სეზონის ლოგიკური დასასრული

AutoSharing Option
ამერიკელი სერენა უილიამსი მეოთხედ გახდა წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი. ნახევარფინალსა და ფინალში გარკვეული პრობლემების მიუხედავად, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მაჟორულ ნოტაზე დაასრულა ბრწყინვალე სეზონი.

ჩვენი მიმოხილვა ნახევარფინალური მატჩებით დავიწყოთ. პირველ მატჩში ნა ლი და პეტრა კვიტოვა ხვდებოდნენ ერთმანეთს. ჩოგბურთელები ახლოს არიან რეიტინგში და ურთიერთშეხვედრებშიც ანგარიში თანაბარი იყო - 3:3.

პეტრამ ძალიან აქტიურად დაიწყო მატჩი, ბევრს რისკავდა, თანაც გაუმართლებლად. პირველ სეტში "ვინერსების" რაოდენობა (10:10) ერთნაირი იყო, მაგრამ ჩეხი ბევრს ცდებოდა. მიუხედავად ამისა, პარტია მაინც თანაბარი გამოვიდა. ნა ლიმ გაქცევა შეძლო, მაგრამ კვიტოვამ
ანგარიში გაათანაბრა.

მნიშვნელოვან მომენტში ჩეხმა ორმაგი შეცდომა დაუშვა და ლიმ "დაფარული" სეტბოლი გამოიყენა. მეტოქის ბოლო მოწოდებაზე კვიტოვას ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მნიშვნელოვან მომენტში ჩეხმა მიღებაზე ცუდად ითამაშა.

პეტრამ ვერც მეორე სეტში იპოვა სტაბილური თამაში, კიდევ უფრო მეტი შეცდომა დაუშვა და ყველაფერი იმაზე მალე დასრულდა, ვიდრე მოლოდინი იყო - 6:4, 6:2. ამ მოგებით ნა ლიმ სეზონის მესამე პოზიციაზე დასრულება გაინაღდა. ამ ადგილზე ის კლასიფიკაციაში არასოდეს ყოფილა.

* * *
ელენა იანკოვიჩს კარიერაში ოთხჯერ ჰყავდა დამარცხებული სერენა უილიამსი, რაც თავისთავად დიდი მიღწევაა. ბოლოს სერბმა ამერიკელს 2010 წელს მოუგო, წელს კი ჩარლსტონის ტურნირის ფინალში სეტი აუღო, მაგრამ დანარჩენ ორ პარტიაში მხოლოდ ორი გეიმი მოიგო.

სტამბულის ტურნირის ნახევარფინალში უილიამსი ფავორიტად მიიჩნეოდა, თუმცა შეხვედრის სტარტზე იანკოვიჩს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა. ამან სერენა ოდნავ დააბნია და ის, პირველად ამ ტურნირზე, ბრეიკით ჩამორჩა მეტოქეს. თუმცა ამერიკელმა ძალიან მალე დაალაგა თამაში, გააძლიერა დარტყმები და მოწოდებაც გამოასწორა. შედეგად, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ზედიზედ ოთხი გეიმი აიღო.

პირველი სეტის დროს, გეიმებს შორის შესვენებისას ჩანდა, რომ სერენა ბოლომდე კარგად არ იყო მზად ფიზიკურად. ეს მომენტი სერბმა კარგად გამოიყენა მეორე სეტში, რომელშიც ყველა კომპონენტში აჯობა მრისხანე მეტოქეს. იანკოვიჩმა ძალიან სუფთა თამაში აჩვენა და მხოლოდ ოთხი უნებლიე შეცდომა დაუშვა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ სეტში ამერიკელი ძალიან სუსტად აწვდიდა და ეპიზოდებში ბურთისთვის არ მირბოდა.

მხოლოდ მეორედ ბოლო 16 მატჩში, უილიამსმა მეტოქეს სეტი დაუთმო. მესამე სეტში სერენა საკუთარი თავის გამხნევებას ცდილობდა და, მართალია, ამას შეცდომებიც მოჰყვებოდა, მაგრამ ფავორიტმა მაინც შეძლო ინიციატივის დაბრუნება, თან იანკოვიჩმა ძალიან ბევრი ენერგია შეალია პირველ ორ სეტს.

სერენამ 5:1 წაიყვანა ანგარიში, მაგრამ შემდეგ ისევ დაეწყო პრობლემები. უილიამსმა მატჩბოლიდან დათმო მატჩზე ჩაწოდება და დიდი ბრძოლა მოუწია ყოველ ბურთსა და გეიმზე. სხვაობა მინიმუმამდე შემცირდა. უილიამსმა კიდევ ორი მატჩბოლი ვერ გამოიყენა საკუთარ მოწოდებაზე და ელენამ ბრეიკ-პოინტი მიიღო.

ამ მნიშვნელოვან მომენტში უილიამსმა ეისი ჩააწოდა და მალე მეოთხე ცდიდან თავის სასარგებლოდ დაასრულა ეს ურთულესი მატჩი - 6:4, 2:6, 6:4.

* * *
სერენას ერთი ჩავარდნა ფინალშიც ჰქონდა, ამჯერად პირველ სეტში. ნა ლიმ ბრწყინვალე სტარტი აიღო, 5:1 დაწინაურდა და არ გასჭირვებია პარტიის გამარჯვებამდე მიყვანა. სერენამ ბრეიკის გარეშე ჩაატარა პირველი სეტი, თუმცა ბოლოსკენ აშკარად გამოცოცხლება ეტყობოდა.

მატჩის მშვენება გახდა მეორე სეტის პირველი გეიმი, რომელიც 12 წუთი გაგრძელდა და ცხრაჯერ დაფიქსირდა "თანაბარი". უილიამსმა აიღო თავისი გეიმი, შემდეგ კი ბრეიკიც გააკეთა, მაგრამ ლიმ შორს არ გაუშვა მეტოქე, საპასუხო ბრეიკი გაახერხა და ანგარიში გაათანაბრა - 3:3.

და, როგორც გაირკვა, ბრძოლა ფინალში სწორედ აქ დასრულდა. ამის შემდეგ ამერიკელმა ზედიზედ ცხრა გეიმის აღება შეძლო და ორ საათზე ოდნავ მეტ დროში გაიმარჯვა - 2:6, 6:3, 6:0. სერენასთვის ეს იყო მე-11 ტიტული სეზონში.

1/2-ფინალი

ნა ლი (ჩინ, 4)-პეტრა კვიტოვა (ჩეხ, 5) 6:4, 6:2; სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 7) 6:4, 2:6, 6:4.

ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ნა ლი (ჩინ, 4) 2:6, 6:3, 6:0.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
აგნიეშკა რადვანსკა შინ წავიდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული