ავსტრალიის ღია პირველობა: რაფაელ ნადალი დამაჯერებელი გახდა

AutoSharing Option
გუშინ, ავსტრალიის ღიაზე მერვედფინალური ეტაპი დაიწყო და რვა მატჩმა უსენსაციოდ ჩაიარა.

ამერიკელ ტიმ შმიჩეკთან ხუთსეტიანი მატჩის შემდეგ რაფაელ ნადალმა აშკარად მოუმატა თამაშს და ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგო სამ სეტში. გუშინ, ესპანელმა სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან მატჩში სეზონში საუკეთესო თამაში აჩვენა, თუმცა პირველ სეტში ძალიან ახლოს იყო წაგებასთან.

5:5-ზე ანდერსონს ხუთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა, ნადალმა კი თავისი პირველი ბრეიკ-პოინტი (ორმაგი) მე-12 გეიმში მიიღო. ეს უკვე სეტბოლი იყო და რაფამ მეორე ცდაზე აიღო პარტია. როგორც აღმოჩნდა, მატჩის ბედი სწორედ აქ
გადაწყდა.

მეორე პარტიაში ესპანელმა მხოლოდ ოთხი ქულა დათმო საკუთარ მოწოდებაზე და ერთი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის, მესამეში კი თავიდანვე შეასრულა ბრეიკი და ეს უპირატესობა ბოლომდე შეინარჩუნა. ნადალს მეოთხედფინალში გასასვლელად ორი საათიც არ დასჭირვებია. რაფა "დიდი სლემის" ტურნირებზე ამ ეტაპზე 28-ედ გავიდა.

რაფას მეოთხედფინალში სერიოზული ტესტი ექნება ჩასაბარებელი. მისი მეტოქე ბრწყინვალე ფორმაში მყოფი ჩეხი ტომაშ ბერდიხია, რომელმაც ოთხი მატჩი ისე ჩაატარა, რომ არც ერთი სეტი არ წააგო. გუშინ მან დაახლოებით ორი საათი მოანდომა ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩის დამარცხებას - 6:2, 7:6(3), 6:2. ჩეხის მთავარი იარაღი მოწოდება იყო - მან 17 ეისი შეასრულა და პირველ მოწოდებაზე ქულების 85 პროცენტი აიღო.

ბერდიხი ზედიზედ მეხუთედ ითამაშებს ავსტრალიაში მეოთხედფინალურ ეტაპზე. საუკეთესო შედეგი მას შარშან ჰქონდა, როცა ნახევარფინალში წააგო მომავალ ჩემპიონ სტენ ვავრინკასთან.

ნადალისა და ბერდიხის დაპირისპირებაში ესპანელს უდიდესი უპირატესობა აქვს: ესპანელი 18:3-ს იგებს, თან 2006 წლიდან მოყოლებული, რაფამ დღემდე ზედიზედ 17 მატჩი მოიგო.
* * *
საღამოს სესიაში მაყურებელმა უფრო დაძაბული მეოთხედფინალები იხილა. 2005 წლის შემდეგ პირველად გაიხარა ადგილობრივმა პუბლიკამ. 10 წლის წინ, ავსტრალიის ღია მეოთხედფინალში ლეიტონ ჰიუიტმა ითამაშა და ახლა, ეს შედეგი გაიმეორა თინეიჯერმა ნიკ კირგიოსმა, ოღონდ ამისთვის სამსაათიანი და 34-წუთიანი მარათონის გადატანა მოუწია როჯერ ფედერერის მძლეველ ანდრეას სეპისთან. მასპინძელს ერთი მატჩბოლის მოგერიებაც მოუწია იმისთვის, რომ 0:2-დან ხუთ სეტში მოეგო - 5:7, 4:6, 6:3, 7:6(5), 8:6.

პირველ ორ პარტიაში კირგიოსს ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა. მან მეტოქის მოწოდების აღება მეშვიდე ცდაზე მესამე სეტში შეძლო და პარტია 6:3 მოიგო. დაძაბულობამ კულმინაციას მეოთხე სეტში მიაღწია, როცა 5:6-ზე საკუთარ გეიმში ნიკმა მეტოქეს მატჩბოლის შანსი მისცა, მაგრამ გადარჩა, შემდეგ კი ტაი-ბრეიკზე 7:5 მოიგო.

მეხუთე სეტი კირგიოსმა კარგად დაიწყო და 4:1 დაწინაურდა, მაგრამ სეპიმ შეძლო ანგარიშის გათანაბრება - 4:4 და მეცხრე გეიმში ბრეიკ-პოინტიც მოიპოვა. ავსტრალიელმა ეს საფრთხე მოიგერია და სეტი გაგრძელდა. მასპინძელმა მე-14 გეიმში გააკეთა გადამწყვეტი ბრეიკი და მე-14 თინეიჯერი გახდა ისტორიაში, ვინც "დიდი სლემის" ტურნირის მეოთხედფინალში გააღწია.
ადგილობრივი დროით შუაღამეს გაირკვა კირგიოსის მეტოქე. ზედიზედ მეექვსედ გავიდა ავსტრალიის ღიას მეოთხედფინალში ბრიტანელი ენდი მარეი, რომელმაც ოთხ სეტში დაამარცხა ბულგარელი გრიგორ დიმიტროვი - 6:4, 6:7(5), 6:3, 7:5.

დიმიტროვმა სწრაფი სტარტი აიღო და 3:0 დაწინაურდა, მაგრამ შემდეგ დიდი ხნით ინიციატივა მარეიმ მოიპოვა. მომდევნო შვიდი გეიმიდან მან ექვსი მოიგო, მეორეში კი ბრეიკით დაწინაურდა და 6:5-ზე სეტზე აწვდიდა. მაგრამ ბრიტანელმა საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა და პარტია ტაი-ბრეიკზე წააგო.

თანაბარ მესამე სეტში მარეიმ მერვე გეიმში იყოჩაღა. მართალია, გრიგორ დიმიტროვს თითქოს სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ ბრიტანელმა მესამე ცდიდან აიღო მეტოქის მოწოდება და სეტებში ისევ დაწინაურდა.

თავიდან მეოთხე სეტი ისე წარიმართა, რომ მეხუთე სეტი გარდაუვალი ჩანდა. დიმიტროვი ისევ 3:0 დაწინაურდა, შემდეგ 5:2-ს იგებდა და ამ უპირატესობის გაფლანგვა მოახერხა. მარიემ ზედიზედ ხუთი გეიმი აიღო და ყველაფერი დიმიტროვის ჩოგნის დამსხვრევითა და სამ საათსა და 32 წუთში ბრიტანელის მეოთხედფინალში გასვლით დასრულდა.

მარეის კირგიოსთან ერთადერთი მატჩი აქვს ჩატარებული - შარშან ტორონტოს "მასტერსზე" ბრიტანელმა მხოლოდ ოთხი გეიმი დაუთმო ავსტრალიელს. ისიც უნდა გავიხსენოთ, რომ ენდის კარიერაში ავსტრალიელ მოთამაშეებთან ათიდან ათი მატჩი აქვს მოგებული.

* * *
ქალების გუშინდელ მერვედფინალებზე ბევრი სალაპარაკო არაფერია. ერთადერთი, ვისაც მატჩის მოსაგებად სამი სეტის ჩატარება დასჭირდა, კანადელი ეჟენი ბუშარი იყო. არადა, შეეძლო ყველაფერი ორ სეტში დაესრულებინა, რადგან 40 წუთში 6:1, 3:0 მიჰყავდა ანგარიში რუმინელ ირინა-კამელია ბეგუსთან. მაგრამ ამ უკანასკნელმა ზედიზედ ხუთი გეიმი მოიგო და შეძლო მატჩის მესამე სეტში გადაყვანა, თუმცა იქ 2:6 განადგურდა.

ბუშარი მეოთხედფინალში მარია შარაპოვას შეხვდება, რომელთანაც შარშან როლან გაროსის ნახევარფინალი დათმო და სულ სამიდან სამი მატჩი აქვს წაგებული. რუსი მეორე წრეში პანოვასთან ორი მატჩბოლის მოგერიების შემდეგ, ძალიან დამაჯერებლად გამოიყურება - ბოლო ორი მატჩში დიასთან და პენგთან შარაპოვამ ჯამში ხუთი გეიმი წააგო.

მეორე მეოთხედფინალური წყვილი დააკომპლექტეს სიმონა ჰალეპმა და ეკატერინა მაკაროვამ. რუმინელმა 23 "ვინერსის" დახმარებით 79 წუთში გაანადგურა ბელგიელი იანინა ვიკმაიერი - 6:4, 6:2.

მაკაროვამ კი კიდევ უფრო იოლად დაამარცხა გერმანელი იულია გორგესი - 6:3, 6:2. რუსს მეტოქემ კარგი დახმარება გაუწია - გორგესმა ცხრა საკუთარი გეიმიდან ექვსი წააგო და ეს იყო რუსის მოგების მთავარი ფაქტორი. მაკაროვა "დიდი სლემის" ბოლო 13 ტურნირში მეექვსედ გავიდა მეოთხედფინალში, მაგრამ ამაზე შორს არასოდეს წასულა. ჰალეპთან მას ერთადერთხელ აქვს ნათამაშები - ორი წლის ნიუ ჰევენში რუმინელმა გაიმარჯვა.

კაცები
1/8 ფინალი
ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 7)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა) 6:2, 7:6(3), 6:2; რაფაელ ნადალი (ესპ, 3)-კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 14) 7:5, 6:1, 6:4; ენდი მარეი (ბრიტ, 6)-გრიგორ დიმიტროვი (ბულ, 10) 6:4, 6:7(5), 6:3, 7:5; ნიკ კირგიოსი (ავსტრა)-ანდრეას სეპი (იტა) 5:7, 4:6, 6:3, 7:6(5), 8:6.

ქალები
1/8 ფინალი
ეკატერინა მაკაროვა (რუს, 10)-იულია გორგესი (გერ) 6:3, 6:2; სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-იანინა ვიკმაიერი (ბელ) 6:4, 6:2; ეჟენი ბუშარი (კან, 7)-ირინა-კამელია ბეგუ (რუმ) 6:1, 5:7, 6:2; მარია შარაპოვა (რუს, 2)-შუაი პენგი (ჩინ, 21) 6:3, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული