დაბრუნება ძალიან წარუმატებელი გამოვიდა. ნადალმა ორი ბრეიკის წყალობით იოლად მოიგო პირველი სეტი გერმანელ მიხაელ ბერერთან მატჩში - 6:1, თუმცა მომდევნო ორ სეტში ესპანელმა ვეღარ აიღო მეტოქის მოწოდება, ბერერმა კი თითო ბრეიკი გააკეთა და საათსა და 56 წუთში კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამარჯვება მოიპოვა - 1:6, 6:3, 6:4.
ნადალი დოჰას ტურნირის მოქმედი ჩემპიონია. აქ მერვედ თამაშობდა და პირველად ვერ შეძლო მეოთხედფინალამდე მისვლა. "ასეთი რამ ხდება, როცა დიდი ხანი ვერ თამაშობ ტურნირებზე და საშეჯიბრო რიტმიდან ვარდები. ოდნავ ვნერვიულობდი, რადგან ძალიან მინდოდა მოგება. გავაგრძელებ დაძაბულ მუშაობას, რათა სწრაფად დავუბრუნდე ჩემს დონეს. კვლავაც მოტივირებული ვარ და გამარჯვებები მწყურია", - განაცხადა ნადალმა მატჩის შემდეგ.
სხვა ფავორიტებს დოჰაში ყველაფერი წესრიგში აქვთ. ზედიზედ ორი მატჩი მოიგო ერთნაირი ანგარიშით სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა. მსოფლიოს პირველმა ნომერმა 6:2, 6:1 დაამარცხა ჯერ თანამემამულე დუშან ლაიოვიჩი, შემდეგ უკრაინელი სერგეი სტახოვსკი. ასევე გავიდნენ მეოთხედფინალში დავიდ ფერერი და ტომაშ ბერდიხი.
ცონგა ავსტრალიაში არ იქნება
გუშინ გაირკვა, რომ ფრანგი ჩოგბურთელი ჟო-ვილფრიდ ცონგა მონაწილეობას ვერ მიიღებს "დიდი სლემის" პირველ ტურნირში. ის ავსტრალიის ღია პირველობას მაჯის ტრავმის გამო გამოტოვებს.
"სამწუხაროდ, უნდა გაცნობოთ, რომ ვერ შევძლებ მელბურნში თამაშს. დღემდე პრობლემები მაქვს მაჯასთან დაკავშირებით. ჯერჯერობით ასი პროცენტით მზად არ ვარ სათამაშოდ. სრული აღდგენისთვის კიდევ სამი კვირა დამჭირდება", - განაცხადა 29 წლის ფრანგმა.
შეგახსენებთ, რომ უფრო ადრე ავსტრალიის ღიაზე თამაში იუარა აშშ-ის ღია პირველობის ჩემპიონმა, ხორვატმა მარინ ჩილიჩმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"