ინდიან უელსი: სერენამ წაუგებლად წააგო

AutoSharing Option
ქალების ნახევარფინალური ეტაპი არასრულფასოვანი გამოვიდა. სიმონა ჰალეპის წინააღმდეგ სათამაშოდ არ გავიდა მსოფლიოს პირველი ჩოგანი სერენა უილიამსი. ამერიკელმა ამის მიზეზად მარჯვენა მუხლის ტრავმა დაასახელა.

"ოთხი თვის წინ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ინდიან უელსში ვითამაშებდი. ვერც ვიოცნებებდი თუ ამ ქალაქში კიდევ ერთხელ მოვხვდებოდი და ამას ვერ შევძლებდი მაყურებლების მხარდაჭერის გარეშე. სამწუხაროდ, წელს ჩემი მოგზაურობა იმაზე ადრე დასრულდა, ვიდრე ვისურვებდი, მაგრამ მოუთმენლად ველოდები შემდეგ გათამაშებას", - დაწერა სოციალურ ქსელში სერენამ.

უილიამსმა ისიც დაამატა, რომ ტრავმა სერიოზული არ არის და აპირებს ამ კვირას მაიამის ტურნირში
მონაწილეობას.

ასე რომ, ინდიან უელსის ტურნირზე საკმაოდ უცნაური ფინალი მივიღეთ: სიმონა ჰალეპი-ელენა იანკოვიჩი. ამ უკანასკნელმა ფინალის საგზური საბინ ლისიცკის ძლევით მოიპოვა. პირველ სეტში გერმანელი უკეთ გამოიყურებოდა და აკოტროლებდა მატჩის მსვლელობას.

ლისიცკი მეორე სეტშიც ორჯერ იგებდა ბრეიკით, მაგრამ შემდეგ ჩავარდნა დაეწყო. გერმანელი არასტაბილურად მოქმედებდა და ბევრ შეცდომას უშვებდა, რითაც გამოცდილმა იანკოვიჩმა კარგად ისარგებლა: მან ისე მოიგო სეტი, რომ ჯამში მხოლოდ ოთხი "ვინერსი" შეასრულა. მესამე პარტიაში არაფერი შეცვლილა. იანკოვიჩს კარგად ეჭირა თამაშის სადავეები და მრავალფეროვან დარტყმებს სთავაზობდა მეტოქეს. შედეგი ლოგიკურია - 3:6, 6:3,6:1.

ქალები
1/4 ფინალი
ელენა იანკოვიჩი (სერ, 18)-ლესია ცურენკო (უკრ) 6:1, 4:1; საბინ ლისიცკი (გერ, 24)-ფლავია პენეტა (იტა, 15) 6:4, 6:7(3), 7:6(4).

1/2 ფინალი
სიმონა ჰალეპი (რუმ, 3)-სერენა უილიამსი (აშშ, 1) უარი; ელენა იანკოვიჩი (სერ, 18)-საბინ ლისიცკი (გერ, 24) 3:6, 6:3, 6:1.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული