რაფაელ ნადალი - გრუნტის მეფე კრახის წინაშე

AutoSharing Option
რაფაელ ნადალი ბოლო 10 წლის განმავლობაში პირველად ხვდება როლან გაროსს რეიტინგის TOP4-ის მიღმა, ევროპულ გრუნტზე ტიტულისა და ფავორიტის სტატუსის გარეშე

რაფაელ ნადალის ბოლო შედეგები გრუნტზე გვახსენებს ერთ ძველ ფრაზას: "მეფე მოკვდა. გაუმარჯოს მეფეს!" მართალია, გრუნტზე ესპანელის დომინირების მთავარი ელემენტი ყოველთვის როლან გაროსი იყო, რომელიც ჯერ წინ გვაქვს, მაგრამ პარიზში თავისი პირველი ტრიუმფიდან მოყოლებული, რაფა არასოდეს მისულა საფრანგეთის ღიამდე ტიტულის გარეშე.

ასე რომ, მართალია, გვირგვინი ჯერაც ნადალს ეკუთვნის, მაგრამ მისი დაკარგვის საფრთხე ძალიან მაღალია. რაფაელი აღარ აღიქმება გრუნტზე იმ მანქანად, რომელიც
ყველა მეტოქეს ანადგურებდა და პრაქტიკულად, არ მარცხდებოდა. ეს შეგრძნება ჯერ კიდევ გასულ სეზონში გაჩნდა, როცა ნადალმა კარიერაში პირველად წააგო ამ საფარზე დავიდ ფერერთან, შემდეგ კი ასევე პირველად ვერ მოუგო ნიკოლას ალმაგროს. მაგრამ ამის შემდეგ რაფაელმა ტიტული აიღო მადრიდში, ხოლო რომის ფინალში ბრძოლა გაუმართა ნოვაკ ჯოკოვიჩს.

წელს მსგავსი არაფერი მომხდარა. ერთადერთი, რასაც ესპანელმა მიაღწია, მადრიდის ფინალი იყო, სადაც მოულოდნელად იოლად დათმო შეხვედრა ენდი მარეისთან, რომელსაც მანამდე არც ერთი დიდი ტურნირი არ ჰქონდა მოგებული გრუნტზე. რა თქმა უნდა, ბრიტანელმა კარიერაში საუკეთესო "მასტერსი" ითამაშა ამ საფარზე, მაგრამ ძველ დროში ნადალი ნამდვილად არ მისცემდა მას 6:3, 6:2 მოგების საშუალებას.

რაფაელის სხვა შედეგები გაზაფხულის გრუნტზე ასეთია: წაგება ნოვაკ ჯოკოვიჩთან მონტე კარლოს ნახევარფინალში, ბარსელონაში მესამე წრეში მარცხი ფაბიო ფონინისგან (მანამდე იტალიელმა ესპანელი რიო-დე-ჟანეიროს ნახევარფინალშიც დაამარცხა) და რომის "მასტერსის" მეოთხედფინალში წაგება სტენ ვავრინკასთან. თავად ესპანელი თავს იმით იმშვიდებს, რომ მადრიდსა და რომში კარგ ჩოგბურთს აჩვენებდა (გამონაკლისი მარეისთან ფინალი იყო) და წაგება კარიერის განუყოფელი ნაწილია.

მაგრამ "გრუნტის მეფისთვის" ეს საეჭვო ნუგეშია. ამასთან, ნადალს ესმის, რომ თავისუფლად შეიძლება წააგოს როლან გაროსზე, მაგრამ მარცხი არ გახდება ცხოვრების დასასრული. შეიძლება მართლაც ასეა, მაგრამ პარიზში ცხრა ტიტული რაფაელს ასეთი განწყობით არ მოუპოვებია.

პირველად 2004 წლის შემდეგ, ნადალი ამ სეზონში ვერ მოხვდება როლან გაროსის განთესვის პირველ ოთხეულში. მარეისთან მადრიდში მარცხის შემდეგ ის გამოვარდა TOP5-დან, სადაც მუდმივად იმყოფებოდა ათი წლის განმავლობაში. ის საფრანგეთის ღია პირველობას მეშვიდე პოზიციაზე ხვდება.

წილისყრის შედეგების მიხედვით, მეოთხედფინალში ნადალს მეტოქედ ჯოკოვიჩი, ფედერერი, მარეი ან ბერდიხი ერგება. რა თქმა უნდა, ბოლო ვარიანტი ყველაზე მოსახერხებელია, პირველი - ყველაზე ცუდი. თანაც, ცუდი არა მხოლოდ რაფაელისთვის, არამედ ორგანიზატორებისთვისაც. სწორედ ესპანელისა და სერბის დაპირისპირება იყო როლან გაროსის ბოლო გათამაშებების მთავარი მოვლენა და ნადალის ამჟამინდელი ფორმის მიუხედავად, მაყურებელი ყველაზე მეტად სწორედ მათ შეხვედრას ელოდება. ასეთი მატჩისთვის მეოთხედფინალი ძალიან ადრეული სტადიაა, მაგრამ ყველაფერი წილისყრაზე იქნება დამოკიდებული.

თუმცა ესპანელმა ჯერ უნდა მიაღწიოს უფრო შორეულ რაუნდებამდე. თუ როლან გაროსზე თამაშს არ მოუმატა, სავსებით შესაძლებელია, ჯოკოვიჩამდე მიუსვლელად წააგოს. ბოლო დროს მისი ჩოგბურთი არასტაბილურია. ცალკეული შემოვლითი და მოჭრილი დარტყმები ახლაც გამოსდის, მაგრამ ისე რეგულარულად არა, როგორც ადრე. გაჩნდა შეცდომები უბრალო სიტუაციებში, არაზუსტი დარტყმები.

გარდა ამისა, რაფაელის მოქმედებებში ფსიქოლოგიური არადამაჯერებლობაც ჩანს. ადრე მან იცოდა, რომ დაუმარცხებელი იყო გრუნტზე და იგივე იცოდნენ მისმა მეტოქეებმა. საჩემპიონო ხასიათთან ერთად, ეს ეხმარებოდა ნადალს ყველაზე გამოუვალ სიტუაციებში, როცა ორმაგი ბრეიკებიდან აღწევდა თავს ხიფათს, იგერიებდა სეტზე ჩაწოდებებსა და სეტბოლებს.

ახლა, როცა მდევრის როლში აღმოჩნდა, რაფაელს აღარ შეუძლია "გატეხოს" უმაღლესი დონის მეტოქე გადამწყვეტ მომენტებში თავისი ბრწყინვალე მოქმედებებით. პირიქით, იგივე მარეი მადრიდის ფინალში დამაჯერებლად იგერიებდა ბრეიკ-პოინტებს პირველ სეტში და არ აძლევდა ნადალს ანგარიშის გათანაბრების საშუალებას. რომში კი სტენ ვავრინკამ შეძლო ის, რაც ადრე თავად ესპანელს იშვიათად გამოსდიოდა: პირველი სეტის ტაი-ბრეიკი მოიგო ოთხმაგი სეტბოლის მოგერიებით! შვეიცარიელმა შესანიშნავად ჩაატარა ეს გათამაშებები, მაგრამ მაინც რთული დასაჯერებელია, რომ სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ რაფაელი ვინმესთან წააგებდა ტაი-ბრეიკს 6:2-დან.

სავარაუდოდ, ხუთსეტიანი ფორმატი ჯერ ისევ აძლევს შანსს რაფაელს, მაგრამ ამაზე დიდი იმედის დამყარება არ შეიძლება. უძლეველობის მითი გაქრა და ნადალის მეტოქეებმა იციან, რომ შეუძლიათ მისი დამარცხება.

და, რა თქმა უნდა, მთავარი მათ შორის არის ნოვაკ ჯოკოვიჩი, რომელიც პირველად ხვდება როლან გაროსს აშკარა ფავორიტის რანგში. სერბმა ამ სეზონში მხოლოდ ორი მატჩი წააგო და ორივე გაზაფხულზე - ივო კარლოვიჩთან დოჰაში და როჯერ ფედერერთან დუბაიში. მართალია, ჯოკოვიჩი "გრუნტის მეფე" ვერასდროს გახდება, მაგრამ "კარიერული სლემის" მოსაპოვებლად როლან გაროსის წელს მოგება ნამდვილად შეუძლია.

შეძლებს თუ არა რაფაელი დაფარული რეზერვების მონახვას, თუ მისი შთამბეჭდავი სერია - როლან გაროსის ზედიზედ ხუთჯერ მოგება შეწყდება? ამას რამდენიმე კვირაში გავიგებთ და ეს არის მოახლოებული საფრანგეთის ღიას მთავარი ინტრიგა.

რეიტინგი
ATP
1(1). ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ) 13 845
2(2). როჯერ ფედერერი (შვეიც) 9 235
3(3). ენდი მარეი (ბრიტ) 7 040
4(5). ტომაშ ბერდიხი (ჩეხ) 5 230
5(6). კეი ნიშიკორი (იაპ) 5 220
6(4). მილოშ რაონიჩი (კან) 4 800
7(7). რაფაელ ნადალი (ესპ) 4 570
8(8). დავიდ ფერერი (ესპ) 4 490
9(9). სტენ ვავრინკა (შვეიც) 3 845
10(10). მარინ ჩილიჩი (ხორ) 3 325

11(11). გრიგორ დიმიტროვი (ბულ) 2 760
12(13). ფელისიანო ლოპესი (ესპ) 2 280
13(12). ჟილ სიმონი (საფ) 2 255
14(15). გაელ მონფილსი (საფ) 2 065
15(14). ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ) 2 045
16(16). კევინ ანდერსონი (ს. აფრ) 1 970
17(17). ჯონ ისნერი (აშშ) 1 935
18(20). დავიდ გოფენი (ბელ) 1 835
19(18). ტომი რობრედო (ესპ) 1 755
20(19). რ. ბაუტისტა აგუტი (ესპ) 1 750

WTA
1(1). სერენა უილიამსი (აშშ) 9 361
2(3). მარია შარაპოვა (რუს) 7 710
3(2). სიმონა ჰალეპი (რუმ) 7 360
4(4). პეტრა კვიტოვა (ჩეხ) 6760
5(5). კაროლინ ვოზნიაცკი (დან) 4 940
6(6). ეჟენი ბუშარი (კან) 4 167
7(7). ანა ივანოვიჩი (სერ) 3 655
8(10). კ. სუარეს ნავარო (ესპ) 3 645
9(8). ეკატერინა მაკაროვა (რუს) 3 510
10(9). ანდრეა პეტკოვიჩი (გერ) 3 315

11(11). ანჟელიკ კერბერი (გერ) 3 230
12(12). კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ) 3 085
13(14). ლუსი საფაროვა (ჩეხ) 2 995
14(13). აგნიეშკა რადვანსკა (პოლ) 2 885
15(16). ვინუს უილიამსი (აშშ) 2 646
16(17). მედისონ კისი (აშშ) 2 325
17(15). სარა ერანი (იტა) 2 140
18(18). სვეტლანა კუზნეცოვა (რუს) 2 118
19(19). ელინა სვიტოლინა (უკრ) 2 095
20(22). საბინ ლისიცკი (გერ) 2 076

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული