როლან გაროსი: ნამდვილი ფინალი ხვალ იქნება

AutoSharing Option
გუშინ, როლან გაროსზე ჩოგბურთელებმა სრულად გაიარეს მერვედფინალური ეტაპი. მამაკაცთა ტურნირზე სერიოზული მოულოდნელობები თითქმის არ ხდება. შესაბამისად, მეოთხედფინალის რვა მონაწილედან შვიდი წარმოადგენს რეიტინგის TOP8-ს. ერთადერთი გამონაკლისია მსოფლიოს მეოთხე ჩოგანი ტომაშ ბერდიხი, რომელმაც ჟო-ვილფრიდ ცონგასთან წააგო...

ნაადრევ ფინალად მონათლული შეხვედრა როლან გაროსზე ოთხშაბათს შედგება: ნოვაკ ჯოკოვიჩი რაფაელ ნადალის წინააღმდეგ. ეჭვი არავის ეპარებოდა ამაში, მაგრამ გუშინ, ჩოგბურთელები ვალდებულნი იყვნენ ბოლო ნაბიჯი გადაედგათ წლის მატჩისკენ.

ჯოკოვიჩმა გაანადგურა რიშარ გასკე - 6:1, 6:2, 6:3. ყველაზე საინტერესო ამ მატჩში პირველი სამი გეიმი იყო, რომელიც 25 წუთი
გაგრძელდა. ჯოკოვიჩმა მეორე გეიმში ორი ბრეიკ-პოინტი მოიგერია, ცოტა ხანში ბრეიკიც აიღო, რის შემდეგაც მშვიდად მოიგო საწყისი პარტია. თამაშის ბოლომდე გასკემ ვერაფერი დაუპირისპირა მსოფლიოს პირველ ჩოგანს, რომელმაც ზედიზედ 26-ე მატჩი მოიგო. სერბის ანგარიშზე 47 "ვინერსი" იყო, აგრეთვე ცხრიდან რვა ბრეიკ-პოინტი მოიგერია.

ნოვაკი საფრანგეთის ღია პირველობაზე ცხრა ცდიდან მერვედ გავიდა მეოთხედფინალში, სულ კი "დიდი სლემის" ტურნირებზე ზედიზედ 24-ედ მოხვდა რვა საუკეთესოს შორის.

რაც შეეხება რაფაელ ნადალს, ის ტურნირის აღმოჩენას ჯეკ სოკს ხვდებოდა, რომელმაც მანამდე გრიგორ დიმიტროვისა და ბორნა ჩორიჩის დამარცხება შეძლო. ამერიკელს არც ამჯერად დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება, თუმცა გვიან გამოფხიზლდა. პირველ ორ პარტიაში ნადალი 3:0 გავიდა წინ და უპრობლემოდ მოიგო ორივე სეტი (მეორე პარტიაში რაფამ საკუთარ გეიმებში მხოლოდ ხუთი ქულა დათმო). მესამეში კი ესპანელი 5:4-ს ბრეიკით იგებდა, მაგრამ, მოულოდნელად, მატჩზე ჩაწოდება ვერ მოახერხა და ამით გაწბილებულმა წააგო სეტი - 5:7.

მეოთხე სეტში ნადალმა 1:1-ზე მეხუთე ცდიდან გამოიყენა ბრეიკ-პოინტი და ისევ ბრეიკით გავიდა წინ, შემდეგ კი 0:40-დან გადაარჩინა საკუთარი გეიმი. მოგვიანებით, ესპანელმა კიდევ ერთი ბრეიკი შეასრულა და 6:2 მოიგო სეტი.

რაფა ვერ იქნებოდა კმაყოფილი ბრეიკ-პოინტების გამოყენებით: 15-დან შვიდი, სოკმა კი ოთხიდან ოთხი ბრეიკ-პოინტი გარდასახა მომგებიან ქულაში.

ნადალმა 70-ე მატჩი მოიგო როლან გაროსზე. მას ხვალ 29 წელი შეუსრულდება და კარიერის ერთ-ერთი მთავარი მატჩი ელოდება. ესპანელს მიჰყავს ანგარიში ჯოკოვიჩთან ურთიერთშეხვედრებში - 23:20, გარდა ამისა, ექვსიდან ექვსჯერ ჰყავს დამარცხებული ჯოკოვიჩი როლან გაროსზე.

* * *
მეოთხედფინალის კიდევ ერთი საინტერესო წყვილია: ენდი მარეი-დავიდ ფერერი. ბრიტანელმა ამ ტურნირზე ისევ ცუდად ჩაატარა მეორე პარტია. ასე მოხდა ერთ-ერთ წინა ეტაპზე ჟოაო სოუზასთან შეხვედრაში და ასე იყო გუშინ ჟერემი შარდის წინააღმდეგ. ფრანგმა მეორე პარტია 6:3 მოიგო, მაგრამ დანარჩენ სამ სეტში შანსი არ ჰქონია.

მარეის ისევ ასპროცენტიანი შედეგი აქვს წელს გრუნტზე - ზედიზედ 14 მოგება. გარდა ამისა, ბრიტანელი ზედიზედ მეჩვიდმეტედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირების მეოთხედფინალში.

დავიდ ფერერმა საათსა და 53 წუთში მოახერხა მეოთხედფინალის საგზურის მოპოვება. მან მხოლოდ შვიდი გეიმი გაიმეტა ხორვატი მარინ ჩილიჩისთვის - 6:2, 6:2, 6:4. ესპანელმა როლან გაროსზე საიუბილეო მე-40 მატჩი მოიგო და მეექვსედ გავიდა აქ მეოთხედფინალში. დავიდი მარეისთან ურთიერთშეხვედრებში 6:9-ს აგებს, მაგრამ ბრიტანელთან გრუნტზე არასოდეს დამარცხებულა.

* * *
გუშინ დაასრულეს კვირიდან გადმოტანილი თამაში როჯერ ფედერერმა და გაელ მონფილსმა. თამაში იმ მომენტიდან გაგრძელდა, როცა სეტებში ანგარიში 1:1 იყო. წინა დღისგან განსხვავებით, მასპინძელმა ვერ შეძლო შვეიცარიელი ლეგენდისთვის დიდი წინააღმდეგობის გაწევა და ფედერერმა 63 წუთში მოიგო მესამე და მეოთხე პარტიები - 6:4, 6:1.

როჯერისთვის ძალების მინიმალური დახარჯვით გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან მას დღეს უწევს მეოთხედფინალი თანამემამულე სტენ ვავრინკასთან. ამ უკანასკნელმა კვირას მოასწრო თავისი მერვედფინალის დასრულება და შესაბამისად, ერთი დღით მეტი დასვენება გამოუვიდა.

ფედერერი თანამემამულეს ურთიერთშეხვედრებში 16:2 იგებს, მაგრამ ვავრინკა შესანიშნავ ფორმაშია და ეს სტატისტიკა, სავარაუდოდ, ბევრს არაფერს ნიშნავს.

კაცები
1/8 ფინალი

ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რიშარ გასკე (საფ, 20) 6:1, 6:2, 6:3; რაფაელ ნადალი (ესპ, 6)-ჯეკ სოკი (აშშ) 6:3, 6:1, 5:7, 6:2; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ჟერემი შარდი (საფ) 6:4, 3:6, 6:3, 6:2; დავიდ ფერერი (ესპ, 7)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 9) 6:2, 6:2, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-გაელ მონფილსი (საფ, 13) 6:3, 4:6, 6:4, 6:1.

1/4 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-რაფაელ ნადალი (ესპ, 6); ენდი მარეი (ბრიტ, 3)-დავიდ ფერერი (ესპ, 7); კეი ნიშიკორი (იაპ, 5)-ჟო-ვილფრიდ ცონგა (საფ, 14); სტენ ვავრინკა (შვეიც, 8)-როჯერ ფედერერი (შვეიც, 2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული