მადრიდის მასტერსი: ენდი მარეის პირველი მასტერსი გრუნტზე

AutoSharing Option
იმის გათვალისწინებით, რომ მადრიდის "მასტერსზე" ნოვაკ ჯოკოვიჩი არ თამაშობდა, ხოლო როჯერ ფედერერი ადრეული ეტაპიდან გამოეთიშა ბრძოლას, ფინალის შემადგენლობა სავსებით ლოგიკური იყო:

რაფაელ ნადალი ენდი მარეის წინააღმდეგ. ამ ჩოგბურთელთა ურთიერთდაპირისპირებაში თითქმის ყოველთვის უფრო ძლიერი ესპანელი იყო, ხოლო გრუნტზე მას ექვსიდან ექვსჯერ ჰყავდა დამარცხებული ბრიტანელი.

მაგრამ ყველას ახსოვდა, რომ წელს რაფამ არც ისე დამაჯერებლად დაიწყო გრუნტის სეზონი - წააგო მონტე კარლოს "მასტერსი" და ბარსელონას ტურნირი. ენდიმ კი გასულ ორშაბათს კარიერაში პირველად მოიგო მიუნხენის გრუნტის ტურნირი. ფინალი ფილიპ კოლშრაიბერთან
სამი სეტი გაიწელა და სამი საათი გაგრძელდა.

ორი დღის შემდეგ ეს ჩოგბურთელები მადრიდში პირველივე წრეში შეხვდნენ ერთმანეთს და ისევ მარეიმ მოიგო სამ სეტში, თუმცა ბოლო პარტიაში "მშრალი" ანგარიში დაფიქსირდა. ამის შემდეგ ფინალამდე ენდიმ არც ერთი სეტი არ წააგო, არადა, მეტოქეებს შორის ტოპ-ათეულის წარმომადგენლები ჰყავდა - მილოშ რაონიჩი და კეი ნიშიკორი.

მარეიმ ფინალიც ბრწყინვალედ დაიწყო. ამის მიზეზი თავად ნადალი იყო, რომელიც პირველ გეიმებში ვერაფერს ახერხებდა. ესპანელმა მხოლოდ მეოთხე გეიმიდან იგრძნო ბურთი, მაგრამ ამ დროისთვის უკვე ბრეიკით აგებდა. რაფაელი მაქსიმალურად აქტიურობდა, გააუმჯობესა თამაში მიღებაზე, მაგრამ საპასუხო ბრეიკი ვერ შეასრულა. ენდიმ მშვიდად მოიგერია ბრეიკ-პოინტები და პარტია თავის სასარგებლოდ დაასრულა.

თითქოს მეორე სეტში დიდი ბრძოლა იყო მოსალოდნელი, რადგან ნადალმა ბოლო სამი საკუთარი გეიმი "მშრალი" ანგარიშით მოიგო, მაგრამ მეორე პარტიის სტარტზე ესპანელმა ისევ დაკარგა კონცენტრაცია. პირველი 14 ქულიდან მარეიმ 12 თავის სასარგებლოდ დაასრულა და ორმაგი ბრეიკით წაიყვანა ანგარიში - 3:0. ამის შემდეგ ბრძოლა თითქმის არ ყოფილა. მესამე ბრეიკისთვის ზრუნვა ბრიტანელმა საჭიროდ არ ჩათვალა და საკუთარი მოწოდების შენარჩუნებაზე იყო კონცენტრირებული, რაც კარგად გამოუვიდა. მატჩის ბოლოს ნადალი ორჯერ უხეშად შეცდა მიღებისას და ბადესთან გაემართა მეტოქისთვის მისალოცად.

მარეიმ კარიერაში 33 ტიტული აიღო. "მასტერსის" სერიაზე მეათედ გაიმარჯვა, ხოლო წელს გრუნტზე ცხრიდან ცხრა მოგება აქვს.

მადრიდი (ესპანეთი)
ფინალი
ენდი მარეი (ბრიტ, 2)-რაფაელ ნადალი (ესპ, 3) 6:3, 6:2.

* * *
ენდი გახდა მეოთხე ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც ნადალი გრუნტის ტურნირების ფინალში დაამარცხა. მანამდე ეს შეძლეს ნოვაკ ჯოკოვიჩმა, როჯერ ფედერერმა და ორასიო სებალიოსმა, რომელმაც სენსაციურად სძლია ესპანელს 2013 წელს ვინია დელ მარში.

ნადალისთვის ეს წაგება ნიშნავს სერიოზულ ვარდნას რეიტინგში - მეოთხედან მეშვიდე პოზიციამდე. ასე დაბალ საფეხურზე კლასიფიკაციაში რაფაელი 10 წელია არ ყოფილა. ესპანელს გაუსწრებენ კეი ნიშიკორი, მილოშ რაონიჩი და ტომაშ ბერდიხი. თუ ნადალი ვერ მოახერხებს ამ კვირას რომის "მასტერსის" მოგებას, მაშინ ესპანელს ვერ ვიხილავთ როლან გაროსზე განთესილთა ტოპ-ოთხეულში. და იმის გათვალისწინებით, რომ იტალიის დედაქალაქში ჯოკოვიჩსაც ვნახავთ საქმეში, ნადალი ნამდვილად არ არის ამ "მასტერსის" ფავორიტი.

ATP
რეიტინგი

1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 845
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 8 645
3(3). ენდი მარეი (ბრიტ) 7 130
4(6). მილოშ რაონიჩი (კან) 5 160
5(7). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 5 140
6(5). კეი ნიშიკორი (იაპ) 5 040
7(4). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 990
8(8). დავიდ ფერერი (ესპ) 4 310
9(9). სტენ ვავრინკა (შვეიც) 3 575
10(10). მარინ ჩილიჩი (ხორ) 3 360
11(11). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 3 075
12(13). ჟილ სიმონი (საფ) 2 255
13(12). ფელისიანო ლოპესი (ესპ) 2 245
14(14). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 090
15(15). გაელ მონფილსი (საფ) 2 065
16(17). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 1 925
17(18). ჯონ ისნერი (აშშ) 1 855
18(19). ტომი რობრედო (ესპ) 1 755
19(16). რ. ბაუტისტა აგუტი (ესპ) 1 715
20(21). დავიდ გოფენი (ბელ) 1 705

WTA
რეიტინგი

1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 10 156
2(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) 7 115
3(3). მარია შარაპოვა (რუს) 6 915
4(4). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 6 670
5(5). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 4 940
6(6). ეჟენი ბუშარი (კან) 4 063
7(7). ანა ივანოვიჩი (სერ) 3 905
8(8). ეკატერინა მაკაროვა (რუს) 3 465
9(10). ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 3 315
10(12). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 250
11(11). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 230
12(13). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 3 085
13(9). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 3 075
14(14). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 2 990
15(15). სარა ერანი (იტა) 2 665
16(16). ვინუს უილიამსი (აშშ) 2 601
17(17). მედისონ კისი (აშშ) 2 325
18(29). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 2 177
19(21). ელინა სვიტოლინა (უკრ) 2 095
20(18). ელენა იანკოვიჩი (სერ) 2 075

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული