მაიამის ტურნირის წინ: ისევ "მასტერსი", ამჯერად ფლორიდაში

AutoSharing Option
ინდიან უელსის "მასტერსის" დასრულებიდან სამი დღის თავზე უძლიერესი ჩოგბურთელები ბრძოლას მაიამიში ანალოგიური კატეგორიის ტურნირზე გააგრძელებენ.

ტურნირის ისტორია 1985 წლიდან იღებს სათავეს, ხოლო მოგებების რაოდენობით რეკორდსმენია ამერიკელი ანდრე აგასი - მან ფლორიდის კორტები კარიერაში ექვსჯერ დაიპყრო.

მოქმედ ჩოგბურთელებს შორის კი ამ მხრივ პირველობა ნოვაკ ჯოკოვიჩს აქვს, რომელსაც მაიამიში ოთხჯერ გაუმარჯვია. სხვათა შორის, ნოვაკმა სწორედ ფლორიდაში მოიგო კარიერაში "მასტერსის" სერიის პირველი ტურნირი. ორ-ორი გამარჯვებაა ბრიტანელი ენდი მარეისა და შვეიცარიელი როჯერ ფედერერის ანგარიშზე. როჯერი წელს ტოვებს მაიამის ტურნირს.

ჯოკოვიჩი წელს მოქმედი ჩემპიონის რანგში
ითამაშებს. სასტარტო შეხვედრაში ის იტალიელ პაოლო ლორენცისა და სლოვაკ მარტინ კლიჟანს შორის გამარჯვებულს შეხვდება. სერბისთვის პირველი სერიოზული მეტოქე უნდა გახდეს ლუქსემბურგელი ჟილ მიულერი, მეოთხე წრეში კი პოტენციური მეტოქეა ესპანელი ტომი რობრედო, თუმცა ამ უკანასკნელს შეიძლება ხელი შეუშალონ ავსტრალიელმა ლეიტონ ჰიუიტმა ან უკრაინელმა ალექსანდრ დოლგოპოლოვმა.

ბადის ამ მეოთხედის ქვედა ნაწილში მეოთხედფინალზე პრეტენზიას განაცხადებს ესპანელი დავიდ ფერერი. ის სტარტს აიღებს ჩეხ ირჟი ვესელთან ან არგენტინელ ფედერიკო დელბონისთან მატჩით. მეოთხე რაუნდში ფერერი შეიძლება შეხვდეს ხორვატ ივო კარლოვიჩს ან ფრანგ ჟილ სიმონს.

* * *
ბადის მეორე ნახევარში ძლიერი შემადგენლობა შეიკრიბა. ასე რომ, მეოთხედფინალში გასვლაზე მოთამაშეთა დიდი ჯგუფი აცხადებს პრეტენზიას. რეიტინგის მიხედვით, მთავარი პრეტენდენტები არიან იაპონელი კეი ნიშიკორი და კანადელი მილოშ რაონიჩი. აზიელი გამოსვლას დაიწყებს რუს მიხაილ იუჟნისა და ყაზახ ანდრეი გოლუბევს შორის გამარჯვებულთან მატჩით. რაონიჩის პირველი მეტოქე გაირკვევა რუსი თეიმურაზ გაბაშვილისა და ესპანელი პაბლო ანდუხარის შეხვედრაში.

ამავე მეოთხედში ვხედავთ ბულგარელ გრიგორ დიმიტროვს, ამერიკელ ჯონ ისნერსა და ესპანელ რობერტო ბაუტისტა-აგუტს. დიმიტროვი და ისნერი, შესაძლოა, მესამე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს. თუმცა ბულგარელს უკვე პირველ მატჩში ძლიერი მეტოქე ეყოლება: კანადელი ვასეკ პოსპიშილი ან არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო.

* * *
ბადის მესამე მეოთხედში ვხედავთ შვეიცარიელ სტენ ვავრინკასა და ბრიტანელ ენდი მარეის. ვავრინკა მეორე წრეში შეხვდება ავსტრალიელ ტანასი კოკინაკისსა და არგენტინელ კარლოს ბერლოკს შორის გამარჯვებულს. მესამე რაუნდში შვეიცარიელის სავარაუდო მეტოქე უნდა იყოს ფრანგი ადრიან მანარინო, მეოთხეში - ესპანელი ფელისიანო ლოპესი.

რაც შეეხება მარეის, ის გამოსვლას დაიწყებს ტაივანელ იენ-სუნ ლუსა და ამერიკელ დონალდ იანგს შორის გამარჯვებულთან. მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ენდის მთავარი მეტოქე შეიძლება გახდეს სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი - მათი შეხვედრა მერვედფინალურ ეტაპზეა მოსალოდნელი.

* * *
მეოთხე მეოთხედში ძალიან საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი. მთავარი მოქმედი პირები შეიძლება გახდნენ: ესპანელი რაფაელ ნადალი, ჩეხი ტომაშ ბერდიხი, ავსტრალიელი ბერნარდ ტომიჩი, ფრანგები - გაელ მონფილსი და ჟო-ვილფრიდ ცონგა, აგრეთვე, ლატვიელი ერნესტ გულბისი.

ეჭვს იწვევს რაფაელ ნადალის სათამაშო ფორმა, რომელსაც გარკვეული პრობლემები აქვს ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, მაგრამ ესპანელმა მაინც გადაწყვიტა ტურნირზე გამოსვლა. რაფაელის პირველი მეტოქე უკრაინელი სერგეი სტახოვსკისა და ესპანელი ნიკოლას ალმაგროს მატჩში გაირკვევა. მესამე წრეში ნადალის პოტენციური მეტოქეა კიდევ ერთი ესპანელი ფერნანდო ვერდასკო, მერვედფინალში კი რაფაელი შეიძლება შეხვდეს გულბისს ან ესპანელ გილერმო გასია-ლოპესს.

ტომაშ ბერდიხი მაიამიში სტარტს იღებს ესპანელ მარსელ გრანოლერსს ან სამხრეთკორეელ ჰიონ ჩონს შორის გამარჯვებულთან შეხვედრით. ტომიჩს ჩეხი ჩოგბურთელი მესამე წრეში უნდა შეხვდეს, მეოთხეში კი - მონფილსს ან ცონგას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული