რაფაელ ნადალმა სულ აურია

AutoSharing Option
ამ სეზონში, შესაძლოა, საქმე იქამდეც კი მივიდეს, რომ რაფაელ ნადალს "გრუნტის მეფე" აღარ დაუძახონ. ესპანელი თავის საყვარელ საფარზე ჯერჯერობით ხეირიანს ვერაფერს აჩვენებს. თითქოს მონტე კარლოს "მასტერსზე" ნახევარფინალში გასვლით ესპანელი სწორ გზას ადგა, მაგრამ გუშინ, ბარსელონას ტურნირზე რაფამ მორიგი კრახი განიცადა - ორ სეტში წააგო იტალიელ ფაბიო ფონინისთან.

საინტერესოა, რომ აპენინელს წელს ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავდა ნადალი - ასევე გრუნტისსაფარიან კორტზე რიო-დე-ჟანეიროს ტურნირის ნახევარფინალში და ესპანელმა ამ მარცხის გამო რევანშის აღება ვერ შეძლო.

ფონინი პირველ სეტში უკეთ გამოიყურებოდა და ნადალის ყველა
გეიმში ახერხებდა ბრძოლას. საბოლოოდ, ბრეიკი მან ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში გააკეთა, როცა 5:4 იყო დაწინაურებული და სეტში 6:4 გაიმარჯვა.

მეორე პარტიის პირველ ოთხ გეიმში სამი ბრეიკი დაფიქსირდა და ნადალი წინ გაიჭრა - 3:1. თუმცა ფონინიმ მალე შეძლო თამაშში დაბრუნება და ანგარიშის გათანაბრება. სეტის ბედი ტაი-ბრეიკზე გადაწყდა. რაფაელმა 3:6-ზე სამი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ორი ქულა და მასთან ერთად მატჩი დათმო - 4:6, 6:7(6).

აღსანიშნავია, რომ ნადალს ამ მატჩში 14 ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ სამი შანსი გამოიყენა, ფონინიმ კი ოთხჯერ შეძლო მეტოქის მოწოდების აღება.

* * *
სხვა ფავორიტებმა შეძლეს მეოთხედფინალში გასვლა. იაპონელ კეი ნიშიკორისა და კოლუმბიელ სანტიაგო ხირალდოს შორის შარშანდელი ფინალის რემატჩი შედგა. გასულ წელს აზიელმა 6:2, 6:2 გაიმარჯვა, ამჯერად კი უფრო ნაკლები - სამი გეიმი გაიმეტა მეტოქისთვის -6:2, 6:1. ნიშიკორიმ შვიდიდან ექვსი ბრეიკ-პოინტი მოიგერია და 83 წუთში მოამთავრა საქმე.

დავიდ ფერერმა 6:3, 6:4 დაამარცხა 19 წლის ელიაშ იმერი. ანგარიშის მიხედვით, ესპანელს თითქოს ყველაფერი წესრიგში ჰქონდა, მაგრამ მეორე სეტში 0:4-დან მოუწია პარტის გადარჩენა და ეს ზედიზედ ექვსი გეიმის მოგებით შეძლო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული