რომის მასტერსი: ჯოკოვიჩი სეტებს აგებს

AutoSharing Option
გუშინ, რომის "მასტერსის" სერიის ტურნირზე მერვედფინალური მატჩების დღე იყო.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მერვედფინალში თამაშზე უარი განაცხადა ბრიტანელმა ენდი მარეიმ, რის მიზეზად დაღლილობა გამოაცხადა.

"თითქმის სამი კვირა პაუზის გარეშე ვითამაშე გრუნტზე. ამიტომაც არ მინდა რისკის ქვეშ დავაყენო ჩემი ჯანმრთელობა. დღევანდელ ვარჯიშზე მივხვდი, რომ ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა საშუალებას არ მომცემდა, მაქსიმალური დატვირთვით მეთამაშა", - განაცხადა მარეიმ. შესაბამისად, ბელგიელი დავიდ გოფენი უბრძოლველად გავიდა მეოთხედფინალში.

პირველები კი კორტზე რაფაელ ნადალი და ჯონ ისნერი გავიდნენ. ეს ჩოგბურთელები მეექვსედ ხვდებოდნენ ერთმანეთს პროფესიულ ტურში. წინა ხუთივე
შეხვედრა ესპანელს ჰქონდა მოგებული, მათ შორის, ბოლო სამი კვირის წინ, მონტე კარლოს "მასტერსზე". ის შეხვედრა ნადალმა სამ სეტში მოიგო და მესამე პარტიაში შეწყვიტა ისნერის უნიკალური სერია - ამერიკელს ზედიზედ 84 საკუთარი გეიმი ჰქონდა მოგებული.

ამჯერად, რაფამ ორჯერ აიღო ისნერის მოწოდება. პირველ სეტში მეხუთე გეიმში გააკეთა ეს, მეორეში კი - მეცხრეში, სულ კი ნადალს ექვსი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა. საერთოდ, ესპანელმა შთამბეჭდავი სტატისტიკა დააფიქსირა - პირველი მოწოდებით ქულების 90 პროცენტი აიღო და მხოლოდ სამი უნებლიე შეცდომა დაუშვა.

მეოთხედფინალში ნადალს შვეიცარიელ სტენ ვავრინკასთან ელის შეხვედრა.

* * *
მეორე შვეიცარიელმა, როჯერ ფედერერმა უკვე აჩვენა უკეთესი შედეგი, ვიდრე წინა კვირას მადრიდის "მასტერსზე" ჰქონდა, სადაც პირველივე მატჩში წააგო ავსტრალიელ ნიკ კირგიოსთან. რომში ლეგენდამ მეორე ბარიერი გაიარა, როცა სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი დაამარცხა - 6:3, 7:5.

როჯერის თამაში იდეალური არ ყოფილა. პირველი სეტი მან ერთადერთი ბრეიკით მოიგო და მეორე პარტიაშიც იოლ მოგებასთან იყო ახლოს - ორმაგი ბრეიკით დაწინაურდა - 5:2. მაგრამ აქ ფედერერის თამაში დროებით მოიშალა და ანდერსონს ორი ბრეიკის შესრულების საშუალება მიეცა. ანგარიში გათანაბრდა და ყველაფერი ტაი-ბრეიკისკენ მიდიოდა, როცა ფედერერმა მე-12 გეიმში მეოთხე ბრეიკი აიღო და ამან მეოთხედფინალში გაიყვანა.

ამ ეტაპზე შვეიცარიელის მეტოქე ჩეხი ტომაშ ბერდიხი იქნება, რომელმაც გუშინ 32-ე მატჩი მოიგო სეზონში, თუმცა ძალიან გაუჭირდა ამის გაკეთება. მან ორსაათნახევრიანი ბრძოლა გადაიტანა ადგილობრივი პუბლიკის მხარდაჭერით გამხნევებული იტალიელი ფაბიო ფონინის წინააღმდეგ - 6:3, 3:6, 7:6(2). ბერდიხი კარგად თამაშობდა გადამწყვეტ მომენტებში, კერძოდ, ფონინის ათი ბრეიკ-პოინტიდან რვა მოიგერია.

ჩეხმა გააგრძელა თავისი ბრწყინვალე სერია - 2015 წელს ის მეცხრე ტურნირს თამაშობს და ყველაში მინიმუმ მეოთხედფინალურ ეტაპამდე გავიდა.

* * *
ბერდიხისა და ფედერერის დაპირისპირების გარდა, მეოთხედფინალში კიდევ ერთი ცენტრალური მატჩი იქნება ნოვაკ ჯოკოვიჩსა და კეი ნიშიკორის შორის. სერბი ჯერჯერობით ისე თამაშობს ამ ტურნირზე, რომ იაპონელს მოგების არცთუ მცირე შანსი აქვს. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა მეორე მატჩი ჩაატარა რომში და მეორედ დათმო სეტი. ორივე შემთხვევაში ნოვაკს ორ საათზე მეტი დასჭირდა ესპანელი ნიკოლას ალმაგროსა და გუშინ, ბრაზილიელი ტომაშ ბელუჩის დასამარცხებლად - 5:7, 6:2, 6:3.

ნოვაკს 12 ბრეიკ-პოინტი დაუგროვდა, მაგრამ მხოლოდ ოთხი გამოიყენა და ორჯერ დათმო საკუთარი გეიმი. სერბმა 19 მატჩამდე აიყვანა თავისი მოგებათა სერია.

რაც შეეხება ნიშიკორის, მას გაცილებით იოლი მატჩი ჰქონდა სერბი ვიქტორ ტროიცკის წინააღმდეგ. კეიმ ენერგიაც დაზოგა (89 წუთში მოიგო) და ნერვებიც - 6:4, 6:3.

რაც შეეხება ჯოკოვიჩისა და ტროიცკის ურთიერთშეხვედრათა ანგარიშს, აქ მცირე უპირატესობა სერბს აქვს - 3:2.

1/4-ფინალი
ჯოკოვიჩი (სერ, 1)-ნიშიკორი (იაპ, 5)
გოფენი (ბელ)-ფერერი (ესპ, 7)
ვავრინკა (შვეიც, 8)-ნადალი (ესპ, 4)
ბერდიხი (ჩეხ, 6)-ფედერერი (შვეიც, 2)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული