ინდიან უელსი: მარია უფრო ძლიერი იყო

AutoSharing Option
უფრო საინტერესო დღე იყო ქალთა ტურნირზე, თუნდაც იმიტომ, რომ აქ შედგა მარია შარაპოვასა და ვიქტორია აზარენკას დაპირისპირება. მსოფლიოს ორი ყოფილი პირველი ჩოგანის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში ბელორუსის სასარგებლოდ იყო - 7:6.

პირველ პარტიაში შარაპოვა ბრეიკით ჩამორჩა, მაგრამ მაინც მოიგო სეტი - 6:4. მეორეში კი რუსმა 5:1 წაიყვანა ანგარიში და თითქოს ყველაფერი დამთავრებული ჩანდა. მაგრამ აზარენკამ ჯერ ბრეიკით შეამცირა სხვაობა, მომდევნო გეიმში კი ოთხი მატჩბოლი მოიგერია. 3:5-ზე მან მეხუთე მატჩბოლი არ გამოაყენებინა მეტოქეს, მაგრამ მეექვსე ცდაზე შარაპოვამ შეძლო ჯიუტი ბელორუსის წინააღმდეგობის დაძლევა -
6:4, 6:3.

მერვედფინალში მარია მოქმედ ჩემპიონს, ფლავია პენეტას შეხვდება, რომელთანაც ურთიერთშეხვედრებში ფრე აქვს - 2:2. სხვათა შორის, ოთხივე შეხვედრაში გამარჯვებული სამ სეტში გამოვლინდა.

გუშინ მოულოდნელი შედეგებიც ვნახეთ. ქალთა ტურის ამომავალმა ვარსკვლავმა ბელინდა ბენჩიჩმა კაროლინ ვოზნიაცკის მოუგო - 6:4, 6:4. შვეიცარიელმა ორივე სეტის გადამწყვეტ მომენტში შეძლო ბრეიკის შესრულება და კარიერაში პირველად დაამარცხა რეიტინგის TOP5-ის წევრი.

შემდეგ წრეში ბენჩიჩი სერბ ელენა იანკოვიჩს შეხვდება. ამ უკანასკნელმა კიდევ ერთ ამომავალ ვარსკვლავს, მედისონ კისს მოუგო - 5:7, 6:4, 6:3. ამერიკელს რამდენიმე კარგი შანსი ჰქონდა, მაგრამ მეორე სეტში ბრეიკი ვერ შეინარჩუნა, მესამე პარტია კი 3:1-დან წააგო.

დეჟავიუ ჰქონდათ ახალგაზრდა ფრანგ კაროლინ გარსიასა და სერბ ანა ივანოვიჩს. ეს ჩოგბურთელები ცხრა დღის წინ მონტერეიში შეხვდნენ ერთმანეთს და გარსიამ ორ სეტში მოიგო. გუშინ ფრანგს ასევე ორ პარტიაში გამარჯვების კარგი შანსი ჰქონდა - პირველ სეტში გადაუარა მეტოქეს (6:2), მეორეში კი 5:4-ზე მატჩზე ჩაწოდების უფლება მიიღო.

მაგრამ ივანოვიჩი სწორედ ამ მომენტში გამოცოცხლდა და მომდევნო ექვსი გეიმიდან ხუთი მოიგო. ამან მეორე სეტში 7:5 მოგება და მესამეში 2:1 დაწინაურება მოუტანა. გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე გეიმი, რომელშიც ანამ 3:1-ის ხუთი შანსი დაკარგა. გარსიამ ყველა საფრთხე მოიგერია და ზედიზედ ხუთი გეიმის აღებით 6:2, 5:7, 6:2 მოიგო. ფრანგის შემდეგი მეტოქე გერმანელი საბინ ლისიცკი იქნება.

ქალები
1/16-ფინალი

მარია შარაპოვა (რუს, 2)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 32) 6:4, 6:3; ფლავია პენეტა (იტა, 15)-სამანტა სტოსური (ავსტრა, 21) 6:4, 6:2; კაროლინ გარსია (საფ, 25)-ანა ივანოვიჩი (სერ, 5) 6:2, 5:7, 6:2; ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 31)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 4) 6:4, 6:4; ელენა იანკოვიჩი (სერ, 18)-მედისონ კისი (აშშ, 16) 5:7, 6:4, 6:3; ლესია ცურენკო (უკრ)-ალიზ კორნე (საფ, 20) 7:5, 1:6, 6:2; ეჟენი ბუშარი (კან, 6)-კოკო ვანდევეგე (აშშ, 30) 6:3, 6:2; საბინ ლისიცკი (გერ, 24)-სარა ერანი (იტა, 11) 6:4, 6:2.

1/8-ფინალი
ს. უილიამსი (1)-სტივენსი; სვიტოლინა (23)-ბაშჩინსკი (27); ჰალეპი (რუმ, 3)-კარ. პლიშკოვა (14); უოტსონი-სუარეს ნავარო (12); ბუშარი (6)-ცურენკო; იანკოვიჩი (18)-ბენჩიჩი (31); გარსია (25)-ლისიცკი (24); პენეტა (15)-შარაპოვა (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული