სერბი ჩოგბურთელი არ მალავს, რომ ამ სეზონში მისი მთავარი მიზანი როლან გაროსის მოგებაა. ეს ის ტურნირია, რომლის მთავარი პრიზი არ მოიპოვება ნოვაკის კოლექციაში. ასე რომ, ამ ნახევარფინალში გამარჯვება ფსიქოლოგიურად უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი ჯოკოვიჩისთვის.
ნოლემ ცუდი სტარტი აიღო და ბრეიკით ჩამორჩა - 0:2. მაგრამ სერბი მალე შევიდა რითმში - მომდევნო შვიდ გეიმში ექვსი აიღო და
* * *
მეორე ფინალისტი გახდა ტომაშ ბერდიხი, რომელმაც შეაჩერა მონტე კარლოში ფრანგი გაელ მონფილსის ბრწყინვალე სვლა. შეგახსენებთ, რომ ფრანგმა ერთ-ერთ წინა ეტაპზე როჯერ ფედერერი გამოთიშა ბრძოლას, მაგრამ ჩეხის წინააღმდეგ დიდი შანსი არ ჰქონია.
ბერდიხმა პირველ სეტში 2:1-ზე შეასრულა ბრეიკი და 3:1 დაწინაურდა. ჩეხმა ზედიზედ შვიდი ქულის აღება შეძლო და ეს სერია მეშვიდე გეიმში შეწყდა. ტომაშმა პირველი პარტია იოლად - 6:1 აიღო, მეორეში კი ჯერ ბრეიკით ჩამორჩა, მაგრამ ამის შემდეგ გააგრძელა დომინირება და საბოლოოდ, 67 წუთში მოამთავრა საქმე - 6:1, 6:4. სხვათა შორის ბერდიხი 2012 წლის მაისის შემდეგ პირველად გავიდა "მასტერსის" სერიის ტურნირის ფინალში.
* * *
გადამწყვეტი მატჩი, რომელიც წვიმის გამო ერთი საათით შეწყდა, სამსეტიანი აღმოჩნდა. ჯოკოვიჩი ისევ ცუდად შევიდა თამაშში. ბერდიხმა პირველ 10 გათამაშებაში რვა ქულა აიღო და ბრეიკით დაწინაურდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა პირველად მიღებაზე ბრძოლა მეშვიდე გეიმში გააჩაღა და კარგი ბექჰენდით გამოიყენა ბრეიკ-პოინტი. შემდეგ კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და 5:3-ზე სეტზე ჩასაწოდებლად გაემზადა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა. საქმე ტაი-ბრეიკამდე მიდიოდა, როცა 6:5-ზე ნოვაკმა ბრეიკის მესამე შანსი მიიღო და ისევ არ გაუშვა ხელიდან - 7:5.
მეორე სეტში ბერდიხი 3:2-ს იგებდა და სწორედ ამ დროს მატჩი ხანგრძლივი დროით შეწყდა. პაუზამ უფრო კარგად ჩეხზე იმოქმედა, რომლემაც 4:3-ზე ბრეიკი შეასრულა და ამჯერად მოახერხა უპირატესობის შენარჩუნება. თითქოს მესამე სეტში დაძაბული ბრძოლა იყო მოსალოდნელი, მაგრამ ტომაშმა, მოულოდნელად, ძალიან ბევრი შეცდომის დაშვება დაიწყო, რამაც შედეგად ის მოიტანა, რომ ჯოკოვიჩმა ორმაგი ბრეიკით წაიყვანა ანგარიში - 4:0. აქ უკვე ინტრიგა მატჩში აღარ არსებობდა და სერბმა 2 საათსა და 43 წუთში გაიფორმა ტიტული - 7:5, 4:6, 6:3.
ეს იყო ამ სეზონში მესამე "მასტერსი" და ჯოკოვიჩის მესამე გამარჯვება, თან ამ სერიის ტურნირებზე ნოვაკმა 23-ედ მოიგო და გაუთანაბრდა მეორე ადგილზე მყოფ როჯერ ფედერერს. ამ დუეტზე წინ მხოლოდ ნადალია 27 ტიტულით.
აღსანიშნავია, რომ ჯოკოვიჩი და ბერდიხი 21-ედ ხვდებოდნენ ერთმანეთს და ანგარიშია 19:2 სერბის სასარგებლოდ. ნოვაკის მოგებათა სერია 17 მატჩამდე ავიდა, ხოლო რეიტინგში მისმა უპირატესობამ ფედერერზე 5 ათას ქულას გადააჭარბა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"