უიმბლდონი: სერენას შეჩერება შეუძლებელია

AutoSharing Option
გუშინ, უიმბლდონზე ქალების მეოთხედფინალების დღე იყო.

ცენტრალური მატჩი, რა თქმა უნდა, მსოფლიოს პირველი ჩოგანის სერენა უილიამსისა და ვიქტორია აზარენკას რიგით 21-ე დაპირისპირება იყო. მართალია, ამ ჩოგბურთელთა ყოველი შეხვედრა დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს, მაგრამ თითქმის ყოველთვის გამარჯვებული ამერიკელი გამოდის. გამონაკლისი არც გუშინდელი მატჩი ყოფილა, რომლის ბედი სამ სეტში გაირკვა.

აზარენკა ფანტასტიკური განწყობით გავიდა კორტზე. ბელარუსი ძალიან აქტიურად თამაშობდა, სერენა კი აგვიანებდა თამაშში შესვლას. ამერიკელმა პირველი პარტია ბრეიკის გარეშე დაასრულა (ერთადერთი ბრეიკ-პოინტის შანსი ჰქონდა), ვიქტორიამ კი ერთხელ აიღო მეტოქის მოწოდება და 6:3 გაიმარჯვა.

მეორე სეტის სტარტზე ამერიკელი კვლავ შორს იყო ოპტიმალურ თამაშთან. 2:2-ზე აზარენკამ მორიგი ბრეიკ-პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ ვერ შეძლო ამ შანსის გამოყენება და სწორედ ეს აღმოჩნდა გარდამტეხი მომენტი მატჩში. უილიამსმა შეინარჩუნა მოწოდება, რასაც ზედიზედ ექვსი მოგებული გეიმი მიაყოლა და მესამე სეტში 3:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ამერიკელს მხოლოდ ამ უპირატესობის შენარჩუნება სჭირდებოდა, რაც იოლად გააკეთა - ბოლო სეტში სერენას მხოლოდ ერთი ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. ორ საათსა და შვიდ წუთში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა 3:6, 6:2, 6:3 მოიგო და აზარენკასთან ურთიერთშეხვედრებში 18:3 წაიყვანა ანგარიში.

ნახევარფინალში სერენას კიდევ ერთი კლასიკური დასპირისპირება ელოდება რუს მარია შარაპოვასთან. მას ასევე სამი სეტი დასჭირდა მსოფლიოს 47-ე ნომრის, ამერიკელი კოკო ვანდევეგეს დასამარცხებლად, რომელმაც წინა წრეში როლან გაროსის ფინალისტი ლუსი საფაროვა დაამარცხა. არადა, მარიას შეეძლო მარტივად მიეყვანა საქმე მოგებამდე - 6:3, 5:3 იყო დაწინაურებული, მაგრამ მეტოქეს თამაშის ბედის შემოტრიალების საშუალება მისცა. ვანდევეგემ მეორე სეტში ტაი-ბრეიკამდე მიაღწია და იქ 7:3 გაანადგურა შარაპოვა.

მესამე სეტის სტარტზე მარიამ დაიბრუნა ინიციატივა - 3:0 დაწინაურდა და... ისევ აანერვიულა გულშემატკივრები. ვანდევეგემ მინიმუმამდე შეამცირა სხვაობა და ანგარიშის გათანაბრებასთანაც ახლოს იყო, მაგრამ მსოფლიოს მესამე ჩოგანმა მეტის უფლება არ მისცა ახალგაზრდა მეტოქეს და მატჩის ბოლომდე ერთი გეიმიც კი არ გაიმეტა მისთვის - 6:3, 6:7(3), 6:2. თამაში ორი საათი და 45 წუთი გაიწელა. შარაპოვა 2011 წლის შემდეგ პირველად გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში.

* * *
როგორც ჩანს, საბოლოოდ დაძლია კრიზისი აგნიეშკა რადვანსკამ. პოლონელმა, რომელსაც სეზონის პირველი ნახევარში სერიოზული პრობლემები ჰქონდა, ამერიკელი მედისონ კისი დაამარცხა და ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში.

თითქმის თანაბარ თამაშში მეტოქეებმა ორ-ორი ბრეიკი აიღეს. რადვანკამ ძალიან საიმედოდ ითამაშა მესამე სეტში, როცა ერთი ბრეიკ-პოინტის შანსიც არ მისცა მეტოქეს, თავად კი ორი ბრეიკ-პოინტიდან ერთი გამოიყენა და ესეც საკმარისი აღმოჩნდა მოგებისთვის - 7:6(3), 3:6, 6:3.

თუ რადვანსკა უიმბლდონის ნახევარფინალების ხშირი სტუმარია, მისი მომდევნო მეტოქე, ესპანელი გარბინ მუგურუსა პირველად მოხვდა "დიდი სლემზე" ოთხ საუკეთესოს შორის.

მუგურუსამ ყველაზე იოლად მოიპოვა ნახევარფინალის საგზური. მისი მეტოქე სწრაფად პროგრესირებადი შვეიცარიელი ტიმეა ბაშჩინსკი იყო. თამაში თითქმის თანაბარი გამოვიდა. მაგალითად, პირველ სეტში ტიმეას უფრო მეტი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერც ერთი შანსი ვერ გამოიყენა, მუგურუსამ კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი გარდასახა მომგებიან ქულაში. მეორე პარტია ბაშჩინსკიმ ბრეიკით დაიწყო, თუმცა იქვე დათმო საკუთარი მოწოდება. გადამწყვეტი აღმოჩნდა მერვე გეიმი, რომელშიც გარბინმა მესამე ბრეიკი შეასრულა თამაშში, შემდეგ კი მატჩზე წარმატებით ჩააწოდა.

ბოლო ესპანელი, ვინც უიმბლდონზე ნახევარფინალამდე მივიდა, არანჩა სანჩეს-ვიკარიო იყო. მან ეს 1997 წელს შეძლო და ახლა, 18-წლიანი პაუზის შემდეგ, იგივე შედეგი მუგურუსამ გაიმეორა.

ქალები
1/4 ფინალი
სერენა უილიამსი (აშშ, 1)-ვიქტორია აზარენკა (ბლრ, 23) 3:6, 6:2, 6:3; მარია შარაპოვა (რუს, 4)-კოკო ვანდევეგე (აშშ) 6:3, 6:7(3), 6:2; გარბინ მუგურუსა (ესპ, 20)-ტიმეა ბაშჩინსკი (შვეიც, 15) 7:5, 6:3; აგნიეშკა რადვანსკა (პოლ, 13)-მედისონ კისი (აშშ, 21) 7:6(3), 3:6, 6:3.

1/2 ფინალი
ს. უილიამსი (1)-შარაპოვა (4); მუგურუსა (20)-ა. რადვანსკა (13).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული