უილიამსი კარიერაში
* * *
მომზადების კარგი დონე აჩვენა მარია შარაპოვამ. ის ბრიტანელ იოჰანა კონტას ხვდებოდა, რომელიც ძირითად ბადეში უაილდ-ქარდის მეშვეობით მოხვდა. კონტამ გასულ კვირას გააოცა საჩოგბურთო საზოგადოება, როცა ისტბურნის ტურნირის ნახევარფინალში გავიდა, თან ტოპ-ათეულის წევრი ეკატერინა მაკაროვა დაამარცხა და მხოლოდ მომავალ ჩემპიონ ბელინდა ბენჩიჩთან დამარცხდა.
მაგრამ რეიტინგის 126-ე ნომერს შარაპოვასთან თითქმის შანსი არ ჰქონია. რუსმა 23 "ვინერსი" დააგროვა, მხოლოდ 12 უნებლიე შეცდომა დაუშვა და 6:2, 6:2 გაიმარჯვა.
* * *
კიდევ უფრო დამაჯერებლად გაიარა პირველი წრის ბარიერი ანა ივანოვიჩმა, რომელიც მსოფლიოს 176-ე ნომერს იი-ფან სუს ხვდებოდა. სერბმა მხოლოდ ორი გეიმი გაიმეტა ჩინელისთვის - 6:1, 6:1 და კარიერაში WTA-ის დონეზე მე-400 გამარჯვება მოიპოვა.
არადა, ივანოვიჩის სათამაშო ფორმა კითხვის ნიშნებს ბადებდა, რადგან ორი კვირის წინ, ბირმინგემის ტურნირზე ანა მეორე წრიდან გამოეთიშა ბრძოლას, როცა მიშელ ლარშერ დე ბრიტუსთან დამარცხდა. სერბის მზადყოფნის შემოწმება სუსთან მატჩითაც რთულია. ვნახოთ, რა გამოუვა ანას მეორე წრეში ამერიკელი ბეტანი მატეკის წინააღმდეგ. სხვათა შორის, სერბი ბოლოს უიმბლდონზე რვა წლის წინ იყო ნახევაფინალში, მას მერე კი მერვედფინალზე შორს არ წასულა.
* * *
ახლა კი იმ მოულოდნელობის შესახებ, რომელიც დასაწყისში ვახსენეთ. კერძოდ, უიმბლდონს გამოეთიშა მეცხრე ნომრად განთესილი კარლა სუარეს ნავარო. ესპანელი ბალახზე დიდად არასოდეს ბრწყინავდა, მაგრამ მაინც სენსაციია ნაკლებად ცნობილ ლატვიელთან ელენა ოსტაპენკოსთან წაგება, თანაც გამანადგურებელი ანგარიშით - 2:6, 0:6. მით უმეტეს, რომ სუარეს ნავაროს შესანიშნავი სეზონი აქვს - წელს, ათ ტურნირზე ის მინიმუმ მეოთხედფინალამდე მიდიოდა და ამის წყალობით, კარიერაში პირველად შეაღწია ტოპ-ათეულში.
ისე კი, ცნობისთვის, ოსტაპენკო უიმბლდონის ყოფილი ჩემპიონია იუნიორებს შორის.
მეორე წრეში ლატვიელის მეტოქე WTA-ის ტურის ამომავალი ვარსკვლავი, ფრანგი კრისტინა მლადენოვიჩი იქნება, რომელმაც 6:2, 6:1 გაანადგურა რუმინელი ალექსანდრა დულგერუ.
სხვა მატჩებზე მოკლედ ვთქვათ. უმცროს დას მიბაძა და მეორე წრეში გავიდა ვინუს უილიამსი. მას მხოლოდ 42 წუთი დასჭირდა თანამემამულე მედისონ ბრენგლის გასანადგურებლად - 6:0, 6:0. ვინუსმა 29 "ვინერსით" დაასრულა შეხვედრა.
როლან გაროსის ფინალისტი, ჩეხი ლუსი საფაროვა 3:6, 3:5-ს აგებდა ელისონ რისკესთან, მაგრამ შეძლო მოგება ურთულეს მატჩში - 3:6, 7:5, 6:3.
განთესილთაგან ბრძოლას გამოეთიშნენ ფლავია პენეტა (24-ე ნომერი) და ბარბორა ზახვალოვა (27). იტალიელი ყაზახ ზარინა დიასთან დამარცხდა - 3:6, 6:2, 4:6, ჩეხმა კი ამერიკელ სლოუნ სტივენსთან წააგო - 4:6, 2:6.
ქალები
I წრე
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-მარგარიტა გასპარიანი (რუს) 6:4, 6:1; ტიმეა ბაბოში (უნგ)-პეტრა ჩეტკოვსკა (ჩეხ) 7:6(4), 6:3; დანიელა ჰანტუხოვა (სლოვაკ)-დომინიკა ციბულკოვა (სლოვაკ) 7:5, 6:0; სარა ერანი (იტა, 19)-ფრანჩესკა სკიავონე (იტა) 6:2, 5:7, 6:1; ალექსანდრა კრუნიჩი (სერ)-რობერტა ვინჩი (იტა) 6:2, 6:4; იულია პუტინცევა (ყაზ)-მარინა ერაკოვიჩი (ზელ) 7:6(5), 7:5; ვინუს უილიამსი (აშშ, 16)-მედისონ ბრენგლი (აშშ) 6:0, 6:0; ელენა ოსტაპენკო (ლატ)-კარლა სუარეს ნავარო (ესპ, 9) 6:2, 6:0; კრისტინა მლადენოვიჩი (საფ)-ალექსანდრა დულგერუ (რუმ) 6:2, 6:1; კირსტენ ფლიპკენსი (ბელ)-ანიკა ბეკი (გერ) 0:6, 6:3, 6:4; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 23)-ანეტ კონტავეიტი (ესტ) 6:2, 6:1; ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 30)-ცვეტანა პირონკოვა (ბულ) 3:6, 6:1, 6:3; ანა-ლენა ფრიდსამი (გერ)-ვიტალია დიატჩენკო (რუს) 3:6, 6:3, 7:5; ბეტანი მატეკი (აშშ)-ალისონ ვან უიტვანკი (ბელ) 6:3, 6:2; ანა ივანოვიჩი (სერ, 7)-ილ-ფან სუ (ჩინ) 6:1, 6:1; მარია შარაპოვა (რუს, 4)-იოჰანა კონტა (ბრიტ) 6:2, 6:2; რიჩელ ჰოგენკამპი (ჰოლ)-კიან ვანგი (ჩინ) 6:4, 6:4; ლესია ცურენკო (უკრ)-ნიკოლ გიბსი (აშშ) 6:3, 6:3; ირინა-კამელია ბეგუ (რუმ, 29)-დარია გავრილოვა (რუს) 7:6(6), 6:1; ზარინა დიასი (ყაზ)-ფლავია პენეტა (იტა, 24) 6:3, 2:6, 6:4; ალექსანდრა სასნოვიჩი (ბლრ)-ლინ ჟუ (ჩინ) 4:6, 7:5, 6:1; მარიანა დუკე-მარინო (კოლ)-ნაომი ბროუდი (ბრიტ) 7:6(5), 6:3; ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 14)-შელბი როჯერსი (აშშ) 6:0, 6:0; კაროლინა პლიშკოვა (ჩეხ, 11)-ირინა ფალკონი (აშშ) 6:4, 4:6, 6:1; კოკო ვანდევეგე (აშშ)-ანა შმიედლოვა (სლოვაკ) 6:4, 6:2; ურსულა რადვანსკა (პოლ)-ედინა გალოვიტცი (აშშ) 6:2, 6:1; სამანტა სტოსური (ავსტრა, 22)-დანკა კოვიჩინი (ჩერ) 6:4, 6:4; სლოუნ სტივენსი (აშშ)-ბარბორა სტრიკოვა (ჩეხ, 27) 6:4, 6:2; ლორენ დევისი (აშშ)-პოლონა ჰერცოგი (სლოვენ) 6:4, 7:6(3); სუ-ვეი ჰსიე (ტაივ)-კაია კანეპი (ესტ) 6:1, 6:4; ლუსი საფაროვა (ჩეხ, 6)-ელისონ რისკე (აშშ) 3:6, 7:5, 6:3; ჰიზერ უოტსონი (ბრიტ)-კაროლინ გარსია (საფ, 32) 1:6, 6:3 გადაიდო.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"