რეიტინგები: პეტრა კვიტოვა მარია შარაპოვას ემუქრება

AutoSharing Option
გასულ კვირას, WTA-სა და ATP-ის ტურში ერთბაშად ხუთი ტურნირი გაიმართა, თუმცა ლიდერებს შორის სერიოზული ცვლილებები არ მომხდარა. მთავარი მოვლენა იყო პეტრა კვიტოვას დაბრუნება მესამე ადგილზე.

უფრო მეტიც - ჩეხს აქვს ძალიან კარგი შანსი გამოწვევა ესროლოს მარია შარაპოვას, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ წარმატებით გამოვა სეზონის პირველ ნახევარში, კერძოდ უიმბლდონამდე.

ამ ტურნირის ორგზის ჩემპიონისთვის ქულების მარაგის ძირითადი ნაწილი საყვარელ ბალახის მეიჯორზე მოდის. გასული წლის დასაწყისში პეტრა წარუმატებლად თამაშობდა და არსებობდა ტოპ-ათეულიდან გავარდნის შანსი. ასე რომ, ახლა კვიტოვას აქვს შესანიშნავი შესაძლებლობა დაიმატოს ქულების
დიდი რაოდენობა.

იმავე სიმონა ჰალეპთან შედარებით, ჩეხს დაცვის კომფორტული გრაფიკი აქვს. როლან გაროსის ჩათვლით, კვიტოვას 855 ქულის დაცვა სჭირდება. მაგალითად, შარაპოვას ამ მონაკვეთში 4000 ქულაზე მეტი აქვს დასაცავი. ამ მომენტისთვის რუსსა და ჩეხს შორის სხვაობა 2000 ქულას შეადგენს. ასე რომ, მეორე ნომრის სტატუსი კვიტოვასთვის გრუნტის სეზონის დროს სავსებით შესაძლებელია.

ლიდერობა ქალთა შორის კი ყველა ჩოგბურთელმა უნდა დაივიწყოს. სერენა უილიამსს ისედაც დიდი უპირატესობა ჰქონდა კონკურენტებზე, ახლა კი ინდიან უელსში ითამაშებს, სადაც აუცილებლად დაამატებს ქულებს თავის ისედაც სოლიდურ მარაგს. გამოდის, რომ ქალთა ჩოგბურთში არ უნდა გავიხსენოთ ლიდერობა უიმბლდონამდე, სადაც შეიძლება სასწაული მოახდინოს შარაპოვამ.

საერთო ჯამში, კვიტოვამ და შარაპოვამ უნდა გაიმარჯვონ ორ მეიჯორზე, რათა რეალურად გამოაცხადონ პრეტენზია პირველ ადგილზე. სხვა მხრივ, მათ მწვერვალზე ასვლის შანსი თითქმის არ აქვთ.

ათეულისთვის ბრძოლა
ანდრეა პეტკოვიჩმა მოიგო პრესტიჟული ტურნირი ანტვერპენში და TOP10-ში ჩაანაცვლა თავისი თანამემამულე ანჟელიკ კერბერი. ანდრეასთვის მე-10 ადგილი - არ არის საუკეთესო შედეგი კარიერაში. 2011 წლის ოქტომბერში ის ერთი პოზიციით მაღლა იდგა. ახლა, პეტკოვიჩს მეათე ადგილისთვის ბრძოლაში ბევრი კონკურენტი არ ჰყავს.

ამ მხრივ გამორჩეულია მხოლოდ ვინუს უილიამსი. ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ უფროსი უილიამსი კიდევ შეძლებდა ტოპ-ათეულში დაბრუნებას. ახლა კი ასეთი სცენარი სავსებით შესაძლებელია. ვინუსმა დაახლოებით 400 ქულა უნდა ამოუქაჩოს პეტკოვიჩს. ამისთვის აუცილებელია კარგ დონეზე გამოსვლა გრუნტის ტურნირებზე, რადგან შარშან ნელ საფარზე უფროსმა უილიამსმა აშკარად ჩააგდო გამოსვლა. საინტერესოა, რომ ბოლოს ვინუს უილიამსი TOP10-ში 2011 წლის მარტში იყო.

ვავრინკა მეშვიდეა
მამაკაცებს შორის ლიდერებში მხოლოდ ერთი ცვლილება იყო. სტენ ვავრინკამ ტომაშ ბერდიხი დაამარცხა როტერდამის ფინალში და წაართვა მას მეშვიდე ადგილი. შვეიცარიელი ჯერჯერობით ბრწყინვალე სეზონს ატარებს. თუ მარტო ამ სეზონის შედეგებს შევხედავთ, ის მხოლოდ ნოვაკ ჯოკოვიჩს ჩამორჩება. მიუხედავად ამისა, როლან გაროსამდე TOP5-ში დაბრუნება ძალიან რთული იქნება. შვეიცარიელს წინ აქვს ტიტულის დაცვა მონტე კარლოში, სამაგიეროდ, ქულების დიდი რაოდენობის მოპოვება შეუძლია როლან გაროსზე, რადგან შარშან აქ პირველივე წრეში წააგო.

ამ კვირას
მთავარი ტურნირი ქალებს შორის იმართება - დუბაიში ბრძოლა მიმდინარეობს 900 ქულისთვის. ყველაზე მეტი საფრთხე სიმონა ჰალეპს ემუქრება. რუმინელმა ტიტული უნდა დაიცვას. მამაკაცებს შორის კი ყურადღების ცენტრია რიო-დე-ჟანეირო. რაფაელ ნადალი მორიგ ლაშქრობას იწყებს გრუნტის სეზონში. ბრაზილიაში 500 ქულა თამაშდება. სხვათა შორის, თუ ესპანელი ადრეულ ეტაპზე დამარცხდება, ის რეიტინგში მესამე ადგილს ენდი მარეის დაუთმობს. რაფამ გუშინ პირველი მატჩი 6:4, 6:1 მოუგო ბრაზილიელ ტომაშ ბელუჩის.

ATP. TOP10
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 045
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 205
3(3). რაფაელ ნადალი (ესპ) 5 745
4(4). ენდი მარეი (ბრიტ) 5 460
5(5). კეი ნიშიკორი (იაპ) 5 205
6(6). მილოშ რაონიჩი (კან) 4 980
7(8). სტენ ვავრინკა (შვეიც) 4 550
8(7). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 4 460
9(9). დავიდ ფერერი (ესპ) 3 865
10(10). მარინ ჩილიჩი (ხორ) 3 690

WTA. TOP10
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 777
2(2). მარია შარაპოვა (რუს) 8 210
3(4). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 6 291
4(3). სიმონა ჰალეპი (რუმ) 5 672
5(5). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 4 565
6(6). ანა ივანოვიჩი (სერ) 4 425
7(7). ეჟენი ბუშარი (კან) 4 365
8(8). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 3 975
9(9). ეკატერინა მაკაროვა (რუს) 3 285
10(12). ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 3 150

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული