საბინ ლისიცკის 27 ეისი

AutoSharing Option
უიმბლდონის რეპეტიაციად მონათლულ "ქუინზ ქლაბზე" გუშინ მერვედფინალური ეტაპი დაიწყო და მეორე ფავორიტი გამოეთიშა ბრძოლას - რაფაელ ნადალის ბედი გაიზიარა შვეიცარიელმა სტენ ვავრინკამ.

არადა, როლან გაროსის ახალმა ჩემპიონმა ძალიან კარგად დაიწყო ტურნირი - წინა დღეს მან 49 წუთში გაანადგურა ავსტრალიელი ნიკ კირგიოსი, რომელიც სულაც არ გახლავთ ხელწამოსაკრავი მეტოქე. გუშინ ვავრინკა მეოთხედფინალში გასასვლელად პროფესიულ ტურში თავის ერთ-ერთ ყველაზე მოუხერხებელ მეტოქეს ხვდებოდა - სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან ზედიზედ სამი მატჩი ჰქონდა წაგებული.

სტენმა ვერ შეძლო ამ სერიის შეწყვეტა. ორივე ჩოგბურთელი შესანიშნავად მოქმედებდა საკუთარ მოწოდებაზე
- მატჩში არც ერთი ბრეიკი არ დაფიქსირებულა და შესაბამისად, ორივე პარტიის ბედი ტაი-ბრეიკზე გაირკვა. პირველი "ლატარია" ანდერსონმა იოლად მოიგო - 7:4, მეორეში კი ვავრინკამ ხუთი მატჩბოლი მოიგერია, მაგრამ მეექვსეზე არ გაუმართლა და საათსა და 50 წუთში 6:7(4), 6:7(11) წააგო.

ანდერსონმა მატჩში 22 ეისი ჩააწოდა. მეოთხედფინალში ის ესპანელ გილერმო გარსია-ლოპესს შეხვდება და ეცდება ამ სეზონში მეხუთე ტურნირის ნახევარფინალში გასვლას.

გუშინდელი დღის შემდეგ მეორე ნახევარფინალური წყვილი შეადგინეს ფრანგმა ჟილ სიმონმა და კანადელმა მილოშ რაონიჩმა. სიმონმა ორ სეტში მოუგო ტანასი კოკინაკისს, ხოლო რაონიჩს სამი სეტი დასჭირდა რიშარ გასკეს დასამარცხებლად - 6:4, 6:7(5), 6:1. კანადელმა ამ მატჩში 29 ეისი ჩააწოდა.

* * *
ასევე ოთხი მერვედფინალი გაიმართა ჰალეს ტურნირზე. მეორე მატჩი მოიგო გერმანიაში როჯერ ფედერერმა. თუ პირველ წრეში მას სამი სეტი დასჭირდა ფილიპ კოლშრაიბერის დასამარცხებლად, ამჯერად, ორ სეტში გაუსწორდა ლატვიელ ერნესტ გულბისს. საათსა და ხუთ წუთში შვეიცარიელმა თითო სეტში თითო ბრეიკი შეასრულა, არც ერთი საკუთარი გეიმი არ წააგო და ეს საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის - 6:3, 7:5.

მეოთხედფინალში როჯერი გერმანელ ფლორიან მაიერს შეხვდება, რომელსაც ურთიერთშეხვედრებში 5:0-ს უგებს.

ასევე საათი და ხუთი წუთი გაგრძელდა ჩეხი ტომაშ ბერდიხისა და ხორვატი ბორნა ჩორიჩის შეხვედრა. ფედერერის მსგავსად, არც ბერდიხმა დაუთმო მეტოქეს ბრეიკი, თავად კი სამჯერ აიღო მოწინააღმდეგის მოწოდება, 6:3, 6:2 გაიმარჯვა და მეოთხედფინალში კიდევ ერთ ხორვატ ივო კარლოვიჩზე გავიდა.


* * *
ამ კვირას ქალებს ერთი ტურნირი აქვთ ბირმინგემში, სადაც გუშინ საინტერესო ამბები მოხდა.

მაგალითად, დამყარდა სეზონის რეკორდი ერთ მატჩში ეისების რაოდენობით - გერმანელ საბინ ლისიცკის შვეიცარიელ ბელინდა ბენჩიჩთან 6:1, 7:6(4) მოგებულ შეხვედრაში 27(!) ეისი დაუგროვდა.

მეორე მნიშვნელოვანი მომენტი იყო მოქმედი ჩემპიონის, სერბი ანა ივანოვიჩის მარცხი პორტუგალიელ მიშელ ლარშელ დე ბრიტუსთან - 4:6, 6:3, 6:7(6).

ისევ წააგო კანადელმა ეჟენი ბუშარმა. ის დამარცხდა ფრანგ კრისტინა მლადენოვიჩთან - 3:6, 6:4, 0:6. ჩრდილოამერიკელი საერთოდ ამოვარდნილია ფორმიდან - ბოლო შვიდი ტურნირიდან ხუთში პირველი წრიდან ეთიშებოდა ბრძოლას, დანარჩენ ორში კი მხოლოდ ერთი წრე გაიარა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული