ტურნირის ფორმატი არ შეცვლილა - მთავარი პრიზისთვის ექვსი ჩოგბურთელი იბრძოდა. ორმა - ნოვაკ ჯოკოვიჩმა და რაფაელ ნადალმა პირდაპირი საგზური მიიღო ნახევარფინალში. სტენ ვავრინკას, ნიკოლას ალმაგროს, ენდი მარეისა და ფელისიანო ლოპესს კი მეოთხედფინალების თამაში მოუწიათ. თუ ვავრინკამ დამაჯერებლად დაამარცხა ალმაგრო (6:3, 6:2), მარეის გაუჭირდა ლოპესის ბარიერის გავლა. სამივე სეტი დაძაბულ ბრძოლაში
ნადალი დაბრუნდა
თუ პირველ მატჩში ენდიმ საბრძოლო ხასიათი გამოავლინა, მეორეში მან ძალიან მაღალი დონის ჩოგბურთი აჩვენა. გასაოცარიც კია, რომ სეზონის ასეთ ნაადრევ ეტაპზე, თანაც საჩვენებელ ტურნირში მსგავსი თამაში შემოგვთავაზა. მისი მატჩი რაფაელ ნადალთან ტურნირის მშვენება გამოდგა. ესპანელი პირველ ნომრად მოქმედებას ცდილობდა, ბევრს უტევდა, მაგრამ მარეი კარგად იცავდა თავს და უნარიანად გადადიოდა კონტრშეტევაზე. დაცვაში ბრიტანელი თითქმის არ ცდებოდა და ნადალს ძალიან უჭირდა ქულების აღება - ესპანელს ჯერ აშკარად არ ჰყოფნის აგრესია.საბოლოოდ, რაფამ 2:6, 0:6 წააგო, მაგრამ ამ მარცხისგან ტრაგედიის შექმნა არ ღირს. ანგარიში არ ასახავს ჩოგბურთელებს შორის ძალთა რეალურ თანაფარდობას. ნადალი კარგად თამაშობდა (რა თქმა უნდა, იმის გათვალისწინებით, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველად გავიდა კორტზე). საკმარისია აღინიშნოს, რომ მატჩში 12 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი ვერ გამოიყენა.
"გარკვეულ წვრილმანებზე სამუშაო მაქვს. 6:2, 6:0 - მეტისმეტია. ბევრი შანსი მქონდა იმისთვის, რომ ასეთი ანგარიში არ დაფიქსირებულიყო. ცხადია, უნდა მოვუმატო და ამას გავაკეთებ. მარცხის გამო განაწყენებული არ ვარ. ბევრ გათამაშებაში ვდომინირებდი და უბრალოდ, სატურნირო პრაქტიკა არ მეყო. გავაგრძელებ ბევრ მუშაობას, რათა ეს პრაქტიკა დავიბრუნო", - განაცხადა მატჩის შემდეგ ნადალმა.
მეორე ნახევარფინალშიც გამანადგურებელი ანგარიში დაფიქსირდა - 6:2, 6:1, თანაც ეს ციფრები სრულიად სამართლიანი იყო. ტურნირის სამგზის ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩი ერთი თავით მაღლა იდგა სტენ ვავრინკაზე.
არშემდგარი ფინალი
როგორც აღმოჩნდა, ჯოკოვიჩმა აბუ დაბიში მხოლოდ ერთი მატჩი ჩაატარა. მესამე ადგილისთვის შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ სერბი კორტზე ვერ გავიდოდა, რისი მიზეზიც ავადმყოფობა იყო. ასე რომ, მარეი უბრძოლველად გახდა აბუ დაბის ტურნირის ორგზის გამარჯვებული. სამწუხაროა, რომ ფინალი არ შედგა, რადგან ნახევარფინალში ორივე ჩოგბურთელმა შესანიშნავი თამაში აჩვენა და გადამწყვეტი შეხვედრა შეიძლებოდა ნამდვილი სპექტაკლი გამოსულიყო.სამაგიეროდ, მაყურებელმა სიამოვნება მიიღო მესამე ადგილისთვის მატჩით. ნადალმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მოუმატა ნახევარფინალთან შედარებით, თუმცა ვავრინკაც უკეთ მოქმედებდა. პირველი პარტია 50 წუთი გრძელდებოდა და ესპანელმა ტაი-ბრეიკზე მიაღწია მიზანს. მეორე სეტში რაფა გაცილებით ძლიერი იყო და 6:3 მოიგო.
1/4 ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 4)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 5) 7:6(1), 5:7, 6:4; სტენ ვავრინკა (შვეიც, 3)-ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 6) 6:3, 6:2.
1/2 ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 4)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2) 6:2, 6:0; ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 3) 6:1, 6:2.
მე-5 ადგილისთვის
ნიკოლას ალმაგრო (ესპ, 6)-ფელისიანო ლოპესი (ესპ, 5) 6:4, 7:6(6).
მე-3 ადგილისთვის
რაფაელ ნადალი (ესპ, 2)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 3) 7:6(1), 6:3.
ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 4)-ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1) უარი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"