ინდიან უელსი: დაბრუნება 14 წლის შემდეგ

AutoSharing Option
ინდიან უელსის ტურნირი (BNP Paribas Open) ერთ-ერთია იმ ორი საჩოგბურთო შეჯიბრებიდან, რომელიც თითქმის უთანაბრდება "დიდი სლემის" ჩემპიონატების დონეს. მთავარი განსხვავება ის არის, რომ აქ პირველ წრეში არ თამაშობენ განთესილი ჩოგბურთელები. მათი რიცხვი 32-ს უდრის.

2015 წელს, BNP Paribas Open-ის ქალთა ტურნირზე მართლაც ეპოქალური მოვლენა მოხდება - 14-წლიანი პაუზის შემდეგ სერენა უილიამსმა გამოთქვა ინდიან უელსში თამაშის სურვილი. ეს პაუზა გამოწვეული იყო ოჯახური ბოიკოტით. ამერიკელი სათავეში უდგას განთესილთა სიას, ხოლო მისი პირველი მეტოქე რუმინელი მონიკა ნიკულესკუსა და სერბ ალექსანდრა კრუნიჩის მატჩში გაირკვევა.

ამერიკელის ოთხეულში რუსი ჩოგბურთელები ჭარბობენ - სვეტლანა კუზნეცოვა, ეკატერინა მაკაროვა და ელენა ვესნინა. ასევე ყურადღებას იმსახურებენ ჩეხი ლუსი საფაროვა, უკრაინელი ელენა სვიტოლინა, ყაზახი ზარინა დიასი და გერმანელი ანდრეა პეტკოვიჩი, რომლებსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლიათ.

ბადის ამ ოთხეულიდან სავარაუდო მეოთხედფინალია: სერენა უილიამსი-ეკატერინა მაკაროვა.

* * *
მეორე ოთხეულში გამოვყოფთ მეოთხედფინალის ორ მთავარ ფავორიტს - რუმინელ სიმონა ჰალეპსა და პოლონელ აგნიეშკა რადვანსკას. ჰალეპი ტურნირს დაიწყებს ესპანელ სილვია სოლერ-ესპინოსასა და კვალიფიკაციიდან ძირითად ბადეში მოხვედრილ ჩოგბურთელს შორის გამარჯვებულთან მატჩით. აგნიეშკა რადვანსკა კი ან ხორვატ მირიანა ლუჩიჩს, ან ამერიკელ ელისონ რისკეს შეხვდება.

თუმცა ჰალეპის გზა მეოთხედფინალამდე უფრო რთული ჩანს, რადგან მესამე წრეში მისი სავარაუდო მეტოქეა ამერიკელი ვარვარა ლეპჩენკო, მეოთხეში - ესპანელი გარბინ მუგურუსა ან ჩეხი კაროლინა პლიშკოვა.

აგნიეშკას მთავარ კონკურენტებად მოჩანს: რუსი ანასტასია პავლიუჩენკოვა, გერმანელი იულია გორგესი, ჩეხი ბარბორა ზახვალოვა და ესპანელი კარლა სუარეს ნავარო.

* * *
ბადის მეორე ნახევრის ზედა ოთხეულში საინტერესო იქნება კანადელი ეჟენი ბუშარისთვის თვალის მიდევნება. მან წელს მხოლოდ ორ ტურნირში მიიღო მონაწილეობა: ავსტრალიის ღიაზე მეოთხედფინალი წააგო მარია შარაპოვასთან, ანტვერპენში კი მონა ბარტელთან დამარცხდა. ინდიან უელსში ბუშარი პირველ მატჩს ჩაატარებს ან სლოვაკ იანა ჩეპელოვასთან, ან რომელიმე კვალიფიკაციაგამოვლილ ჩოგბურთელთან.

ამ ოთხეულის მთავარი ვარსკვლავია დანიელი კაროლინ ვოზნიაცკი. მასაც უწევს პირველი წრის გამოტოვება, მეორე რაუნდში კი მისი სავარაუდო მეტოქე ესტონელი კაია კანეპი უნდა იყო.

ბუშარსა და ვოზნიაცკის მეოთხედფინალში გასვლაში შეუძლიათ ხელი შეუშალონ: სერბ ელენა იანკოვიჩს, სლოვაკ დანიელა ჰანტუხოვას, ფრანგ ალიზ კორნეს, გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩსა და ამერიკელ მედისონ კისს.

* * *
ბოლო მეოთხედში ყველაზე ძლიერი შემადგენლობაა შეკრებილი. აქ არის მსოფლიოს მეორე ჩოგანი მარია შარაპოვა, რომლის პირველი მეტოქე იტალიელი კარინ კნაპისა და ბელგიელი იანინა ვიკმაიერის შეხვედრაში გაირკვევა. მესამე რაუნდში კი შეიძლება შედგეს მარიასა და ბელორუსი ვიქტორია აზარენკას დამაინტრიგებელი დაპირისპირება.

მეოთხედფინალში შარაპოვას კიდევ ერთ პოტენციურ მეტოქედ მოჩანს მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, სერბი ანა ივანოვიჩი. მისთვის ხელის შეშლას ეცდებიან ფრანგი კაროლინ გარსია და იტალიელი სარა ერანი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული