უიმბლდონი: სამი გასეირნება და ერთი მარათონი

AutoSharing Option
გუშინ, უიმბლდონზე მამაკაცების მეოთხედფინალების დღე იყო. ოთხი მატჩიდან ბრძოლა მხოლოდ ერთში იყო, რეიტინგის სამმა ლიდერმა კი იოლ გამარჯვებას მიაღწია...

ნოვაკ ჯოკოვიჩს საიუბილეო მოგება ჰქონდა - პროფესიულ ტურში 650-ე გამარჯვება გაიფორმა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ტრადიციას არ უღალატა და ისევ მოუგო მარინ ჩილიჩს. სერბს ხორვატთან ურთიერთშეხვედრებში 13:0 მიჰყავს ანგარიში.

ჩილიჩს, პირველ რიგში, მოწოდების იმედი უნდა ჰქონოდა, მაგრამ მისთვის უჩვეულოდ ცოტა - რვა ეისი ჩააწოდა. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტატისტიკური მაჩვენებელია - ხორვატის ნული ბრეიკ-პოინტი. თავად ჯოკოვიჩმა კი თითო სეტში თითო ბრეიკი შეასრულა და
სამი სეტი ერთნაირი ანგარიშით - 6:4 მოიგო.

პირველ სეტში ნოვაკმა თავიდანვე აიღო მეტოქის მოწოდება და 2:1 დაწინაურდა. მეორე პარტიაში მეცხრე გეიმი იყო გადამწყვეტი, მესამეში - მეშვიდე გეიმი. ჯოკოვიჩმა ნახევარფინალის საგზური საათსა და 51 წუთში მოიპოვა.

პროფესიულ ტურში 650-ე გამარჯვების გარდა, სერბმა 50-ე მატჩი მოიგო უიმბლდონზე და 27-ედ გავიდა "დიდი სლემის" ტურნირის ნახევარფინალში. ამ მაჩვენებლით მასზე წინ მხოლოდ როჯერ ფედერერი (38 ნახევარფინალი), ჯიმი კონორსი (31) და ივან ლენდლი (28) არიან.

ნახევარფინალში ჯოკოვიჩს არ მოუწევს როლან გაროსის ფინალში წაგებისთვის რევანშზე ზრუნვა, რადგან საუკეთესო ოთხეულში შესვლა ვერ შეძლო სტენ ვავრინკამ. შვეიცარიელმა სამსაათნახევრიანი მარათონი წააგო ფრანგ რიშარ გასკეთან, რომელიც კარიერაში მეორედ გავიდა უიმბლდონის ნახევარფინალში.

ვავრინკას ამ მატჩში ვერ უშველა 22-მა ეისმა. პირველი სეტის წაგების შემდეგ, შვეიცარიელმა მომდევნო ორ პარტიაში ინიციატივა მოიპოვა და დაწინაურება შეძლო. მეოთხე სეტი ისე მიდიოდა, რომ ტაი-ბრეიკი გარდაუვალი იყო - პირველ ცხრა გეიმში ერთი ბრეიკ-პოინტიც არ დაფიქსირებულა, მაგრამ ვავრინკამ ჩააგდო საკუთარ მოწოდებაზე მეათე გეიმი და მეხუთე სეტი დაინიშნა.

მეხუთე პარტია საათი და 24 წუთი გაგრძელდა, არადა, გასკეს შეეძლო უფრო მარტივად მოგება - 5:3-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ვავრინკამ შეძლო უკუბრეიკის შესრულება. ამის შემდეგ, კარგა ხანი ჩოგბურთელები დამაჯერებლად ინარჩუნებდნენ საკუთარ მოწოდებებს. გასკეს კრიტიკული მომენტი მე-19 გეიმში ჰქონდა, როცა ბრეიკ-პოინტის მოგერიება მოუწია. ფრანგი გადარჩა, მომდევნო გეიმში კი სამმაგი მატჩბოლი მიიღო და მესამე ცდაზე მიაღწია მიზანს - 6:4, 4:6, 3:6, 6:4, 11:9.

* * *
მეორე ნახევარფინალში თანამედროვე ჩოგბურთის ერთ-ერთი კლასიკური დაპირისპირება მივიღეთ: როჯერ ფედერერი ენდი მარეის წინააღმდეგ. გუშინ, ორივემ იოლად მოიგეს თავიანთი შეხვედრები.

ფედერერი ფრანგ ჟილ სიმონს ხვდებოდა. მეტოქეებს შორის ძალთა სხვაობა შეხვედრის სტარტზევე გამოჩნდა, როცა შვეიცარიელი 3:0 დაწინაურდა. როჯერის თამაშზე არ უმოქმედია წვიმის გამო მატჩის ორჯერ შეწყვეტას. მსოფლიოს მეორე ჩოგანს ერთადერთი დასანანი მომენტი ჰქონდა, როცა მეორე პარტიაში, 5:4-ზე სეტზე აწვდიდა და საკუთარი მოწოდება წააგო. მანამდე ფედერერს 116 (!) საკუთარი მოწოდება ჰქონდა აღებული. ეს სერია სამი კვირის წინანდელი ჰალეს ტურნირის პირველი წრიდან იღებდა სათავეს. სხვა მხრივ, შვეიცარიელს იოლი გასეირნება გამოუვიდა - 6:3, 7:5, 6:2. მან საათსა და 35 წუთში რვიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა, სიმონს კი ერთადერთი ბრეიკ-პოინტი სწორედ მეორე სეტის ბოლოს ჰქონდა. როჯერი მეათედ ითამაშებს უიმბლდონის ნახევარფინალში. წინა ცხრა შემთხვევიდან მას ცხრა მოგება აქვს.

ჯოკოვიჩის მსგავსად, ასევე საიუბილეო მოგება ჰქონდა გუშინ ენდი მარეის - მან 150-ე გამარჯვება იზეიმა "დიდი სლემის" ტურნირების მატჩებში. ბრიტანელი ვასეკ პოსპიშილს ხვდებოდა და მას თითქმის არ მისცა შანსი მიღებაზე - კანადელს ერთადერთი ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა. რაც შეეხება მარეის, მან რვიდან სამი ბრეიკ-პოინტის რეალიზება შეძლო - თითო ყოველ სეტში და ორი საათისა და 11 წუთის შემდეგ ნახევარფინალის საგზური მოიპოვა - 6:4, 7:5, 6:4.

ახლა, წინ საინტერესო ნახევარფინალი გველოდება. ფედერერი და მარეი 24-ედ შეხვდებიან ერთმანეთს. ჯერჯერობით, მინიმალური ანგარიშით წინ არის შვეიცარიელი - 12:11.

სხვათა შორის, მამაკაცთა წყვილების ნახევარფინალში გავიდა ენდის ძმა - ჯეიმი მარეი. შესაბამისად, ენდიმ და ჯეიმიმ გაიმეორეს ავსტრალიელი ძმების - ჯონ და ნილ ფრეზერების ანალოგიური მიღწევა (1962 წელი). ჯეიმი მარეი ავსტრალიელ ჯონ პირსთან ერთად თამაშობს წყვილებში. ნახევარფინალში ამ დუეტის მეტოქე ისრაელელი ჯონათან ერლიხისა და გერმანელი ფილიპ პეტცშნერის წყვილი იქნება.

1/4 ფინალი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერ, 1)-მარინ ჩილიჩი (ხორ, 9) 6:4, 6:4, 6:4; რიშარ გასკე (საფ, 21)-სტენ ვავრინკა (შვეიც, 4) 6:4, 4:6, 3:6, 6:4, 11:9; ენდი მარეი (ბრიტ, 3)-ვაშეკ პოსპიშილი (კან) 6:4, 7:5, 6:4; როჯერ ფედერერი (შვეიც, 2)-ჟილ სიმონი (საფ, 12) 6:3, 7:5, 6:2.

1/2 ფინალი
ჯოკოვიჩი (1)-გასკე (21); მარეი (3)-ფედერერი (2).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული