უიმბლდონი: ოჯახში სერენა პირველია

AutoSharing Option
ქალების მერვედფინალურ ეტაპზე გამორჩეული იყო მატჩი დებ უილიამსებს შორის. წინა ნომერში ვწერდით იმის შესახებ, რომ მათ მორიგ დაპირისპირებაში რთული იყო ფავორიტის გამოყოფა, რადგან ვინუსი დამაჯერებლად მიიწევდა წინ სატურნირო ბადეში, იმ დროს, როცა სერენამ დიდი გაჭირვებით მოუგო წინა ეტაპზე ჰიზერ უოტსონს. ეს უკანასკნელი მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ნერვიულობას ვერ გაუმკლავდა და დამარცხდა.

თუმცა სერენა ყოველთვის გამოირჩეოდა კონკრეტულ მატჩზე სათანადოდ განწყობის უნარით. სწორედ ეს ჩანდა გუშინდელი მატჩის პირველივე დარტყმებში. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა სტარტზე ზედიზედ რვა ქულა აიღო და ბრეიკით დაწინაურდა.

ვინუსმა შეძლო დაკარგული
მოწოდების დაბრუნება, მაგრამ უმცროსმა უილიამსმა მალე აღადგინა უპირატესობა და მეტი შანსი მეტოქისთვის აღარ მიუცია. მეორე სეტში უფროსმა დამ ორჯერ გადაარჩინა საკუთარი გეიმი ბრეიკ-პოინტებიდან, მაგრამ მოსახდენი მაინც მოხდა - სერენამ სეტში ერთადერთი ბრეიკი აიღო და დამაჯერებლად მიიყვანა მატჩი გამარჯვებამდე - 6:4, 6:3. 67 წუთის განმავლობაში რეიტინგის ლიდერს 36 "ვინერსი" და მხოლოდ 13 უნებლიე შეცდომა ჰქონდა.

მორიგი დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა ვიქტორია აზარენკამ, რომელიც სერენა უილიამსის შემდეგი მეტოქე იქნება. ბელარუსი ახალგაზრდა ბელინდა ბენჩიჩს ხვდებოდა. მან ზედ უიმბლდონის წინ მოიგო კარიერაში პირველი ტიტული, მაგრამ მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანის წინააღმდეგ ბევრი არაფერი გამოსდიოდა. პირველი პარტია ვიქტორიამ ძალიან იოლად მოიგო, მეორეში მცირე ბრძოლა იყო, მაგრამ ბელარუსმა ოდნავ მოუმატა თამაშს და ბელინდა ვეღარ დაეწია - 6:2 6:3. ამ ტურნირის შემდეგ აზარენკა დაბრუნდება ტოპ-ოცეულში.

* * *
მარია შარაპოვას ყაზახ ზარინა დიასთან უწევდა თამაში, რომელსაც წელს, ავსტრალიის ღიაზე მხოლოდ ორი გეიმი დაუთმო. ამჯერად, უფრო რთული მატჩი გამოვიდა. შარაპოვას პირველ სეტში ბევრი ორმაგი შეცდომა დაუგროვდა, თუმცა ინიციატივას მაინც ის ფლობდა. მარიამ პირველ ცდაზე სეტზე ვერ ჩააწოდა, მაგრამ შემდეგ გეიმში მიღებაზე დაასრულა პარტია.

მეორე სეტი კიდევ უფრო რთული გამოვიდა. დიასმა ბრეკით წაიყვანა ანგარიში, შემდეგ მეორედაც შეეძლო მეტოქის მოწოდების აღება. შარაპოვამ დროულად გამოავლინა თავისი საბრძოლო ხასიათი და გადაარჩინა მნიშვნელოვანი გეიმი. ამის შემდეგ რუსმა დაიბრუნა ინიციატივა და მატჩის ბოლოს "ვინერსების" რაოდენობითაც გადააჭარბა უნებლიე შეცდომებს - 6:4, 6:4, შარაპოვას ყოველი რაუნდის შემდეგ სულ უფრო უჭირს მოგება, მაგრამ, ჯერჯერობით, სეტის წაუგებლად მიიწევს წინ.

დღეს, მეოთხედფინალში მარია შეხვდება ამერიკელ კოკო ვანდევეგეს, რომელიც პირველად მოხვდა "დიდი სლემის" მეოთხედფინალში. კოკომ ორი ტაი-ბრეიკით დაამარცხა როლან გაროსის ფინალისტი ლუსი საფაროვა - 7:6(1), 7:6(4). ლუსის წაგება იმას ნიშნავს, რომ შარშანდელი უიმბლდონის არც ერთი მეოთხედფინალისტი წელს ამ სტადიაზე ვერ მოხვდა.

* * *
პირველად თამაშობდა "დიდი სლემის" ტურნირის მერვედფინალში კიდევ ერთი ბელარუსი ოლგა გოვორცოვა. და ის ახლო იყო ტრიუმფალური გამოსვლის გაგრძელებასთან. მან მოუგო პირველი სეტი მედისონ კისს, მეორეში ბრეიკი დაიბრუნა და ორმაგი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა თანაბარი ანგარიშის დროს, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა. ეს გეიმი გადამწყვეტი აღმოჩნდა. ამერიკელმა მოიგო მეორე პარტია. მესამე სეტი გოვორცოვამ ბრეიკით დაიწყო, მაგრამ შემდეგ ზედიზედ ექვსი გეიმი წააგო - 6:3, 4:6, 1:6.

აგნიეშკა რადვანსკამ პეტრა კვიტოვას მძლეველ ელენა იანკოვიჩს მოუგო ორ სეტში - 7:5, 6:4 და მეოთხედფინალში კისს შეხვდება. პოლონელი ამ უიმბლდონის შემდეგ დაბრუნდება ტოპ-ათეულში.

* * *
კიდევ ერთი მეოთხედფინალური წყვილი შეადგინეს გარბინ მუგურუსამ და ტიმეა ბაშჩინსკიმ. გარბინმა ორ სეტში დაამარცხა კაროლინ ვოზნიაცკი - 6:4, 6:4. ესპანელმა ბადესთან კარგი თამაში აჩვენა - 28 გასვლიდან 23 წარმატებული იყო. რაც შეეხება ბაშჩინსკის, მან სასტარტო სეტი სამმაგი ბრეიკით წააგო მონიკა ნიკულესკუსთან, მაგრამ შემდეგ იპოვნა თავისი თამაში და მოუგო რუმინელს.

ქალები
1/8 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ვინუს უილიამსი (აშშ, 16) 6:4, 6:3; ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 23)-ბელინდა ბენჩიჩი (შვეიც, 30) 6:2, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 4)-ზარინა დიასი (ყაზ) 6:4, 6:4; კოკო ვანდევეგე (აშშ)-ლუსი საფაროვა (ჩეხ, 6) 7:6(1), 7:6(4); გარბინ მუგურუსა (ესპ, 20)-კაროლინ ვოზნიაცკი (დან, 5) 6:4, 6:4; ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 15)-მონიკა ნიკულესკუ (რუმ) 1:6, 7:5, 6:2; მედისონ კისი (აშშ, 21)-ოლგა გოვორცოვა (ბლრ) 3:6, 6:4, 6:1; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13)-ელენა იანკოვიჩი (სერ, 28) 7:5, 6:4.

1/4 ფინალი
ს. უილიამსი (1)-აზარენკა (23); შარაპოვა (4)-ვანდევეგე; მუგურუსა (20)-ბაშჩინსკი (15); კისი (21)-ა. რადვანსკა (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული