ქალაქის ქუჩებში მისი ყოველი ნაბიჯი გარშემო მყოფთა ხმაურიანი მისალმებით აღინიშნება. თავიდანვე ჩანს - მშობლიურ ქალაქში ჟურნალისტებთან ურთიერთობა ნადალს დიდად არ ხიბლავს , მაგრამ ტონისა და სებასტიანის რეკომენდაციამ მაინც გაჭრა: რაფა მოთმინებით თანხმდება ფოტოგრაფების წინაშე პოზირებას და შემდეგ მცირე ინტერვიუს.- თქვენმა ნათესავებმა თქვეს, რომ ბავშვობაში ჩოგბურთს ფეხბურთს ამჯობინებიდით...
- ეს ბუნებრივია, რადგან ბავშვობაში მეგობრებთან ერთად ფეხბურთს ხშირად ვთამაშობდი. ჩოგბურთში კი, მარტო მიწევდა ვარჯიში და ეს მოსაწყენი იყო.
- მამათქვენმა თქვა, რომ მთავარი ბომბარდირი იყავით.
- დიახ, მაგრამ სხვებისგან მაინც არაფრით ვიყავი გამორჩეული. უბრალო მარცხენა თავდამსხმელი გახლდით.
- და "რეალს" გულშემატკივრობდით, მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ბიძა სხვა კლუბში თამაშობდა...
- "ბარსელონას" წინააღმდეგ არასოდეს წავსულვარ! როცა ბიძაჩემი ამ გუნდი თამაშობდა, ყოველთვის "ბარსას" ვგულშემატკივრობდი. მაგრამ თამაში მადრიდულ კლუბში მინდოდა. მიგელ ანხელს ეს არ მოსწონდა.
- საბოლოოდ, ჩოგბურთი რატომ აირჩიეთ?
- ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ჩოგბურთში მეტი შანსი მექნებოდა და შედეგებიც ამას მოწმობდნენ. ეს სწორი გზა იყო.
- ჩოგბურთელებს შორის მეგობრები თუ გყავთ?
- შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს ყველა ესპანელ ჩოგბურთელთან - განსაკუთრებით კარლოს მოიასთან, ფელისიანო ლოპესთან და დავიდ ფერერთან. აღფრთოვანებას ვერ ვმალავ როჯერ ფედერერით.
- მოია, ალბათ, განსაკუთრებული მეგობარია. ამბობენ, რომ ბაბუა ძალიან გაგიბრაზდათ, როცა ის 2003 წელს ჰამბურგში დაამარცხეთ.
- დიახ. კარლოსიც მალიორკადანაა. ის ჩემი საუკეთესო მეგობარია და დღემდე უბრალო ადამიანად დარჩა. კარლოსი დამეხმარა საჩოგბურთო სამყაროში იოლად გამევლო ადაპტაცია. მაშინ მეც მეწყინა, როცა ის ჩემთან დამარცხდა. მაგრამ რას ვიზამთ, ასეა მოწყობილი სამყარო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"