თუ ინდიან უელსში ესპანელმა მეოთხედფინალამდე მისვლა შეძლო, მაიამიში მისთვის 1/16-ფინალი აღმოჩნდა გადაულახავი ბარიერი. რაფამ წააგო თანამემამულე ფერნანდო ვერდასკოსთან, რომლისთვისაც ზედიზედ 13 შეხვედრა ჰქონდა მოგებული.
მსოფლიოს მესამე ჩოგანი მხოლოდ მეორე სეტში ჰგავდა საკუთარ თავს, დანარჩენ შემთხვევებში კი ძალიან ნერვიულობდა და ბევრი შანსი მისცა მეტოქეს, რაც სამ სეტში წაგებად დაუჯდა - 4:6, 6:2, 3:6.
* * *
ასევე გავარდნის პირას იყო ჩეხი ტომაშ ბერდიხი, რომელიც აღმავლობის გზაზე მყოფ ბერნარდ
ბერდიხის მომდევნო მეტოქე გაელ მონფილსი იქნება, რომელმაც ფრანგულ დერბიში ჟო-ვილფრიდ ცონგა დაამარცხა - 6:4, 7:6(4). აღსანიშნავია, რომ ცონგას უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მონფილსმა ხუთიდან ოთხი ასეთი საფრთხე მოიგერია, თავად კი სამი შანსიდან ორჯერ აიღო მეტოქის მოწოდება. ჟო წელს პირველ ტურნირს თამაშობდა და უთამაშებლობის მიუხედავად, ცუდად არ გამოიყურებოდა. მაგალითად, მეორე სეტში 6:5-ზე მიღებაზე ორი სეტბოლი ვერ გამოიყენა.
* * *
ერთი მოგება სჭირდება ენდი მარეის პროფესიულ ტურში 500 გამარჯვების შესაგროვებლად. 499-ე მოგება ბრიტანელმა საკმაოდ იოლად მოიპოვა: ორ სეტში დაამარცხა კოლუმბიელი სანტიაგო ხირალდო - 6:3, 6:4. ენდის ანგარიშზე 5 ეისი, 19 "ვინერსი" და ხუთიდან სამი გამოყენებული ბრეიკ-პოინტი მოდის.
მარეი 2015 წელს საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება: ითამაშა ავსტრალიის ღიას ფინალში, დევისის თასზე ბრიტანეთის ნაკრები მეოთხედფინალში გაიყვანა, ინდიან უელსში ნახევარფინალამდე მიაღწია, სულ კი მიმდინარე სეზონში 18 მოგება და 4 წაგება აქვს.
ენდი კარიერაში მე-500 გამარჯვების მოპოვებას მერვედფინალში კევინ ანდერსონთან მატჩში ეცდება. ამ უკანასკნელმა 6:4, 6:4 მოუგო ლეონარდო მაიერს. სამხრეთაფრიკელმა პირველი მოწოდებით ქულების 83 პროცენტი აიღო და სამიდან სამი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა.
* * *
ნადალის გავარდნის გარდა, კიდევ ერთი სენსაცია იყო სტენ ვავრინკას მარცხი ფრანგ ადრიან მანარინოსთან - 6:7(4), 6:7(5). თუმცა შვეიცარიელმა შეგვაჩვია წარუმატებლობებს - ეს მისი მესამე წაგება იყო ბოლო ხუთ მატჩში.
26 წლის მანარინო კი კარიერაში საუკეთესო სეზონს ატარებს. მან ზედიზედ მეორე "მასტერსზე" მიაღწია მერვედფინალამდე. გარდა ამისა, წელს ოკლენდის ტურნირის ფინალში ითამაშა. შედეგად, ფრანგმა კარიერაში პირველად შეაღწია ATP-ის რეიტინგის ტოპ-ოცდაათეულში, არადა, სულ რაღაც რვა თვის წინ ასეულის მიღმა იმყოფებოდა.
ვავრინკასთან მატჩამდე მანარინოს 12-დან 12 მატჩი ჰქონდა წაგებული ტოპ-ათეულის წევრებთან. პირველ სეტში ფრანგმა ვერ შეინარჩუნა ბრეიკით მოპოვებული უპირატესობა, მაგრამ ტაი-ბრეიკზე 7:4 მოიგო, მეორე პარტიაში კი თავად იყო ჩამორჩენილი, მაგრამ უმნიშვნელოვანესი ბრეიკი მაშინ გააკეთა, როცა ვავრინკა 5:4-ზე სეტზე აწვდიდა. შემოკლებული გეიმი კი ფრანგმა ისევ მოიგო - 7:5.
მეოთხედფინალში გასასვლელად მანარინო ავსტრიელ დომინიკ ტიმს შეხვდება, რომელმაც 84 წუთში 6:4, 6:3 მოუგო ამერიკელ ჯეკ სოკს.
1/16-ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 3)-სანტიაგო ხირალდო (კოლ, 27) 6:3, 6:4; ხუან მონაკო (არგ)-გილერმო გარსია ლოპესი (ესპ, 23) 7:5, 6:4; ფერნანდო ვერდასკო (ესპ, 29)-რაფაელ ნადალი (ესპ, 2) 6:4, 2:6, 6:3; ტომაშ ბერდიხი (ჩეხ, 8)-ბერნარდ ტომიჩი (ავსტრა, 25) 6:7(4), 7:6(3), 6:1; გაელ მონფილსი (საფ, 17)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 11) 6:4, 7:6(4); ადრიან მანარინო (საფ, 28)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 7) 7:6(4), 7:6(5); კევინ ანდერსონი (ს. აფრ, 15)-ლეონარდო მაიერი (არგ, 24) 6:4, 6:4; დომინიკ ტიმი (ავსტრია)-ჯეკ სოკი (აშშ) 6:4, 6:3.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"